სამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარების 8 წლისთავს ზეიმობენ

26 აგვისტო, 2016 • 1374
სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარების 8 წლისთავს ზეიმობენ

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკები რუსეთის მიერ 2008 წლის 26 აგვისტოს მათი დამოუკიდებლობის აღიარების 8 წლისთავს აღნიშნავენ.

ეს დღე ლეონიდ თიბილოვმა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა აფხაზ კოლეგას, რაულ ხაჯიმბას და აფხაზებსაც მიულოცა:

“2008 წლის 26 აგვისტო ერთ-ერთი ყველაზე საბედისწერო თარიღია ჩვენი სახელმწიფოების ისტორიაში. სწორედ ამ დღეს, ჩვენი რესპუბლიკების ხალთა თავისუფალი არჩევანის გათვალისწინებით, დიდი რუსეთის ხელმძღვანელობით, ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ისტორიული გადაწყვეტილება იყო მიღებული. ეს ნაბიჯი ჩვენს ხალხთა უსაფრთხოების საიმედო გარანტიების შესაქმნელად გადამწყვეტი გახდა”, – წერია თიბილოვის მისალოც წერილში.

“აფხაზეთი არის და იქნება სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო”, – აცხადებს რაულ ხაჯიმბა.

“2008 წლის შემდეგ აფხაზეთმა საერთაშორისო-სამართლებრივი და პოლიტიკური მდგომარეობის გაძლიერების კუთხით დიდი ნაბიჯი გადადგა. გაეროს წევრი ქვეყნების მიერ მცირე ისტორიულ მონაკვეთში დამოუკიდებლობის აღიარება აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის გამყარების საკითხში უზარმაზარ პროგრესზე მიუთითებს. რუსი სამხედრო მოსამსახურეების ყოფნა შემაკავებელი ფაქტორია რევანშისტულად განწყობილი ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. რუსული ბაზები აფხაზეთის ტერიტორიაზე არის მთელი რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტი. სანამ მიმდინარეობს დისკუსიები, ომი არ იქნება, და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია”, – ამბობს ხაჯიმბა.

2008 წლის აგვისტოს რამდენიმედღიანი ომიდან მალევე, 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის გარდა მათი დამოუკიდებლობა ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი