სამხრეთ კავკასიის ამბები

მკვლელობა ხურჩაში: ქორების გამოცოცხლება

31 მაისი, 2016 • 1981
მკვლელობა ხურჩაში: ქორების გამოცოცხლება

ბოლო კვირა სერიოზული ემოციური დაძაბულობის პერიოდი იყო. ჩემი განცვიფრება და მდგომარეობიდან გამოყვანა მარტივი არ არის – რამდენიმე წელია “ეხო კავკაზაზე” კომენტარების მოდერაციას ვახორციელებ, რასაც სასიამოვნო პროცესს ნამდვილად ვერ ვუწოდებ – ყოველდღე კითხულობ სიძულვილის ნაკადს, რომელსაც ჩვენი, არც ისე მარტივი პროექტის მკითხველები და მსმენელები ანთხევენ. თუმცა აუდიტორიის განწყობებების გასაგებად აუცილებელია მასთან ონლაინრეჟიმში უკუკავშირი გქონდეს. ამიტომ გადავწყვიტე საკუთარ თავზე ამეღო ეს ტვირთი, რომელიც ასეთი მძიმე, ალბათ, ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა.

შეურაცხყოფა, ძალადობის მუქარა, მოწოდებები შურისძიებაზე, “წყეული აფსუები”, “კავკასიის მოღალატეები”, “თქვენ გელოდებათ ჩრდილოეთ კავკასია”, “ჩვენი დროც მოვა” და ა.შ. ამ მასშტაბურმა ისტერიკამ, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამახსენა სხვა წლები.

ხალხი ალბათ ყოველთვის ასეთია – რისხვის კოცონში ცოტაოდენი ნაკვერჩხალიც საკმარისია, რომ ადამიანური სახე დაკარგოს.

სამწუხარო ის არის, რომ ამ რევანშისტულმა განწყობამ, სავარაუდოდ, არა მხოლოდ ქვედა ეშელონები მოიცვა. აი, “ეხო კავკაზაზე” ბლოგერებმაც კი, რომელთაც სხვა დანარჩენ საკითხებზე რადიკალურად განსხვავებული აზრი აქვთ, მტვრით დაფარული თეზისები გამოალაგეს, რომ “ომით წართმეული ომითვე უნდა დაიბრუნო”. აქ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ასეთი პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, თუმცა ქვეტექსტი ცალსახად რევანშისტულია. ერთი ამბობს, რომ უბრალოდ უნდა დაუცადო რუსეთის ხელისუფლების შეცვლას, ან მის კრახს [ასე მიიჩნევს პროდასავლური ბლოგერი] და პირიქით – საქართველოსთან საერთო ენის გამონახვის მცდელობის გაძლიერებით [“რუსოფილი” ბლოგის ქვეტექსტი] “აფხაზური საკითხი” ასე თუ ისე გადაწყდება.

დემონიზაცია იქამდე მიდის, რომ მკვლელი აფხაზის მიერ ქართველისთვის სროლა მხოლოდ რუტინაა, ამის გაკეთება მას ყველანაირი მიზეზით შეუძლია. შეუძლია მოკლას, როგორც ტარაკანი, მხოლოდ იმიტომ, რომ მის წინაშე საძულველი ქართული წარმომავლობის წარმომადგენელია და მხოლოდ კონკრეტული რაშიდ კანჯი-ოღლი კი არა, ყველა აფხაზი ასეთია.

სურათი უფრო და უფრო გროტესკული ხდება. ისეთი განცდა გაქვს, რომ მხოლოდ ერთ აფხაზ მესაზღვრეს არ მოუკლავს გალის მკვიდრი გიგა ოთხოზორია და “კოლექტიურმა აფხაზმა” “კოლექტიურ ქართველს” , მთელ ქართველ ერს ესროლა თავში და მკვლელობის ეს რიტუალი აფხაზეთში სახალხო კრების დროს დაგეგმა. დაგეგმა იმიტომ, რომ აჩვენოს და დაამციროს. ეს კი “არ უნდა შევარჩინოთ მათ”.

ამ კოორდინატების სისტემაში გამოძიებას ადგილი არ აქვს – არ არის საჭირო მოწმეების დაკითხვა, დანაშაულის გარემოებების გარკვევა, მისი პრეისტორია, მოტივები, მკვლელისა და მისი მსხვერპლის ფსიქოლოგოური პორტრეტების დახატვა. დეტალები უმნიშვნელოა: წინა ომი, გადამწვარი სახლები, მოკლული ნათესავები, დამცირება, შეურაცხყოფა, ყოველდღიური ქრთამები და აშ.

მე არ ვიცი ზუსტად, რა იყო კამერაზე აღბეჭდილი ინციდენტის მიზეზი, თუმცა, სავარაუდოდ, მისი საფუძველი დე ფაქტო საზღვარზე ჩვეულებრივი კონფლიქტის ჩარჩოებიდან გამოსვლა გახდა. გამყოფ ხაზზე არსებულ ვითარებას იდეალურს ვერ დაარქმევ, თუმცა მკვლელობა ნორმა სულაც არ არის. თუ მოწმეთა ჩვენებებს ვენდობით, გიგა ოთხოზორია ექსპრესიულად გამოხატავდა აღშფოთებას ქრთამის გადახდის მოთხოვნის პასუხად. თავად ის ფაქტი, რომ მან ასე ღიად გამოხატა საკუთარი უკმაყოფილება, იმაზე მეტყველებს, რომ კონფლიქტის ასეთ განვითარებას არ შეუშინდა. სამწუხაროდ, ეს “ერთჯერადი შემთხვევა” ოთხოზორიასთვის ფატალური აღმოჩნდა.

რა გადაუტრიალდა თავში რაშიდ კანჯი-ოღლის, გამოძიებამ გაარკვიოს. თუმცა აფხაზურ საზოგადოებაში “ომის ლოგიკა” იმაზე ნაკლებად არ არსებობს, ვიდრე ქართულში. ამის მიუხედავად, მაინც ვიმედოვნებ, რომ სამართლიანობა თუ არა, საღი აზრი მაინც იზეიმებს. რაც არ უნდა იყოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მომხდარ შეტაკებაზე ნათქვამი, მკვლელობა- მკვლელობაა და ამისთვის უნდა დაისაჯონ. აფხაზეთში სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყება, თუნდაც ფორმალურ დონეზე, აჩვენებს იმას, თუ როგორ უნდა მოიქცე მსგავსი გარემოებების დროს, ამის სწორი გაგება არსებობს. კანჯი-ოღლის მამაცობისთვის ორდენს არავინ გადასცემს, როგორც არ უნდა ქილიკებდეს ამის შესახებ ჩემი ქართველი მეგობარი ფეისბუკზე.

რა თქმა უნდა, აფხაზეთის ხელისუფლების მწუხარება მოკლულის ოჯახის მიმართ არც ისეთი გულწრფელია და სოციალურ ქსელებში ისეთებიც არიან აფხაზეთიდან, ვისთვისაც ეთნიკური წარმომავლობის პრინციპი სამართლიანობაზე მნიშვნელოვანია. ქართველებს ახსენებენ გალის რაიონში მრავალი აფხაზი ძალოვანის დაღუპვას [აქ უკვე ბოლო მკვლელობის მსხვერპლი კოლექტიური ქართველია, რომელმაც ყველა ამ სიკვდილზე უნდა აგოს პასუხი]. თუმცა ასეთი მოსაზრება უმცირესობაშია და სხვა აფხაზი მომხმარებლების მხრიდან მკვეთრად გამოხატულ წინააღმდეგობას აწყდება – მიწაზე დაგდებული უიარაღო ადამიანისთვის სროლა აფხაზური ღირსების კოდექსის ჩარჩოებს მიღმაა.

“მაინც არ აქვთ აფხაზებს ქართველების მიმართ ისეთი სიძულვილი, როგორც სომხებს აზერბაიჯანელების მიმართ”, – აღნიშნავს ჩემი სომეხი მეგობარი და იხსენებს, როგორ აღიქვეს ბაქოში აზერბაიჯანელის მიერ მძინარე სომეხის უნგრეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი.

შესაძლოა, ის მართალია. თუმცა ჩემ მიერ გამოტოვებული კომენტარების კითხვა განსაკუთრებულ ოპტიმიზის საფუძველს არ მაძლევს. შემიძლია მხოლოდ იმედი დავიტოვო იმისა, რომ ჩვენ სპეციფიკური აუდიტორია გვყავს და საერთო ქართულ [არარუსულენოვან] მედიაგარემოში ყველაფერი ასე მწვავედ არ არის და მომხმარებლები უფრო თავშეკავებული და რაციონალური არიან.

თუმცა ეს იმედიც იკარგება, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც პაატა ზაქარეიშვილმა [შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი] მოიბოდიშა მის მიერვე გაკეთებული განცხადების გამო  [რისთვის მოიხადა ბოდიში, მაინც ვერ გავიგე]. მაგრამ ეს უკვე პოლიტიკაა – ინფანტილური, არა სამართლიანობისთვის, არამედ შურისძიებისთვის მოწოდებული, რომელიც ხალხის ინსტინქტებზე თამაშობს და სრულებით სხვა მიზანს ისახავს, ვიდრე ქართველებსა და აფხაზებს შორის შერიგებას. ეს მიზნები უფრო მიწიერია – დამატებითი ქულები მოახლოებული არჩევნებისთვის.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი