სამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის ახალი თამაში სომხეთში

7 სექტემბერი, 2016 • 2143
რუსეთის ახალი თამაში სომხეთში

სომხეთის მოკავშირე რუსეთის ფედერაციამ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებებში სომხური მხარის ჩამოშორება დაიწყო.

მთიან ყარაბაღში 2016 წლის აპრილის რამდენიმედღიანი ომის შემდეგ სომხეთში ბევრი პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი აცხადებდა, რომ სომხეთი მომავალში არ უნდა ელოდოს მოკავშირე რუსეთის მხრიდან კეთილსაიმედო ურთიერთობას, რომელიც ასევე მეგობრულ ურთიერთობაშია სომხეთის მოწინააღმდეგე აზერბაიჯანთან. აპრილის დღეებშივე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მოქალაქეთა საპროტესტო აქციებიც დაიგეგმა, თუმცა ამ კუთხით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ჯერჯერობით არ მომხდარა. ერთადერთი ცვლილება რეგიონში ის არის, რომ რუსეთი, სომხეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, აზერბაიჯანს დაუახლოვდა, ასევე დათბა ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს შორის, რომელთანაც სომხეთს დიპლომატიური ურთიერთობები არ გააჩნია.

როგორც პოლიტოლოგები ირწმუნებიან, სამმხრივი მეგობრობა აზერბაიჯანს, რუსეთსა და თურქეთს შორის სომხეთისთვის უკიდურესად საშიშია – ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლოდროინდელი უმაღლესი დონის შეხვედრები, რაც მოწმობს იმას, რომ სომხეთის სტრატეგიულმა პარტნიორმა სომხეთის მოწინააღმდეგესთან საინტერესო თამაში წამოიწყო: სერჟ სარგსიანი ხელში მოიმწყვდია და ვლადიმერ პუტინმა ყარაბაღის საკითხი სომხეთის მონაწილეობის გარეშე განიხილა.

“8 აგვისტოს, ბაქოში პუტინსა და ალიევს შორის გამართული ორმხრივი შეხვედრის დროს, რომელიც რუსეთის, ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში შედგა, ყარაბაღის საკითხი განიხილეს, რომელიც აღნიშნული შეხვედრით გათვალისწინებულ დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინისა და რეჯეპ ერდოღანის 9 აგვისტოს შეხვედრას სანკტ-პეტერბურგში, შეხვედრის შემდეგ ერდოღანის მიერ გაკეთებულ განცხადებების მიხედვით, ყარაბაღის საკითხი აქაც განიხილეს. ამ შეხვედრისას თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ აზერბაიჯანს გადასცემენ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხუთი რაიონს, შესაძლოა, რეგიონში “ნამდვილად დაიწყოს” დარეგულირების პროცესი. ეს ქვეყნები – რუსეთის ფედერაცია, აზერბაიჯანი და თურქეთი სამმხრივი თანამშრომლობის მექანიზმს ქმნიან და, ბუნებრივია, დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ყარაბაღის კონფლიქტი იქნება”, – ამბობს თურქოლოგი, აიკ გაბრიელიანი.

გაბრიელიანი ამბობს, რომ პუტინისა და ერდოღანის შეხვედრის შემდეგ, სამმხრივ ფორმატზე საუბრის დროს, გაცხადებული იყო, რომ ამ ფორმატის შექმნის ძირითადი მიზანი რეგიონში მოვლენებზე დაკვირვება და მათი კონტროლის შესაძლებლობაა.

“ამჟამად სამ ქვეყანას რიგი ფაქტორები აერთიანებს: ავტორიტარული რეჟიმები, ანტიდასავლური განწყობები [განსაკუთრებით დასავლეთის კრიტიკის გამო ამ ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ], რეგიონალური პრობლემების გადაჭრის აუცილებლობა რეგიონის ქვეყნების დახმარებით.

ვფიქრობ, თურქეთისა და აზერბაიჯანის მიზანია ეუთოს მინსკის ჯგუფის [განსაკუთრებით, მისი დასავლეთის თანათავმჯდომარე ქვეყნების] მაქსიმალური დისკრედიტაცია და მისი “უსუსურობის” დემონსტრიტრება ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის საკითხში. მინსკის ჯგუფის წევრ თურქეთს სურს შექმნას საფუძველი და წინასწარი მოლოდინი მისი აქტიური მონაწილეობისა მოლაპარაკებათა პროცესში”.

“აშკარაა, რომ ყარაბაღის საკითხში მნიშვნელოვანი ცვილებები ხდება.  ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ სომხეთმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი დათმო და იმავე პოლიტიკას აგრძელებს. მაგალითად, ამასწინათ სომხეთ-რუსეთის ერთობლივი სამხედრო დანაყოფები შეიქმნა. რაც დროს გადის, სომხეთის პოზიციები სუსტდება, იცვლება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დონე – მცირდება. გამოდის, რომ ყარაბაღის საკითხი რუსეთში გადავიტანეთ. ყველაფერი მივეცით რუსეთს და ამით, თითქოს, საფრანგეთი და აშშ-იც განვაიარაღეთ”, – ამბობს პოლიტოლოგი, გლობალიზაციის ანალიტიკური ცენტრისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელმძღვანელი, სტეპან გრიგორიანი.

ბევრი პოლიტოლოგი სომხეთში წლების განმავლობაში ამბობდა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლად აუცილებელია მოლაპარაკებათა მაგიდასთან ყარაბაღის მხარის დაჯდომა. თუმცა ამჟამინდელი ვითარება ისეთია, რომ საკითხს უკვე სომხეთის გარეშეც განიხილავენ, ანუ სომხეთის მომავალს ისინი წყვეტენ, ვინც ამ ქვეყნის მოწინააღმდეგე მხარედ არის მიჩნეული. პოლიტოლოგთა აზრით, ამაში სომხეთის ხელისუფლებაა დამნაშავე.

“აგვისტოს დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოფიციალური შეხვედრები გამართა ილჰამ ალიევთან და რეჯეპ ერდოღანათან. შემდეგ სერჟ სარგსიანი დაიბარა. ეს არ ყოფილა არც სამუშაო შეხვედრა და არც ოფიციალური. ეს, უბრალოდ, იყო შეხვედრა. ანუ სერჟ სარგსიანი გამოიძახეს და უთხრეს, რა უნდა გააკეთოს.

გარდა ამისა, აღნიშნული შეხვედრის დროს სარგსიანთან  პუტინმა თავს უფლება მისცა, აზერბაიაჯანის ეკონომიკური წარმატებები შეექო. ეს არ მომხდარა შემთხვევით, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს გარეშე წყდება გარკვეული საკითხები, შემდეგ კი გვიბარებენ და ფაქტის წინაშე გვაყენებენ”, – ამბობს სტეპან გრიგორიანი, პოლიტოლოგი.
გრიგორიანის თქმით, რუსეთში კარგად იციან სომხეთის ხელისუფლების ლეგიტიმაციის დონე და, შესაბამისად, შეუძლიათ მსგავსი ნაბიჯების გადადგან, რადგან სომხეთის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება არსებობს.

სომხეთის ეროვნული და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი მანველ სარგსიანიც მიიჩევს, რომ სომხეთის ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ მისით მანიპულირება შეუძლიათ.

“ჩვენ რამდენიმე შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი და ბევრი ვალდებულება ავიღეთ საკუთარ თავზე. მუდმივად არსებობს შეფარული პოლიტიკური შანტაჟის საფრთხე – თუკი “ცუდად მოვიქცევით”, ჩვენი სახელმწიფო განადგურდება, – ამბობს სარგსიანი.

სპეციალისტების აზრით, შექმნილ სიტუაციაში რუსეთი სომხეთს დარტყმას მიაყენებს, და არა მხოლოდ ყარაბაღის საკითხში.
“უპირველეს ყოვლისა, არსებობს საფრთხე, რომ დაახლოებით ერთი საუკუნის წინანდელი ვითარება განმეორდეს, როდესაც 1921 წელს ბოლშევიკები, მოსკოვის [ყარსის] შეთანხმების შესაბამისად, სომხეთის ხარჯზე თურქეთთან დათმობაზე წავიდნენ – იმ ცრუ დაპირებებით, რომ ახლო აღმოსავლეთში კომუნიზმის გავრცელებით დაკავდებოდა. თუმცა ქემალისტებმა, მიიღეს რა ბოლშეკვიკებისგან იარაღი, საბრძლო მასალები, ოქრო, ტერიტორიები და ა.შ. მოატყუეს ისინი და საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენეს. რუსეთს ახლა ასევე შეუძლია სამმხრივი ფორმატის ფარგლებში თურქეთთან და აზერბაიაჯანთან სომხეთისა და არწახის ხარჯზე თურქულ-აზერბაიჯანულ მხარესთან წავიდეს დათმობაზე, რათა თურქეთი მოიმხროს”, – ამბობს თურქოლოგი აიკ გაბრიელიანი.

მისი თქმით, არ უნდა გამოირიცხოს არც ის ფაქტი, რომ სწორედ სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნა იქნება ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პაკეტის ნაწილი. ანუ საზღვრის გახსნა, შესაძლოა, წარუდგუნონ სომხურ მხარეს, როგორც დათმობა, რათა მან თავის მხრივ დათმოს ის ტერიტორიები, რიმლისკენაც თურქეთ- აზერბაიჯანის მხარე მიისწრაფვის.
გარდა ამისა, ბოლოდროინდელი რუსეთ-თურქეთის დაახლოება სომხეთისთვის იმითაცაა საშიში, რომ გარკვეული ინფორმაციით, რუსეთი გეგმავს, თურქეთს უახლესი ზენიტურ-სარაკეტო კომპლექსების S-400 წარმოების ტექნოლოგიები გაუზიაროს.

სომხეთისთვის სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა აკუიუს რაიონში რუსეთის მიერ პირველი თურქული ატომური სადგურის მშენებლობის საკითხიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი