სამხრეთ კავკასიის ამბები

ჰომოფობია აფხაზურად: არქაიკა, სისხლის სამართლის დანაშაული და რეკეტი

29 ნოემბერი, 2016 • 3236
ჰომოფობია აფხაზურად: არქაიკა, სისხლის სამართლის დანაშაული და რეკეტი

“23 ნოემბერს აფხაზეთში მოქალაქეები შეიკრიბნენ, რაც აფხაზეთში ჰომოსექსუალური კავშირების ფაქტების გამოვლენის შესახებ ჭორით იყო პროვოცირებული” , – გვაცნობა რუსულმა სააგენტომ, სპუტნიკ-აფხაზეთმა 24 ნოემბრის სტატიაში, რომელიც, ალბათ, ძალიან ორგანული იქნებოდა რომელიმე ჩრდილოკორეული გაზეთისთვის. სტატიაში მოგვითხრობდნენ იმის შესახებ, რომ “მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია ვიდეოჩანაწერმა, სადაც ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი კომერციული საწარმოს იურისტს ჰგავს, ამბობს, რომ იმ კომპანიის თანათამფუძნებელი, სადაც თავად მუშაობს, თითქოს, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით, მოსახლეობას ჰომოსექსუალური ურთიერთობებებისკენ უბიძგებდა”.

აღნიშნულ ჩანაწერში ნაჩვენებია, რომ მამაკაცთა დიდი ჯგუფი აშკარად ნაცემ, ძალიან შეშინებულ და ატირებულ ადამიანს მისი პირადი ცხოვრებიდან გარკვეული დეტალების მოყოლას აიძულებს. ნაცემი, როგორც რუსულ მედიაში უყვართ თქმა, “ძალიან ჰგავს” ალექსანდრ კუზნეცოვს, აფხაზეთში სავაჭრო ცენტრ “კონტინენტის” იურისტს. “კონტინენტის” დირექტორი და თანამესაკუთრე კი რუსი ბიზნესმენი იგორ ვაროვია. “აღშფოთებული საზოგადოება” სწორედ კუზნეცოვისა და ვაროვის სექსუალური ურთიერობებით, ასევე, ვაროვსა და აფხაზეთში მცხოვრებ სხვა პირებს შორის ანალოგიური ურთიერთობებით დაინტერესდა.

გაგრის რაიონში სპონტანურად დაგეგმილი მიტინგები ამ ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ გაიმართა. ხუთშაბათის ღამეს ვაროვის სახლთან ადამიანების დიდი ჯგუფი შეიკრიბა და ბიზნესმენის სახლის დაწვა მოითხოვა. იმ მომენტში ვაროვი ცოლთან და შვილებთან ერთად აფხაზეთში არ იმყოფებოდა. ადგილზე  მისული პოლიცია  შეკრებილ “საზოგადოებასთან” დათმობაზე წავიდა: ვაროვის სახლში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. განსაკუთრებული და უკანონო არაფერი აღმოუჩენიათ. ამის მიუხედავად, მიტინგზე შეკრებილი ადამიანები  “მსოფლიოში აკრძალულ, გარკვეულ სადო-მაზო აღჭურვილობის” შესახებ საუბრობდნენ, რომელიც, მათი აზრით, ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით  იყო გამოყენებული.

მთელი ამ ამბის დასაწყისშივე [კუზნეცოვის გატაცების პირველი შეტყობინებიდან] ნათელი იყო მისი ეკონომიკური ასპექტი. “კონტინენტი” უკვე მრავალი წელია ვაროვსა და მის ბიზნესპარტნიორს შორის განხეთქილების ვაშლია. სუპერმარკეტი “კონტინეტი” ვაროვმა დიდი ხნის დაპირისპირების განმავლობაში ფაქტიურად დაკარგა.

ხუთშაბთს “კონტინენტის” ცენტრში რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა და თანამშრომლებს აცნობა, რომ ვაროვი აღარც კომპანიის მფლობელია და აღარც გენერალური დირექტორი.  სამუშაო ადგილიდან ამოიღეს კომპიუტერები, რომლებიც, მათი მტკიცებით, ვაროვის სექსუალური კავშირების მტკიცებულებებს შეიცავდა. რა თქმა უნდა, სამართლებრივ მხარეზე საუბარი არც ყოფილა.

თუ ამ ყველაფრის შემდეგ აფხაზი რეკეტების მსხვერპლი რუსი ბიზნესმენების მიმართ თანაგრძნობა გაგიჩნდათ, გირჩევთ, არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა. იმის გარკვევა, თუ ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი ბიზნესპარტნიორთა დაპირისპირებაში, არცთუ ისე მარტივია. მეთოდები, რომლებსაც კონფლიქტის ორივე მხარე იყენებს, საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ყველა ფიგურანტი მენტალურად ერთმანეთის ახლობელია.

ეს სიახლოვე კარგად წარმოაჩინა შემდეგმა მოვლენებმა. მომხდარიდან ძალიან მალე “კონტინენტის” იურისტს, ალექსანდრ კუზნეცოვს ბრალი ცილისწამებაში დასდეს. თავად ვაროვის სარჩელის საფუძველზე[მას აფხაზეთში საკმაოდ კარგი კავშირები აქვს], ნაცემი და ზეწოლის ობიექტად ქცეული კუზნეცოვის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ სისხლის სამართლის საქმე დაიწყეს.

მოგვიანებით, ბიზნესმენმა ვაროვმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც “აფხაზ ხალხს მიმართავდა”. არანაირი სურვილი არ მაქვს, სიტყვასიტყვით გადმოვცე მის მიერ გამოყენებული კრიმინალური ჟარგონები.”ნაჯდომმა ნორმალურმა ბიჭებმა”, ვისაც ვაროვი მიმართავდა, შესაძლოა, მოუსმინონ კიდეც “დაზარალებულის” სიტყვებს, რომელიც კიცხავს ჰომოსექსუალობას [იყენებს სიტყვას “гомосятинa”]. თუმცა მთელ ამ ისტორიაში ჩემთვის დაზარალებული ალექსანდრია. იგი, ოფიციალური ცნობით, საკუთარი სურვილით [მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის გამო ან სისხლის სამართლის საქმის გამო] შინაგან საქმეთა სამინისტროს გაგრის რაიონულ სამმართველოში იმყოფება.  ერთადერთი, რაც მას ამჟამად აღელვებს, აფხაზეთიდან ცოცხლად თავის დაღწევაა.

საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ გეი -სკანდალის სხვა ფიგურანტებიც. კუზნეცოვთან ერთად ვიდეოზე ასახულია კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცის დაკითხვა. აშკარად ცდილობდნენ, ბიჭვინთის ახალგაზრდობის გამრყვნელის როლში მისთვის ვაროვის გვარი გამოეტყუებინათ. “ჩვენების მიცემის” პროცესში კიდევ რამდენიმე სახელმა გაიჟღერა.  აფხაზეთში ყოფნა დღეს, შესაძლოა, მათი სიცოცხლისვის საფრთხის შემცველი იყოს.

ეს არ არის გეიების დევნის პირველი შემთხვევა უკანასკნელი კვირის განმავლობაში. არსებობს ინფორმაცია, რომ კამერის წინ სხვა ადამიანებსაც აიძულებენ საკუთარ თავზე და სხვებზე “ჩვენების მიცემას”.

არსენობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მსგავსი “დაკითხვის” გამო 18 წლის ბიჭმა თავი მოიკლა, თუმცა ამის მტკიცებულება მე არ მაქვს. ისიც გასაგებია, რომ ზოგადად, მოკლულის ოჯახი ყველანაირად შეეცდება ინფორმაციის დამალვას.

აღმასრულებელი ხელისუფლება მიმდინარე ამბებში უმოქმედობასა და ამ საკითხში ჩარევის სურვილის არქონას ავლენს. ზოგიერთი დეპუტატი კი საკითხის კომენტირებისას, საერთოდ, “პედერასტობის აკრძალვას” და ყველაზე მძიმე სასჯელის შემოღებას – დახვრეტას გვთავაზობს.

ამ ფონზე აფხაზეთის ახალი ომბუდსმენის, დიმიტრი მარშალის მოწოდება, არ დაუშვან სახალხო სასამართლო, გამომაფხიზლებლად გამოიყურებოდა. თუმცა არც ცრუ მოლოდინი ღირს- აი, რა თქვა მან: ადამიანს შეუძლია იმის გაკეთება, რაც არ არის კანონით აკრძალული, მაგრამ არსებობს მორალურ -ზნეობრივი მხარე. ის შეიძლება საკანონმდებლო დონეზე არ იყოს ასახული, თუმცა, ამასთან, ტრადიციულად აღზრდილ ჩვენს მოქალაქეებს ტრავმა რომ არ მივაყენოთ, თავშეკავებულად უნდა მოვიქცეთ. სახალხო სასამართლოს მოწყობა არ შეიძლება”.

ისეთი სურათი შეიქმნა, თითქოს ბიჭვინთაში ვინმე გეი-აღლუმის გამართვას გეგმავდა, რაც, რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება. უბრალოდ, აფხაზეთის ადამიანის უფლებათა ახალი დამცველი აშკარა კონსერვატორია. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მხარს უჭერდა ისეთი საკანონმდებლო ინიციატივას, როგორიც აბორტის აკრძალვაა.

გეი-სკანდალის შეჯამება ამგვარად შეიძლება. აფხაზური ჰომოფობია – არქაიკის, სისხლის სამრთლის დანაშაულის, ბიზნესინტრესებისა და ხელისუფლების ორგანოების უუნარობის ნაზავია, რაც საერთოდ არ არის უნიკალური კავკასიის რეიგონისთვის. ასეთია რეალობა, რომელიც აქტიურად არის მხარდაჭერილი ჰომოფობიური რუსული პროპაგანდის მანქანის მიერ.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი