სამხრეთ კავკასიის ამბები

ქალთა მკვლელობები აზერბაიჯანში – ინტერვიუ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან

28 ნოემბერი, 2016 • 1342
ქალთა მკვლელობები აზერბაიჯანში – ინტერვიუ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან

სულ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის საზოგადოება გაბალას რაიონში ქმრის მიერ ცოლის სასტიკმა მკვლელობამ აღაშფოთა. 25 წლის საბინა ვერდიევა სამი შვილის დედა იყო. მოკლულს სხეულზე სასტიკი წამების კვალი აღენიშნებოდა. ოჯახში ძალადობის შემთხვევები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის უცხო არ არის. აღნიშნულ პრობლემაზე, მასთან ბრძოლის მეთოდებზე და ხედვებზე ნეტგაზეთი აზერბაიჯანში ქალთა უფლებების დაცვის საზოგადოებრივი გაერთიანების, “სუფთა სამყაროს” ხელმძღვანელს, მეჰრიბან ზეინალოვას ესაუბრა.

გაბალაში მომხდარი ფაქტი ბევრისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა. რატომ გახშირდა მსგავსი შემთხვევები აზერბაიჯანში,  ამის მიზეზი დაუსჯელობაა, თუ განათლების პრობლემა?

ვერ ვიტყვი, რომ მსგავსი შემთხვევები ნაკლებად იყო წარსულში. უბრალოდ, მათ შესახებ არ საუბრობდნენ. უკანსკნელ დროს ოჯახში ძალადობას რატომღაც წეს- ჩვეულებებს, ტრადიციებს უკავშირებენ. თუმცა ტრადიცია – ქმარს ცოლი მოეკლა- ჩვენ არ გვქონია. საქმე ის არის, რომ საზოგადოება ირიბად მხარს უჭერს ძალადობას. თუ ქალი ნაცემია ან მოკლული, საზოგადოება მიიჩევს, რომ ე.ი. ის რაღაცაშია დამნაშავე ან უზნეოა. მუდმივად გვესმის კითხვა- “რატომ მოკლეს”? ყველამ იცის, რომ მკვლელობა დანაშაულია, მაგრამ როდესაც კლავენ ქალს, რატომღაც იწყება მისი დანაშაულისა და მიზეზების მოძიება. 21-ე საუკუნეში ეს მიდგომა ბარბაროსობაა.

რამდენად ხშირად მიმართავენ აზერბაიჯანში ძალადობის მსხვერპლი ქალები პოლიციას? როგორია ასეთი შემთხვევების გეოგრაფია ქვეყანაში, საერთოდ თუ აქვს ამას მნიშვნელობა?

ბოლო დროს უფრო ხშირად მიმართავენ, მაგრამ ზოგჯერ შეუძლებელია, ქალმა დაამტკიცოს მუქარის შემთხვევები. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მოძალადეებთან 15-20 წელიწადი ცხოვრობენ. ისინი სტერეოტიპებზე, შვილებზე და სხვის აზრზე არიან დამოკიდებული. ჩვენთან არსებობს რეგიონები, სადაც ქალები საერთოდ არ მიმართავენ პოლიციას, რადგანაც მათ ნათესავებს ეს სირცხვილად მიაჩნიათ.

ოჯახში ძალადობის შემთხვევები მთელ აზერბაიჯანში ხდება. არ შეიძლება რომელიმე რეგიონის გამოყოფა. ერთი პერიოდი ხშირად ლაპარაკობდნენ მასალასა და ლიანკიარნში ადრეული ქორწინებების შესახებ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ასეთი შემთხვევები მრავლადაა შირვანში, განჯაში და ბაქოშიც.

აქ მნიშვნელოვანია არა გეოგრაფია, არამედ მიზეზები. რატომ ხდება ოჯახში ძალადობა, რომელიც ზოგჯერ მკველობამდეც მიდის. ამ მიმართულებით აუცილებელია კვლევები, ადამიანებთან საუბარი, რომლებმაც ცოლები მოკლეს. მათთან ფსიქოლოგები უნდა მუშაობდნენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი- სამუშაო დასაწყებია პირველივე ზარიდან. თუ ადამიანი მოგმართავს და არ აქვს მკტიცებულებები, მაინც საჭიროა მუშაობის დაწყება.

გარდა ამისა, აუცილებელია ოჯახში ძალადობის ფენომენის შესწავლა. პოლიციამ და პროკურატურამ ეს საკითხი უნდა შეისწავლოს. ზოგჯერ კაცი პოლიციელები კაცის მხარეს იჭერენ, რადგანაც სტერეოტიპულად აზროვნებენ. როდესაც კაცი ამბობს, რომ ცოლი ღალატობს, მოსამართლეები ქვეცნობიერად ქალს დამნაშავედ მიიჩნევენ. საბოლოოდ, კაცები ძალიან მსუბუქი სასჯელით შემოიფარგლებიან, რაც მათ დანაშაულთან შეუსაბამოა.

თქვენ თქვით, რომ კაცები ხშირად ბრალს დებენ ქალებს, სარგებლობენ მენტალიტეტითა და სტერეოტიპებით. როგორც ფიქრობთ, ამით ძალადობას ამართლებენ?

ზოგჯერ ოჯახის წევრები თავად გამოდიან წამქეზებლის როლში. ამასთან, ყველაზე ხშირად ეს არიან ქალები, რომლებიც კაცებს ეუბნებან, რომ მათი ცოლები არასათანაოდ იქცევან, ვიღაცასთან საუბრობენ ტელეფონზე, და ამით ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებენ. ზოგადად, აზროვნება, რომ ქალი ტელეფონით, ინტერნეტით არ უნდა სარგებლობდეს, აბსურდულია. ჩვენთან ახალი ტენდეციაა ამის შესახებ საუბარი. მეც კი შემეხო ეს თემა. იყო შემთხვევები, როდესაც მეუბნებოდნენ, რომ ნორმალურ ქალს არაფერი ესაქმება სოციალურ ქსელებში. ეს არანორმალური აზროვნებაა.

ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესების მიმართულებით რაიმე სამუშაოები თუ ტარდება?

გარკვეული სამუშაო ტარდება, მაგრამ, მგონია, აუცილებელია სოციალური მუშაკების დიდი ჯგუფი. გვაქვს ფაკულტეტები უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც სოციალური მუშაკების პროფესიას ეუფლებიან, თუმცა თავიანთი სამუშაოს სპეციფიკა არ იციან. ისინი ძალიან ღირსეული კადრები არიან, რომლებიც დღეს არ გამოიყენება.

მეორე მომენტია აგრესორ კაცებთან მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ მათ იძულებითი ფსიქოლოგიური დახმარება გაეწიოს. მათთან კვალიფიციური ფსიქოლოგები უნდა მუშაობდნენ.

ასევე გვჭირდება პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც კარგად იცნობენ ოჯახში ძალადობის თემას. ძალოვანი სტრუქტურები სტერეოტიპებისგან უნდა გათავისუფლდნენ. როდესაც ისინი კითხვას უსვამენ ქალს, რატომ სცემეს, ეს უკვე თავისთავად არაკორექტულია. ძალადობის მსხვერპლს ასეთი კითხვა არ უნდა დაუსვან.

კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა, როდესაც სამართალდამცავები ყველა შესაძლო გზით ცოლ-ქმრის შერიგებას ცდილობენ.

გაბალას შემთხვევამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ბავშვები აგრესორთან, დამნაშავესთან დარჩებიან. ეს ბავშვები მომხდარის მოწმეები გახდნენ და ყოველდღე ამ გარემოში იცხოვრებენ. მით უმეტეს, მკვლელის მშობლები მას მხარს უჭერენ. ასეთ ოჯახში ბავშვების გაზრდა დანაშაულია. შესაბამისმა სტრუქტურებმა ოპერატიულად უნდა იმოქმედონ, წამოიყვანონ ოჯახიდან და მათთან სარეაბილიტიციო სამუშაოები ჩაატარონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი