სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის განვითარებადი კინოინდუსტრია

30 ივნისი, 2016 • 1745
აზერბაიჯანის განვითარებადი კინოინდუსტრია

გარკვეული პაუზის შემდეგ აზერბაიჯანში ისევ დაიწყეს ფილმების გადაღება, თუმცა ფილმების ხარისხზე მეტად მათი რაოდენობა იზრდება. კინოინდუსტრიის განვითარებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფული ისევ სახელმწიფო კინოსტუდიას მიაქვს, რომელიც თავად წყვეტს, რა ფილმი უნდა გადაიღონ და როგორი სცენარით.

აზერბაიჯანის კინოინდუსტრიის ისტორია სათავეს 1989 წლის 2 აგვისტოდან იღებს. ამ დღეს ნაჩვენები იყო ფოტოგრაფისა და მწერლის, ალექსანდრ მიშონის აზერბაიჯანში გადაღებული პირველი დოკუმენტური ფილმები: “ნავთობის შადრევნის ხანძარი ბიბი ეიბატში”, “ნავთობის შადრევანი ბალახანში”, ”სახალხო სერინობები ქალაქის ბაღში”, “კავკასიური ცეკვა” და კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი სურათი “დაგიჭირეს”.

1915 წელს ბაქოში დაფუძნებულმა კინოგაქირავების კომპანიამ “პირონ ბრაზერსმა” მუსაბექოვის ნოველის “ნავთობისა და მილიონების სამეფოში” მიხედვით პირველი აზერბიჯანული მხატვრული ფილმი გადაიღო.

საბჭოთა კავშირის დროს აზერბაიჯანულმა კინემატოგრაფიამ განვითარება დაიწყო. იმ ეპოქაში, როდესაც ყველა სფერო, მათ შორის კინომატოგრაფია, სისტემის დაქვემდებარებაში იყო, გამოჩდნენ რეჟისორები, რომლებიც ბევრ საინტერესო ფილმს იღებდნენ. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის წლებში აზერბაიჯანულ კინოს სტაგნაციის პერიოდი ჰქონდა.

კინოკრიტიკოსი აიგუნ ასალანოვა ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში, განსაკუთრებით 1960-1970 წლებში ბევრმა აზერბაიჯანელმა რეჟისორმა განათლება რუსეთის უნივერსიტეტებში – გერასიმოვის სახელობის კინომატოგრაფიის ინსტიტუტსა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, მსოფლიო კინოს ტრენდები აზერბაიჯანულ კინოშიც შემოიტანეს.

აიგუნ ასლანოვა ამბობს, რომ აზერბაიჯანის კინო ადრეულ 90-იანებამდე ბევრად წარმატებული იყო. დამოუკიდებლობის დასაწყისში ბევრი კინოსტუდია გაჩნდა და ადამიანები ამ ინდუსტრიაში ინვესტიციას დებდნენ.

თუმცა 90-იანების შუა პერიოდიდან 2000 წლამდე აზერბაიჯანის კინოინდუსტრიაში სიჩუმემ დაისადგურა. ამ წლებში მხოლოდ 2-3 ფილმი გადაიღეს. 2003 წლიდან აზერბაიჯანის კინო გამოცოცხლებას იწყებს.

ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

ასლანოვა მიიჩნევს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი საპროდიუსერო ცენტრების დაფუძნება გახდა.

“აზერბაიჯანულმა კინომ კვლავ დაიწყო განვითარება რაოდენობრივად. თუმცა ხარისხობრივი განვითარების კუთხითაც ჰქონდა პოტენციალი”.

2009 წელს, აზერბაიჯანის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, საპროდიუსერო ცენტრების დაფინანსება წყდება და მთავარი საპროდიუსერო კომპანია სახელმწიფო კომპანია “აზერბაიჯანფილმი” ხდება.

“აზერბაიჯანფილმი” თავად აცხადებს კონკურსებს გარკვეულ თემაზე ფილმის პროექტებზე, მხავტრული ფილმის სცენარებზე და ა.შ. გარდა ამისა, როგორც თავად აცხადებენ, სახელმწიფოს ფულით ამზადებენ რეჟისორებს, სცენარისტებს, ოპერატორებსა და მხატვრებს.

კინოდოკუმენტალისტი ელაშან მემდოვი ძირითად პრობლემად ადგილობრივი კინოს დაფინანსების საკითხს განიხილავს – სახელმწიფოდან გამოყოფილი ფული ისევ სახელმწიფოს კინოსტუდიაში მიდის:

“ადრე დამოუკიდებელ სტუდიებსაც შეეძლოთ ამ ფულის გამოყენება, დღეს ეს შეუძლებელია”.

გარდა “აზერბაიჯანფილმის” დაფინანსებისა, კინოს განვითარების მიზნით, სახელმწიფო კონკრეტული ფილმების გადასაღებად გამოყოფს ფულს. მაგალითად, წინა წელს აზერბაიჯანმა კინოსფეროს დაფინანსებითვის 6 მილიონი მანათი გამოყო, თუმცა 2015 წლის ინფლაციის შემდეგ ეს თანხა 3 მილიონამდე შემცირდა.

კინოინდუსტრიის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ხარისხიანი კინოს შექმნისთვის გამჭვირვალე ტენდერები უნდა ჩატარდეს.

კინოდოკუმენტალისტ ელაშან მამედოვის თქმით, თუკი მეტი კერძო ფული ჩაიდება კინოინდუსტრიაში, ეს სფერო უფრო განვითარდება:

“დღეს კინოინდუსტრია ძალიან სუსტია, თავისუფალი კინოინდუსტრია მძიმე სიტუაციაშია”.

მამადოვი იმედოვნებს, რომ ვითარება მალე შეიცვლება.

“ვერ შეაკავებ კინოიდუსტრიას დიდი ხნით.”

კინოთეატრები, როგორც კინოინდუსტრიის განვითარების საწყისი

გარკვეული ძვრები უკვე არსებობს, რასაც ბაქოში კინოთეატრების გახსნას უკავშირებენ.

დღევანდელ აზერბაიჯანულ კინომატოგრაფზე საუბრისას აიგუნ ასლანოვა ამბობს, რომ სფერო ახლა იწყებს განვითარებას, რამდენადაც კინოთეატრებზე მოთხოვნა იზრდება და ადგილობრივ ფილმებს გაყიდული ბილეთებით შემოსავალი მოაქვს.
პროდიუსერი და რეჟისორი, აზერბაიჯანის კინომატოგრაფისტთა კავშირის მდივანი ალი ისა ჯაბაროვი ამბობს, რომ აზერბაიჯანული კინოს წარმატება ახლა იწყება.

ის ამბობს, რომ აზერბაიჯანული კინო სახელმწიფო კინოსტუდიის მონოპოლიიიდან გამოდის, რადგან დამოუკიდებელი პროდიუსერები და რეჟისორები გამოდიან ასპარეზზე.

“ამ გამოცოცხლებას ბიძგი მიეცა, როდესაც აზერბაიჯანელმა ბიზნესმენმა ამ სფეროში ფული ჩადო და Park cinema-ს ქსელი დააფუძნა. ადამიანებმა კინოში სიარული დაიწყეს”.

2009 წელს ბაქოში Park cinema კინოთატრის ქსელი შეიქმნა. ქსელი 5 კინოთეატრსა და 23 კინოდარბაზს აერთიანებს. მოგვიანებით, 2010 წელს, Nizami Cinema Center თავიდან გაიხსნა, თუმცა ის სახელმწიფოს, კონკრეტულად კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

ბაქოში კინოთეატრები ძირთადად სავაჭრო ცენტრებშია განთავსებული. ფილმები კი რუსულ ენაზე დუბლირებული.
არც ისე დიდი ხნის წინ, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს რჩევით, კინოთეატრებმა ფილმების აზერბაიჯანულ ენაზე გახმოვანება დაიწყეს.

აზერბაიჯანის კინოთეატრებში ყველაზე კარგად აზერბაიჯანული კომედიური ჟანრის ფილმები იყიდება. მაგალითად, როგორიცაა ბოლო დროს გადაღებული ფილმები: “Xoxan” და “მე მქვია ინტიგამი”.

კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დაქვემდებარებული Nizami cinema Center-ს პრესსპიკერი არზუ აჰადოვა მათი კინოთეატრის ხელახლა გახსნას პროგრესს უწოდებს. აჰადოვა ამბობს, რომ სამინისტროს ინიციატივა ფილმების აზერბაიჯანულად დუბლირებაზე მაყურებლის რიცხვს გაზრდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი