სამხრეთ კავკასიის ამბები

ECRI აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან უმცირესობათა და ლგბტ აქტივისტთა უფლებების დაცვას ითხოვს

8 ივნისი, 2016 • 1073
ECRI აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან უმცირესობათა და ლგბტ აქტივისტთა უფლებების დაცვას ითხოვს

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ (ECRI) აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან რელიგიურ უმცირესობათა და ლგბტ აქტივისტთა უფლებების დაცვა მოითხოვა.

2016 წლის 7 ივნისს გამოქვეყნებული რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) ანგარიშში წერია, რომ აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა წინააღმდეგ რეპრესიების ფონზე რელიგიურ უმცირესობათა და ლგბტ აქტივისტთა უფლებები ირღვევა.

ანგარიშის ავტორები აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის პირობების შექმნას და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლის შეწყვეტას ითხოვენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანში პოლიტიკოსებისა და მედიის მხრიდან აქტიურად გამოიყენება სიძულვილის ენა, აქტივისთა და მედიის წინააღმდეგ გრძელდება რეპრესიები, სექსუალური უმცირესობების მიმართ ხდება წინასწარგანწყობების დამკვიდრება, რელიგიური უმცირესობების მიმართ კი- დისკრიმინაცია.

“2012 წელს რამილ საფაროვის შეწყალება და გათავისუფლება, რომელსაც ბუდაპეშტში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი სომეხი ოფიცერის მკვლელობისთვის, ხელს უწყობს რასიზმის ნიადაგზე დანაშაულის ჩადენისა და დაუსჯელობის განცდის ფორმირებას.

ანგარიშში წერია, რომ აზერბაიჯანს არ აქვს მიღებული კანონმდებლობა დისკრიმინაციასთან ბრძოლაში და ქვეყანაში არ არსებობს დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია რასიზმისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლასა და მის აღკვეთაში.

ამასთან, ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის რელიგიის თავისუფლების შესახებ კანონი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. “სხვადასხვა რელიგიური უმცირესობა დისკრიმინაციასა და შეზღუდვებს განიცდიდნენ, მათ შორის, პოლიციის რეიდების, დაკავების, ჯარიმების დროს. გავრცელებულია პრაქტიკა მეჩეთს მიღმა ლოცვის აკრძალვა, რელიგიური ლიტერატურის ცენზურა და ამისთვის მკაცრი სასჯელი”.

აღნიშნულ ანგარიშში,  დადებითი მომენტებზეც არის საუბარი, მაგალითად, საემიგრაციო კანონმდებლობის დახვეწა და ისტორიულად მცხოვრები უმცირესობების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.

მასალების გადაბეჭდვის წესი