ვინ და როგორ ეხმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს აფხაზეთში

ლიკა [პირობითი სახელი] 17 ასაკში დაქორწინდა. უფრო სწორად, მოიტაცეს, რაც აფხაზეთის შორეულ სოფლებში ბოლო დრომდე ნორმალურად მიიჩნეოდა. ლიკა ამბობს, რომ მომავალ ქმარს თითქმის არ იცნობდა.

ქორწინების პირველი წლები, როგორც ქალი ამბობს, მარტივი არ იყო. მოგვიანებით კი ნამდვილი კოშმარი დაიწყო. მისი ქმარი ალკოჰოლის მომხმარებელი აღმოჩნდა. პრობლემებიც სწორედ ალკოჰოლური ზემოქმდების ქვეშ ყოფნის დროს იწყებოდა – ასეთ დროს ცოლისა და შვილების მიმართ აგრესიული ხდებოდა. ცოლს სცემდა და ეუბნებოდა, რომ “არარაობაა და დამჯერი უნდა იყოს, ზედმეტად ხმა არ უნდა ამოიღოს”.

ლიკას თქმით, ყველაზე საზარელი ამ ამბავში მაინც ის იყო, რომ ყველაფერი ბავშვების თვალწინ ხდებოდა, ზოგჯერ კი, თავად ისინი ხდებოდნენ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

მისი გოგო 7 წლის იყო, როდესაც მამა სახლში ნასვამი მივიდა. ამ დროს ის და მისი ძმა წიგნს კითხულობდნენ ხმამაღლა. მამას არ მოეწონა ბავშვების ხმაური და გოგონა კედელს მიანარცხა. როდესაც ბავშვი იატაკზე დაეცა, მამა ფეხებით შედგა და ისე სცემა. 9 წლის ძმა კი დას საშველად მივარდა, მაგრამ მამამ მას თავში ბოთლი ჩასცხო. ბავშვების კივილზე მეზობლები მოვარდნენ და ქალი და ბავშვები სახლიდან გაიყვანეს. როდესაც ყველაფერი დამშვიდდა, ლიკა შვილებთან ერთად სახლში დაბრუნდა.

გარკვეული დროის შემდეგ აფხაზეთში მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია “ავანგარდის” ექიმები სკოლაში, სადაც ლიკას შვილები სწავლობენ, პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ატარებდნენ. მასწავლებლებმა, რომლებმაც ოჯახის პრობლემის შესხებ იცოდნენ, ბავშვების პედიატრისთვის ჩვენება გადაწყვიტეს. გოგონას დათვალიერების შემდეგ ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მას მკერდის ძვალი ჰქონდა ჩატეხილი. დედა სკოლაში მაშინვე გამოიძახეს. მან პედიატრსა და ფსიქოლოგს უამბო მომხდარის შესახებ და თქვა, რომ შვილი ბოლო დროს ხშირად უჩიოდა მკერდში ტკივილს და სუნთქვა უჭირდა.

ლიკა ამბობდა, რომ ქმრისგან წასვლისა და დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა არ აქვს, თუმცა ისიც და მისი შვილებიც ქმრის მუდმივი ძალადობის მსხვერპლი არიან, და  გარშემომყოფებისთვის ამის თქმა რომ რცხვენოდა, რადგანაც, “ტრადიციების შესაბამისად, ქალი მხოლოდ ერთხელ თხოვდება და ქმრის გვერდითვე კვდება”.

ლიკა შიშობდა, რომ განქორწინების შემთხვევაში ის და ბავშვები დამოუკიდებლად არსებობას ვერ შეძლებდნენ. ახლობლებიდან ქალს მხოლოდ ხანდაზმული ბებია ჰყავდა.

ორგანიზაცია “ავანგარდმა” ლიკას გადარჩენა საკუთარ თავზე აიღო. ავანგარდის იურისტი ლიკას განქორწინების აქტის გაფორმებაში დაეხმარა. ლიკა შვილებთან ერთად საცხოვრებლად ბებიასთან გადავიდა. მან და შვილებმა ფსიქოლოგთან რეაბილიტაციის კურსი გაიარეს. მოგვიანებით ქალი თხილის პლანტაციაზე დაასაქმეს, სადაც  გარკვეულ საარსებო ფულს შოულობს.

2016 წელს ასოციაცია ავანგარდმა ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად ერთობლივი პროექტი დაიწყო, რომელიც ქალთა მცირე ბიზნესის დაფინანსებას ითვალისწინებდა.

ამავე პროექტის ფარგლებში ავანგარდი ლიკასაც დაეხმარა. ქალს 2 სათბური დაუთმეს, სადაც ბოსტნეული მოჰყავს და სოფლებში ყიდის. ლიკამ შესაძლებლობა მიიღო, ყოფილიყო დამოუკიდებელი და შვილებისთვის უკეთესი მომავალი შეექმნა.

ის ამბობს, რომ ორგანიზაციის დახმარებით მიიღო მთავარი – სიმშვიდე საკუთარი თავისთვის და შვილებისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ავანგარდის” მონაცემებით, 2016 წელს აფხაზეთში ოჯახში ძალადობის უკვე 75 შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს რიცხვი 29-ით მეტია, წინა წელს, დროის ამავე მონაკვეთში დაფიქსირებული მსგავსი შემთხვევებისა. ზრდის ტენდენცია სახეზეა, წლიდან წლამდე ოჯახში ძალადობის უფრო მეტი შემთხვევა ვლინდება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ რიცხვის ზრდა სწორედ იმას უკავშირდება, რომ ქალებმა უფრო მეტად დაიწყეს აღნიშნულ პრობლემაზე საუბარი, თუმცა უწინ “ოჯახიდან ნაგვის” გამოტანა ბევრს არ სურდა.

ქალთა ორგანიზაცია “ავანგარდი” გალის რაიონში 2001 წლიდან მუშაობს. 2006 წლიდან ორგანიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, აქტიურად არის ჩართული ქალთა და ახალგაზრდა გოგონათა უფლებების დაცვის პროცესში

ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა არ მიიჩნევა პრიორიტეტულად და არ არის აღიარებული ქალთა უფლებების დარღვევად.

ორგანიზაცია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით მუშობს, ამასთან, ცდილობს ქალთა უფლებების დარღვევის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევას.

პროექტის ფარგლებში მუშაობს მობილური ჯგუფიც, რომელიც გინეკოლოგისგან, ფსიქოლოგისგან და იურისტისგან შედგება. ჯგფი აღმოსავლეთ აფხაზეთის სოფლებში გადის და მოსახლეობას ხვდება.
ორგანიზაცია ისეთ საერთაშორისო სააგენტოებთან მუშაობს, როგორიცაა შვედური “კვინა ტილ კვინა” [The Kvinna till Kvinna Foundation] და გაეროს UNHCR.

“ავანგარდმა” სპეციალური ქალთა ცენტრი დააფუძნა. ცენტრი ქალებს სხვადასხვა მომსახურებას უწევს.ბიოლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიანა კოტოვა არის ჟურნალისტი სოხუმში. მუშაობს "ABAZA TV" თვის და რადიო "თავისუფლებისთვის". ნეტგაზეთისთვის მარიანა კოტოვა ამზადებს მასალებს 2016 წლის თებერვლიდან პროექტის "სამხრეთ კავკასიის ამბები" ფარგლებში.