სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ახალი მთავრობის კავშირები რუსეთთან

27 ოქტომბერი, 2016 • 1853
სომხეთის ახალი მთავრობის კავშირები რუსეთთან

კანონით განსაზღვრულ ოცდღიან ვადაში, 2016 წლის 3 ოქტომბერს, სომხეთის რესპუბლიკაში ახალი მთავრობის ფორმირება მოხდა. მინისტრთა უმეტესობა შეიცვალა. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ახალ წევრებს ერთი რამ აქვთ საერთო –  ბევრის გასაკვირად, ისინი არა მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრები, არამედ უპარტიოები არიან.

შედარებით მნიშვნელოვანი მინისტრთა პორტფელები სხვადასხვა რუსული ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელებს ერგოთ, რომელთაც მოსკოვთან და ახალ დანიშნულ პრემიერთან, კარენ კარაპეტიანთან დღესაც მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ.

პოლიტილოგიის დოქტორი აიკ მარტიროსიანი, ისევე, როგორც ბევრი სხვა პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტით, შესაძლოა, ოფიციალური მოსკოვი ერევანში საკუთარ პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს.

“ვფიქრობ, უფრო არსებითი აქ ის გარემოებაა, რომ პრემიერმა, როგორც “გაზპრომის” ძველმა და გამოცდილმა ხელმძღვანელმა, მინისტრის პორტფელები საკუთარ ნაცნობებსა და მისთვის სანდო პირებს გადასცა. ამის საუკეთესო მაგალითია სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ხელმძღვანელის შეცვლა და ამ თანამდებობის “გაზპრომ-სომხეთის” ყოფილი უფროსისთვის გადაცემა”.

2016 წლის 10 ოქტომბერს, პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ბრძანებით, სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ხელმძღვანელად ვარდან არუტუნიანი დაინიშნა. მას 2000 წლიდან “არმროსგაზპრომში” სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, 2014 წლიდან კი კომპანია “გაზპრომ-სომხეთის” დირექტორი იყო და მმართველ პარტიასთან კავშირი არ ჰქონია.

“შესაძლოა, ახალ პრემიერს სურვილი აქვს, ისეთი გუნდი ჩამოაყალიბოს, რომელიც სომხეთის რესპუბლიკური პარტიის საპირწონე იქნება და არა ის, რომ მის გარემოცვაში კლასიკური რესპუბლიკელები ვერ მოიძებნა”, – ამბობს პოლიტოლოგი.
თუმცა ახალ მთავრობაში დარჩა ერთი ძველი მინისტრი – საგარეო საქმეთა მინისტრი, ედვარდ ნალბანდიანი, რომელიც ამ პოსტზე 2008 წლიდან იმყოფება და მთელი ამ წლების განმავლობაში მისი სახელი ოფიციალურ მოსკოვს უკავშირდება. მიმდინარე წლის დასაწყისშიც ბატონი ნალბანდიანი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის გამყარებაში დიდი წვლილის შტანისთვის მეგობრობის ორდენით დააჯილდოვეს.

პოლიტოლოგ მარტიროსიანის აზრით, ამავე დროს, ნალბანდიანის “პუტინის კაცად” შერაცხვა არც ისე შესაფერისი იქნებოდა.

“თუ ხვალვე პუტინის ნაცვლად სხვა ადამიანი აღმოჩნდება, მასაც იგივე გავლენა ექნება. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბევრის აზრით, მხარს უჭერს სომხეთის ინტერესებს და მისი ლობირებითაა დაკავებული.  რა თქმა უნდა, სომხეთში არის ბევრი ისეთი კანდიდატი, რომელიც ძალიან წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნებოდა, თუმცა “ძველი” მინისტრის შენარჩუნება გადაწყვიტეს. მე არ ვიცი, რა ძალები იყვნენ ჩართული მისი ხელახლა დანიშვნის საქმეში, თუმცა მაღალ ეშელონებში ეს ამბავი დიდი სიხარულით არ მიუღიათ. მეორე მხრივ, არა მგონია, რომ სერიოზული წინააღმდეგობის შემთხვევაში იგი ხელახლა აირჩიონ”.

ყოფილი ელჩი, პოლიტოლოგი არა პაპაიანი დარწმუნებულია, რომ ნალბანდიანი “რუსეთის კაცია” და დასავლელ დიპლომატებს მასთან საუბრის სურვილი არ აქვთ, რადგანაც მათი საუბრების შესახებ რუსები მეორე დღესვე საქმის კურსში იქნებიან.

“მას არასოდეს უხელმძღვანელია სომხეთის ინტერესებით. ამას სომხეთის საგარეო პოლიტიკის შედეგები მოწმობს. ძალიან ხშირად საერთაშორისო სტრუქტურებში ჩვენ რუსეთის ინტერესების და არა სომხეთის სასარგებლოდ ვაძლევთ ხმას. ბევრი იტყვის, რომ ამას არა საგერეო საქმეთა მინისტრი, არამედ პრეზიდენტი წყვეტს, თუმცა უნდა განვმარტო, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ბევრი შემთხვევა ვიცი, როდესაც ნალბანდიანს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეცვლა უბრძანებია. სომხეთი ნალბანდიანის დანიშვნამდე არასოდეს აღმოჩენილა მსგავს სიტუაციაში”, – ამბობს პაპაიანი.

დიპლომატის აზრით, ნალბანდიანი არ შეცვალეს იმიტომ, რომ სომხეთს ჯერ კიდევ სჭირდება ადამიანი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ იმუშავებს, რამდენადაც სომხეთს ბევრი ინტერესი აქვს, რომელიც პირველ რიგში რუსეთის მხრიდან უფრო საგრძნობ სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.

“ვფიქრობ, პრეზიდენტი სარგსიანი სიამოვნებით შეცვლიდა ნალბანდიანს. საუბარიც კი იყო მის შესაძლო შემცვლელზე – პრეზიდენტის აპარატის უფროსზე, ვიგენ სარგსიანზე. თუმცა ნალბანდიანმა მოსკოვს მალევე შეატყობინა ამის შესახებ”.
თანამდებობის გარეშე არ დარჩენილა არც ზემოთ ხსენებული ვიგენ სარგსიანი, რომელიც თავდაცვის მინისტრად აირჩიეს.
სომხეთის ახალ მთავრობაზე დაკვირვებისას ჩნდება ილუზია, რომ პრეზიდენტმა მთელი მთავრობა პრორუს პრემიერს გადასცა და თავის გარემოცვიდან მხოლოდ თავდაცვის მინისტრი დაიტოვა.

თუმცა, სომხეთის ახალი კონსტიტუციის შესაბისად, თავდაცვის მინისტრი მხოლოდ მისი უწყების მენეჯერის ფუნქციას შეასრულებს, მნიშვნელოვან საკითხებს კი გენერალური შტაბი უხელმძღვანელებს. აღნიშნული უწყების ხელმძღვანელად მოვსეს აკობიანი დანიშნეს. მისი სახელი ასევე რუსეთს უკავშირდება.

“ჩემი ინფორმაციით, აკობიანი ბრძოლის ველზე მშვენიერი ჯარისკაცი იყო, თუმცა, როგორც ხელმძღვანელი, არაპროფესიონალია. მაგრამ მის დანიშვნას სხვა კუთხით განვიხილავდი. პოლიციის განყოფილებაზე შეიარაღებული დაჯგუფება “სასნა ცრერის” თავდასხმის შემდეგ ნათელი გახდა, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზა იარაღის საშუალებით არის შესაძლებელი. ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ამ თვალსაზრისით, ყველაზე დიდი საფრთხე ჯარიდან მოდის, ასეთი დანიშვნებით კი ჯარი სრული კონტროლის ქვეშ გადადის. მთლიანობაში, ეს მიმართულია იმისკენ, რომ საოფიცრო შემადგენლობა პირდაპირი კონტროლის ქვეშ გყავდეს. თავდაცვის მინისტრის დანიშვნა კი, თავის მხრივ, არის გარკვეული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჯარს უფრო ცივილიზებული სახე მისცენ და ეკონომიკური და კორუფციული პრობლემები მოაგვარონ”, – აჯამებს პოლიტოლოგი მარტიროსიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი