სამხრეთ კავკასიის ამბები

არქიტექტურული იდეები სოხუმის ცარიელი სივრცეებისთვის

14 ოქტომბერი, 2016 • 3003
არქიტექტურული იდეები სოხუმის ცარიელი სივრცეებისთვის

არქიტექტურული და ქალაქის სივრცის მოწყობის პროექტები სოხუმში სულ უფრო პოპულარული ხდება. ბოლო არქიტექტურული “ვორქშოფი” აფხაზებმა სოხუმში გერმანელი პარტნიორების დახმარებით მოაწყვეს. ბერლინში არსებულმა არქიტექტორთა ჯგუფმა, რომელიც აფხაზ პარტნიორებს ეხმარებოდა, პროექტების პრეზენტაცია 6 ოქტომბერს თბილისშიც – ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროში გამართა. სოხუმში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით ნეტგაზეთი  პროექტების ინიციატორებს, სოხუმში მცხოვრებ ასიდა ბუტბასა და ტანია ერგუნოვას დაუკავშირდა. მათ სოხუმში განხორციელებული პროექტების, მათ შორის “СКЛАД”-ის [“საწყობი”] შესახებ წერილობით მოგვწერეს:

არქიტექტურული “ვორქშოფის” იდეა 2015 წლის აგვისტოში გაგვიჩნდა, როდესაც შვეიცარიაში ჩვენი შემდგომი პროექტისთვის – აფხაზეთში თანამედროვე ხელოვნების გამოფენისთვის- მხატვრებს ვეძებდით. გამოფენისთვის შენობა უკვე ნაპოვნი გვქონდა, თუმცა დიდხანს განვიხილავდით სოხუმში მიტოვებული რკინიგზის სადგურს. გვინდოდა, ეს სადგური ახალგაზრდების სივრცედ გადაგვეკეთებინა, მაგრამ რესტავრაცია ბევრ დანახარჯს მოითხოვს, თანაც, ობიექტი რკინიგზის მმრთველობაშია. მოკლედ, ვუყვებოდით მხატვრებს ამ ადგილის შესახებ და ფოტოებს ვაჩვენებდით, დიდი დაინტერესება გამოიწვია. იქვე გაჩნდა იდეა, ჩაგვეტარებინა გარკვეული ღონისძიება არქიტექტურის საკითხებზე. მაშინ ბაზელის არქტიტექტურულ ბიუროს წარმომადგენლებს შევხვდით და მათთან ერთად განვიხილეთ ეს საკითხი. მოგვიანებით აღნიშნულ ბიუროს პროექტის შესაძლო მონაწილედ განვიხილავდით. მალევე პროექტის რეალიზაციისთვის ფონდისგან Artasfoundation მხარდაჭერა მივიღეთ.

შევკრიბეთ ჯგუფი, რომელიც შედგებოდა  ხუთი ადგილობრივი ახალგაზრდა არქიტექტორისა და დიზაინერისგან. ამ ჯგუფს ექვსი არქიტექტურული ბიუროს ვარიანტის განხილვა შევთავაზეთ. მივწერეთ, არიან თუ არა მზად ითანამშრომლონ ჩვენთან. საბოლოო ჯამში, ერთი ბიურო –  Raumlabor  [ბერლინში არსებული არქიტექტურული ბიურო, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ქმნის არქიტექტურულ სივრცეებს, სწავლობენ ქალაქებს, საზოგადოებრივი და პირადი სივრცეების კვეთას] შევარჩიეთ.  რამდენიმე თვის განმავლობაში მათთან ელექტრონული მიმოწერა გვქონდა და ფოტომასალას ერთმანეთში ვცვლიდით.

2016 წლის სექტემბრის დასაწყისში ჩვენთან  ბიუროს წარმომადგენელი მარიუს ბუში 5 დღით ჩამოვიდა და ქალაქის არქიტექტურული ძეგლების, ადგილობრივი წარმოების და, მთლიანობაში, ქალაქის მოწყობისა და სასიცოცხლო პროცესების შესწავლის ეტაპიც დაიწყო.

ფოტო: Sklad

ფოტო: Sklad

ოთხი კვირის შემდეგ ჩვენთან [აფხაზეთში] ჩამოვიდა Raumlabor-ის სამი მონაწილე – მარიუს  ბუში, ბენჯამინ ფოერსტერ-ბალდენიუსი და კლერ მოთიასი. მათთან ერთად სოხუმის არსებული რუკის საფუძველზე მომავლის ქალაქის დიდი რუკა დავხატეთ. მასზე იყო ასახული ჩვენი ერთობლივი იდეები. მეორე დღეს ეს რუკა სანაპიროზე დავამონტაჟეთ და მოსახლეობის მიერ მოწოდებული იდეებით შევავსეთ.

ფოტო: Sklad

ფოტო: Sklad

ქალაქში ერთი ლოკაცია – რკინიგზის სადგური ავირჩიეთ. ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა საკუთარი ესკიზები შემოგვთავაზეს და დავიწყეთ ქუჩის ავეჯის შექმნა. ძალიან გაიზარდა დაინტერესება, მოდიოდნენ ახალგაზრდები, გვეხმარებოდნენ.

ფოტო: Sklad

ფოტო: Sklad

საბოლოოდ, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე ახალი კულტურული მოედნის, “ვიზიონავტების ინსტიტუტის” პრეზენტაცია გავმართეთ.  ღონისძიების არსი  იყო, მოქალაქეებისთვის გვეჩვენებინა, რომ შესაძლებელია დროის მოკლე მონაკვეთში ქალაქში არსებული ცარიელი სივრცე ხელმისაწვდომი და საინტერესო გახადო.

თავიდან ვფიქრობდით, რომ ეს ახალი ობიექტი უნდა დარჩენილიყო, მაგრამ დრო და ბიუჯეტი უფრო მასშტაბურ აღჭურვილობას არ ეყოფოდა, ამიტომ მოედანი მხოლოდ ერთი საღამოსთვის ავაწყვეთ.

ფოტო: Sklad

ფოტო: Sklad

საბოლოოდ, კოლოსალური გამოცდილება მივიღეთ  – ქალაქში შევქმენით კიდევ ერთი კულტურული მოვლენა, რომელიც საზოგადოებაში დიდ რეზონანსსა და მხარდაჭერას იწვევს.

გვინდა კიდევ გავაგრძელოთ მსგავსი პროექტები დაცარიელებული სივრცის მოწყობის კუთხით.  კიდევ სიამოვნებით ვიმუშავებდით ამ გერმანულ ბიუროსთან, უფრო დიდი დროითაც.

ბოლო ორი წლის განმავლობაში აფხაზეთში სულ უფრო მეტი კულტურული ღონისძიება იმართება. მეტი ინიციატივაა ახალგაზრდების მხრიდან. ჩვენს ღონისძიებამდე რკინიგზის სადგურში “გუმა” უკვე ეწყობოდა გამოფენები და მოდების ჩვენება.

ზაფხულში მუშაობს პლიაჟი “ვოლნა” , სადაც ყოველდღე ფილმების ჩვენება და ცოცხალი შესრულებით კონცერტები იმართება, ასევე, ლექციები და სპორტული ღონისძიებები, ტურნირები ფრენბურთში. არიან მუსიკოსები, რომლებიც უკრავენ კაფეში. სოხუმში ფუნქციონირებს პირველი ანტიკაფე. სანაპიროზე ხშირად იმართება ახალგაზრდა მხატვრების გამოფენები და ამ ყველა პოზიტიურ მოვლენას შორის ჩვენი “სკლადია” – ეს არის აქტუალური თანამედროვე სივრცე. მთლიანობაში, მსგავსი ტიპის გამოფენებზე, ვორკშოფებზე, მასტრეკლასებზე,  Hand Made ბაზრობებზე, ლექციებზე კინოჩვენებაზე, ქუჩის აქციებსა და მსგავს ღონისძიებებზე დიდი მოთხოვნაა ქალაქში.

“სკლადის” კარი პირველად 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს გაიღო. პირველად იქ თანამედროვე ხელოვნების პირველი გამოფენა – “ადგილისა და დროის გარემოება” მოვაწყვეთ. გამოფენის მონაწილეები იყვნენ ახალგაზრდა აფხაზი და შვეიცარიელი მხატვრები, რომლებიც ადრე უკვე მონაწილეობდნენ სოხუმში გამრთულ ვორკშოფზე, მოგვიანებით კი, ბაზელში გამართულ გამოფენაზე.

ეს მთლიანად ჩვენი ინიციატივა იყო.  ჩვენ ვართ ამ პროექტის ორი იდეოლოგი – ასიდა ბუტბა და მე. ასევე, ძალიან ბევრი ახალგაზდაა ჩვენი მეგობარი, რომლებმაც დახმარების სურვილი გამოთქვეს.

თავიდან რამდენიმე თვე ვეძებდით შენობას და აფხაზეთის დრამატული თეატრის საწყობს მივაგენით. თეატრის დირექტორმა, ადგურ ჯენიამ ნება დაგვრთო, ეს საწყობი გამოგვეყენებინა. სახელწოდებაც თავისით მოვიდა. ბევრი ადამიანის დახმარებით დარბაზი წესრიგში მოვიყვანეთ [მისი ნაწილი ახლაც თეატრის საწყობია], ვიპოვეთ ადგილობრივი სპონსორები, ძირითადად მათ მოგვცეს მომსახურების და მასალების ფული. გახსნაზე ბევრი ადამიანი მოვიდა და გასაგები გახდა, რომ მსგავს ღონისძიებებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, ადამიანები საჭიროებენ ახალ სივრცეებს.

წლის განავლობაში გვაქვს ვორქშოფები, ლექციები, მასტერკლასები. ყოველ სამშაბათს- კინოჩვენებები. სამომავალო გეგმებიც გვაქვს.

ქალაქს და ქვეყანას სჭირდება სივრცეები და ისინი უფრო მეტი უნდა იყოს. ვიმედოვნებთ, ჩვენი პროექტების გეოგრაფია გაფართოვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი