სამხრეთ კავკასიის ამბები

ცხოვრება ყარაბაღში აპრილის კონფლიქტის შემდეგ [ვიდეო]

30 ივნისი, 2016 • 1506
ცხოვრება ყარაბაღში აპრილის კონფლიქტის შემდეგ [ვიდეო]

ხილისა და ბოსტნეულის მრავალი სახეობა, ახალი ხორცი, თხილი, ადგილობრივი პური – მთიანი ყარაბაღის დედაქალაქის, სტეპანაკერტის ცენტრალურ ბაზარში ერთი შეხედვით ყველაფერი უცვლელია, თუმცა 2016 წლის ზაფხული მაინც განსხვავებულია – დამსვენებლები და ტურისტები არ არიან.

ჟულიეტა გასპარიანი რამდენიმე წელია ამ ბაზარში მუშაობს. აპრილის მოვლენებმა შემოსავლის წყარო დროებით მოუსპო – ვაჭრობა არ არის. ამის მიუხედავად, იმედს არ კარგავს:

“ცხოვრება გრძელდება. ვასუფთავებ კაკალს, რომ გავყიდო. ტურისტების რაოდენობას, მათი რიცხვის შემცირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ასეა თუ ისე, ცხოვრებას და მუშაობას გავაგრძელებთ. უნდა ვიბრძოლოთ, რომ ის მივიღოთ, რაც გვსურს. მთავარია, მშვიდობა იყოს,” – ამბობს გამყიდველი.

“მოთმინებით ვართ შეიარაღებული. ეს ჩემი შვილიშვილია. აქ საყიდლებზე მოვედით. ყველაფრის მიუხედავად, თავს ბედნიერად ვგრძნობთ. კარგად ვცხოვრობთ, ვსვამთ, ვჭამთ, ვმხიარულობთ კიდეც. ყველამ იცოდეს, რომ არ გვაქვს არანაირი საფუძველი იმისა, რომ სხვაგან წავიდეთ საცხოვრებლად. ჩვენი ყარაბაღი სისხლის ფასად არის აღებული და ბოლომდე დავიცავთ”, – ამბობს სტეპანაკერტის მკვიდრი.

“ყოველ წელს ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა, ახლა არც ისე ბევრნი არიან. ალბათ, ჩამოვლენ. მთავარია, ომი არ იყოს”, – ამბობს პურის მცხობელი, რომელიც სტეპანაკერტის ცენტრალურ სასურსათო ბაზარში მუშაობს.

სტეპანაკერტისგან განსხვავებით, მუდმივად დაძაბულ რეჟიმში ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კონფლიქტის ზონაში, მარდაკერტის რაიონის სოფლებში ცხოვრობენ. 2016 წლის აპრილში ჩამოგდებულმა ჭურვებმა მათი სახლები და კარ-მიდამო დააზიანა.

“2 აპრილს, 9:30 საათი იქნებოდა, სროლა დაიწყო. ბავშვები სახლში იყვნენ. მეორე დღესაც ისროდნენ, ფანჯრები, სახურავი ჩაიმსხვრა. მეზობელი სახლის სახურავი მთლიანად ჩამსხვრეულია. რემონტი უნდა გაკეთდეს”, – ამბობს სოფელ თალიშის მცხოვრები.

13556071_595571543937081_1032224179_o

13556059_595571503937085_1852536656_o

მარდაკერტის რაიონის სოფელი თალიში აპრილის დღეებში ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამ სოფლიდან არის ყველაზე მეტი დევნილი, რომელთა ნაწილი სტეპანაკერტში, ნაწილი კი ერევანში გადავიდა დროებით საცხოვრებლად. ბევრი მათგანი 2016 წელს მეორედ გახდა დევნილი.

როგორც კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, მათი საცხოვრებელი სახლების შეკეთება ნაწილობრივ დაიწყო. მოსახლეობას საკუთარი სახსრებით აღდგენა ან შეკეთება არ შეუძლია.

2016 წლის 2 აპრილის ღამეს აზერბაიჯანის არმიამ ყარაბაღ-აზერბაიჯანის შეხების მთელ ზოლზე ფართომასშტაბიანი თავდასხმები დაიწყო, რის შედეგადაც ორივე მხარემ [სომხეთი, აზერბაიჯანი] მრავალრიცხოვანი დანაკარგი განიცადა – დაღუპული და დაჭრილი ადამიანების რაოდენობამ რამდენიმე ასეული შეადგინა. ამავდროულად, ოთხდღიანი საბრძოლო მოქმედებების დროს ყარაბაღის მხარემ რამდენიმე სამხედრო პოზიცია დაკარგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი