სამხრეთ კავკასიის ამბები

ძერებს, კარდინალებსა და ტროას ცხენებს შორის: მისიონერთა კრიზისი

3 დეკემბერი, 2016 • 32269
ძერებს, კარდინალებსა და ტროას ცხენებს შორის: მისიონერთა კრიზისი

რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ქართველი ჟურნალისტისა და აფხაზი სამხედრო პირის ვრცელ გაბაასებას შევესწარი. ასეთი ,,კამათები“ სოციალურ ქსელებში ბევრი მინახავს. ალბათ, ისეთ ჩვეულებრივ ამბად შეიძლება ჩაითვალოს, ბოლომდე თვალის გადევნების სურვილიც რომ არ გიჩნდება. მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო. ქართველ ოპონენტს პირადად არ ვიცნობ, მისი პოზიცია მისი ნაწერებიდან ვიცი: ვინც ორ მხარეს შორის საუბრის, ურთიერთობების დალაგების, ჰუმანიტარული ურთიერთქმედების მომხრეა, აუცილებლად საქართველოს საზღვრებში აფხაზეთის ,,შემოტყუების“ მომხრეა, ამ მეორე – ილუზიებით მოტყუებულ ადამიანს, რომელსაც ღირსების გრძნობა დაკარგული აქვს და ,,მტერთან’’ ურთიერთობაში ყოველთვის წაგებული დარჩება, აფხაზებისა და ქართველების ერთად ცხოვრების ,,შავი’’ წლები კარგად ახსოვდა და ამ საფუძველზე მხოლოდ ერთ დასკვნას აკეთებდა: ჩვენი ერთად ცხოვრება შეუძლებელია, კეთილგანწყობა შეუძლებელია. ამ პოზიციისათვის ტიპური, კარგად აწყობილი არგუმენტაცია ,,მტრის“ ცნებაზე იგება. საუბარი ასეთი იყო: ტლანქი, ,,მამაკაცური“. მის დასაწყისშივე ქართველ ვიზავის ისეთ შეურაცხყოფას აყენებდა, რომლის გამო ჩვენს ბავშვობაში ჯიბეში ჯაყვაჩაგდებული თბილისელი ბიჭები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებდნენ. დიალოგის დასაწყისშივე ჩაგდებულ ასეთ ,,აქცენტს“ რაღაც მიზიდულობის ძალა აღმოაჩნდა: უხერხულობის გრძნობასთან ერთად, უბრალოდ, მაინტერესებდა, როგორი ბოლო ექნებოდა ამ ,,ულამაზო“ სიტუაციას. საუბარი დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა წლები და საუკუნეები, რომელიც ყოყლოჩინა კავკასიელ მამაკაცს, ალბათ, მძიმე შეურაცხყოფის დასავიწყებლად სჭირდება. კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობა ბრტყელი და სქემატური არ არის, ადამიანური თვალსაზრისითაც ბევრი საინტერესო ასპექტი ერთვება, ამას მაშინაც ვხვდებოდი, მაგრამ როდესაც საუბრის ბოლოს აფხაზმა გენერალმა თანამოსაუბრეს ,,ღირსეული მოწინააღმდეგე“ უწოდა, მგონი, მადლობაც კი გადაუხადა. პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ ქართულ-აფხაზური რეალობის შესწავლის აქტიურ ფაზაში აღმოვჩნდი.

ეს საუბარი სწორედ ამ დღეებში გამახსენდა. 2016 წლის 17 ოქტომბერს აფხაზეთის სახელმწიფო სატელევიზიო მაუწყებლობის შენობასთან პირს ხელში დეტონატორიანი მოწყობილობა აუფეთქდა, რომლითაც, აფხაზეთში გავცრელებული ვარაუდით, ტერაქტის მოწყობას აპირებდა. ,, კავკასიური გარეგნობა არ აქვს“ – დაწერა პირველივე დღეს ერთ-ერთი უწყების თანამშრომელმა და ამით ის ვერსია გააქარვა, რომელიც, ალბათ, აფხაზეთში უფრო კარგი მოსასმენი იქნებოდა. გარდაცვლილი კი როსტოვის მკვიდრი ე.ი. რუსეთის მოქალაქე გამოდგა.

თითქოს ,,სტრატეგიული პარტნიორის“ მაქინაციებით მიღებული ეს ელდა არ ყოფილიყო საკმარისი, რამდენიმე დღეში უკრაინელი ჰაკერების დაჯგუფებამ, კიბერხუნტამ, სურკოვის მისაღების ფოსტა გატეხა და უკრაინის ამბებთან დაკავშირებული ფაილების გარდა, აფხზეთთან დაკავშირებული მასალებიც ამოაყოლა ხელს. მასალებს უფრო თვალსაჩინოების ეფექტი ჰქონდა, თორემ ვისაც ამის ცოდნა სურს აფხაზეთში, კარგად იცის, რა როლს ასრულებდა სურკოვი ჯერ ჩრდილოეთ კავკასიის, შემდეგ კი, აფხაზეთის მიმართ.

მასალებისთვის ზედაპირულმა თვალის გადავლებამაც კი – ჯერ ყველაფერი არ წაკიხულა, თანაც ,,კიბერხუნტა“ მათ მკითხველს შეჰპირდა, თუ გაჟონვის პირველმა ტალღამ მხოლოდ ააფორიაქა სამყარო, მეორე უკვე მაგრად შეარყევს – აფხაზეთში შოკი გამოიწვია. ერთია, როდესაც ხვდები, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარებას საპასუხო დაქვემდებარება მოჰყვებოდა, მეორეა, როდესაც საკუთარი თვალით კითხულობ, როგორი წარმოდგენა აქვს სურკოვს არაერთ აფხაზ მოხელეზე, რა ხერხებით მანიპულირებს მათით, ან გეგმავს ამის გაკეთებას.

სტრიქონებს შორის იკითხება, რომ აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციები – ეს ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება – არაკეთილსაიმედოდაა მიჩნეული მისი პრიორიტეტების – მრავალვექტორიანი განვითარების, საქართველოსთან ჰუმანიტარული ურთიერთობის სურვილის გამო. 2014 წლის მაისის მოვლენებს აფხაზეთში სურკოვის ვიზიტი უძღოდა წინ და თეთრით შავზე იმის წაკითხვა, რომ ,,საპასპორტო სკანდალისა’’ და სახალხო აღშფოთების მიუხედავად, ამ მოვლენების დირიჟორი ,,ცენტრიდან“ ჩამოსული რევიზორი იყო, შეუარცხმყოფელი აღმოჩნდა აფხაზთა უმეტესობისთვის. მთავრობის პირებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ – ან კი როგორ უნდა გააკეთო. ბევრი თვლის, რომ მას ვერც ვერასდროს მოისმენენ. აქამდე გარინდებული არიან ჟურნალისტებიც – მათი ან მთლიანად საზოგადოების კომენტარი მხოლოდ ისეთი შეიძლება იყოს, როგორიც გარემოებათა გამო ვერანაირად ვერ იქნება. გარდა ამისა, გატეხილი ფოსტის კორესპონდენციაში აფხაზეთის საკითხებს, როგორც ჩანს, უკანასკნელი ადგილი არ უჭირავს და ამიტომ არავინ იცის, რა ამოჰყვება ,,კიბერხუნტის“ ხელახლა გადაგდებულ ბადეს.

საქართველოში ბევრი აღიარებს, რომ აფხაზეთის საკითხში ბევრჯერ დავაგვიანეთ. არაერთხელ თქმულა, რომ ,,ვაჭრობა-შეთავაზებების ყოველ ახალ ,,რაუნდში“ ჩვენ სანატრელი გვიხდებოდა ის, რაზეც წინა ჯერზე აფხაზური მხარე თანხმდებოდა ან თავად სვამდა წინადადებას. ამ ფაქტის კონსტატირება ალბათ ბევრს მობეზრებული გვაქვს. თუმცა ამის შესახებ ადრე ვწერდი და გამეორება გამომდის. დარწმუნებული ვარ, რომ ვითარება, რომელშიც ეს ურთიერთშეთავაზებები განმეორდება, აუცილებლად მობრუნდება. წესით, ამის თეორიული შანსი ნაკლები უნდა იყოს, მაგრამ რუსეთის ფედერაცია იმდენად ტლანქი მოთამაშეა, რომ ამაში ხელს თავად გვიწყობს.

თუნდაც ზემოთ მოტანილი ორი ფაქტით მოხაზული ვითარება მაფიქრებინებს, რომ ,,ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები“ შესაძლოა კიდევ ერთხელ მობრუნდეს.

მობრუნებით კი მობრუნდება, მაგრამ ეს თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუკი ქართულ მხარეს მომზადებული არ აქვს სამოქმედო გეგმა და დათმობების პაკეტი, რომლებიც, თავისთავად, აფხაზთის მიერ მომზადებულ მსგავს პაკეტთან ერთად უნდა იქნას განხილული. ქართულ მხარეს დღემდე არც იმ პასუხისმგებლობაზე აქვს წარმოდგენა, რომელიც ამგვარი ვითარების დადგომის შემთხვევაში დაეკისრება, არც – როგორც ახლო და უახლოესი წარსულიდან ვიცით – ადამიანის უფლებებზე ან იმის სამართლებრივად გააზრებაზე, რა ფორმებითაა საჭირო ოპერირება, რომ ორივე მხარემ მაქსიმალურად მიიღოს, რაც მას ძირეულად სჭირდება. გარდა ამ ყველაფრისა, მარტივად ვიტყვი. როგორც ადამიანს ( მეუხერხულება უკვე თქმა, ,,როგორც ქართველს“, მაგრამ მივანიშნებ მაინც), ასეთი პერსპექტივის მეშინია. ვშიშობ, რომ ჩვენ შორის კიდევ შეიძლება დაიღვაროს სისხლი.

ამის საშიშროება არ იდგებოდა, ქართულ მხარეს რომ საერთო სამოქალაქო დისპუტი წამოეწყო კონფლიქტებზე, რომლის მხარეც საქართველო იყო. უფრო საჭიროდ ის მიმაჩნია, ჩვენს სიმართლესთან ერთად აფხაზების სიმართლეც წარმოჩენილიყო. კონფლიქტის ჩaცხრობის პირველი ეტაპისთვის ჩვენს საზოგადოებაში შეძლებისდაგვარად უნდა ჩაცხრეს აგრესია.

საერთოდ ასე წერენ ხოლმე, ,,დროა“ – ,,დროა, გავაკეთოთ ესა თუ ის“. არ ვიცი, დროა, დაგვიანებულია, თუ იქნებ ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ გუნებაში ორიენტირად სულ სხვა რეალობა მაქვს: არა საბოლოო, უფრო რაღაც შუალედური, რომელიც, წესით, კარგ სტარტად უნდა გამოდგეს. მას პატიოსანი დამოკიდებულება ჰქვია და ჯერ კიდევ ადვილად ცნობენ, მეტიც, სხვა კაპიტალზე მეტად აფასებენ კავკასიაში. ოღონდ ასე მელოდრამატულად არ დავასრულებ. ნამდვილი დრამა ახლა იქნება. ეს, ალბათ, მცირე პიროვნული კრიზისის მიზეზადაც შეიძლება გამოდგეს – უცებ გაირკვა, რომ ადამიანები, ავტორები, ჟურნალისტები, რომლებიც აგრესიის პოზიციებიდან წერდნენ, უფრო პატიოსნები ყოფილან აფხაზების მიმართ, ვიდრე მე ან სხვა თანამოაზრეები, ვისაც ამ ხალხის მიმართ კეთილაგწნყობა, პასუხისმგებლობა( ხადნახან მეტიც, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი უაზრობად მიმაჩნია), ჩვენი ძალიან ძველი, ბოლშევიკებამდელი, რუსეთის იმპერიამდელი, ოსმალეთამდელი ტრადიციის გაგრძელება გვგონია, ანდა, რესტარტის საფუძველი ჩვენს მღვირე რეგიონში, მისთვის ახალი შანსის მიცემა. ჩვენ ვიტყუებოდით, ისინი კი, ვინც უბრალოდ ,,აფრქვევდა“ აგრესიას, იმის გარდა, რომ საკუთარ თავთან ნამდვილად პატიოსნები იყვნენ, ვიზავის მიმართაც უფრო მართალნი ყოფილან. ჩვენ ვიტყუებოდით, და ერთ მშვნიერ დღეს, შესაძლოა, ტროას ცხენის, უფრო კი, ალბათ, ენადაშაქრული მისიონერების როლი შევასრულოთ, რომლებიც მარტო არასდროს მიდიან საინტერესო ტერიტორიებზე. აი, აქ დევს პასუხი იმაზე, რატომ შეიძლება აგრესია ღირსეულ პოზიციად ითვლებოდეს აფხაზეთში. სანამ საქართველოში სხვა რეალობა არ მომზადებულა, აფხაზებისთვის ამ პოზიციის ცოდნა, მასზე, როგორც თვალისაჩინოებაზე აპელირება კარგი გამოსაფხზილებელი სიგნალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი