სამხრეთ კავკასიის ამბები

მშვიდობის სოფელი

27 ოქტომბერი, 2016 • 2996
მშვიდობის სოფელი

ქვემო ქართლის რეგიონი საქართველოში განსაკუთრებული გეოგრაფიული ტერიტორიაა, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თავისებურ მშვიდობის ხიდს წარმოადგენს. სწორედ ამ ტერიტორიაზეა ათეულობით სომხური და აზერბაიჯანული სოფელი, სადაც “მტრებად” წოდებული სომხები და აზერბაიჯანელები ერთმანეთის გვერდით, ყველანაირი სიძულვილისა და პოლიტიკური საკითხების გარჩევის გარეშე ცხოვრობენ.

ერთ-ერთი ასეთი სოფელია მირზოევკა [ნორგიუღი], რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

სოფელში 65-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. უმრავლესობა ეთნიკური სომეხია. აზერბაიჯანელების გარდა აქ ეთნიკური ქართველები და ასირიელები ცხოვრობენ. სოფელში არავის უკვირს შერეული ქორწინებებიც. მირზოევკა მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის კლასიკური მაგალითია.

“ნახეთ, ჩვენი ახლო მეზობელი აზერბაიჯანელია და არანაირი პრობლემა. ჩვენ პოლიტიკური საკითხების მიღმა ვცხოვრობთ. აქ არავის არავისთვის ცუდი სიტყვა არ უთქვამს. რომც მოხდეს მსგავსი რამ, საქმე კამათამდეც არ მივა. ყველაფერი სწრაფად მოგვარდება. ჩვენი უხუცესი [სოფლის რწმუნებული] არ დაუშვებს რაიმე პრობლემას, და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ეროვნულ უმცირესობას მიეკუთვნები”,- ამბობს სოფლის მაცხოვრებელი სილვა სარგსიანი.

სილვა სარგსიანი და არმენ პეტროსიანი 45 წლია ცოლ-ქმარი არიან. ამუშავებენ მიწას, ჰყავთ საქონელი. ეს არის მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო. ახალგაზრდობა, ძირითადად, არ არის სოფელში, მათი უმრავლესობა რუსეთში წავიდა სამუშაოდ.

არჩევნებიდან არჩევნებამდე იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში ისე აეწყობა მდგომარეობა, რომ ახალგაზრდებს ფულის საშოვნელად სხვა ქვეყანაში წასვლა არ მოუწიოთ.

ხატია ეთნიკური ქართველია. მისი ქმარი სომეხი. ორი შვილი ჰყავთ. ხატია თავისუფლად საუბრობს სომხურ ენაზე.

“სხვადასხვა კულტურა ერთმანეთს ავსებს და ყოველდღიურობა ასე უფრო ნაკლებად მოსაწყენი ხდება. დავდივართ ერთმანეთის ქორწილებში, დაბადების დღეებზე, ნათლობებზე, სხვადასხვა დღესასწაულზე. საინტერესო ცხოვრება გვაქვს. როდესაც ჩვენი შვილები გაიზრდებიან, რამდენიმე ენაზე ისაუბრებენ და რამდენიმე კულტურის მატარებლები იქნებიან. შესაძლოა, ვიღაცისთვის მაგალითიც კი გახდნენ”, – ამბობს ხატია.

სკოლა; ფოტო: არმინე ავეტისიანი /ნეტგაზეთი

სკოლა; ფოტო: არმინე ავეტისიანი /ნეტგაზეთი

მაგარამ მამედოვი; ფოტო: არმინე ავეტისიანი/ნეტგაზეთი

მაგარამ მამედოვი; ფოტო: არმინე ავეტისიანი/ნეტგაზეთი

“მეც სომხურ სკოლაში ვსწავლობდი, ჩემი შვილებიც, შვილიშვილებიც”, – სომხურ ენაზე გვიყვება 69 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მაგარამ მამედოვი.

“ეს უნიკალური სოფელი 100-ზე მეტი წლისაა. აქამდე არავითარი პრობლემა არ გვქონია. აი, ასე მეგობრულად ვცხოვრობთ ყველანი. სომხეთის ისტორიაც კარგად ვიცი. ისევე როგორც აზერბაიჯანის ისტორია იციან ჩემმა სომეხმა მეგობრებმა. რამდენჯერმე ნამყოფიც ვარ სომხეთში, მეგობრებთან ჩავდივარ. ყველაფერი თავად ადამიანებზეა დამოკიდებული. ვისურვებდი, მალე მოეღოს ბოლო ამ გაუთავებელ შუღლს ეთნიკურ ნიადაგზე”, – გვიამბობს მამედოვი.

როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობების ყველაზე რთულ პერიოდშიც, მთიანი ყარაბაღის ომის დროს, სოფლის აზერბაიჯანელ და სომეხ მაცხოვრებლებს შორის ურთიერთობა არ გაუარესებულა, თუმცა, ომზე საუბარს მაინც ორივე მხარე გაურბოდა.

დღეს სოფელში ბავშვები რამდენიმე – აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე საუბრობენ.

სოფელში ერთადერთი სკოლაა – სომხურენოვანი. ჩემი მისვლის დროს გაკვეთილს მხოლოდ 4 მოსწავლე ესწრებოდა.

“სამწუხაროდ, სკოლაში მხოლოდ ერთი აზერბაიჯანელი მოსწავლე სწავლობს. თუმცა, პრობლემა არა სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში, არამედ ქართულ ენაშია”, – გვიყვება სკოლის მასწავლებელი სოფია კაზარიანი.

კითხვაზე, რატომ არ სწავლობენ სკოლაში ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ქართველი მოსწავლეები, თავად სოფლის მოსახლეობა პასუხობს: პირველ რიგში, იმიტომ, რომ კარგი სამსახურის საშოვნელად საქართველოში, ქართული ენის ცოდნაა აუცილებელია. შესაბამისად, ძალიან ბევრს ურჩევნია შვილს განათლება მეზობელ სოფელში, ქართულენოვან სკოლაში მიაღებინოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი