სამხრეთ კავკასიის ამბები

ზაქარეიშვილი აფხაზებს: რატომ ვაწვალებთ ერთმანეთს?

30 მაისი, 2016 • 1352
ზაქარეიშვილი აფხაზებს: რატომ ვაწვალებთ ერთმანეთს?

“რატომ ვაწვალებთ ერთმანეთს? არ ჯობია – ერთმანეთის ჯიბრზე კი არა, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით მივიდეთ საერთო შედეგამდე”, – წერს შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ჯემნიუსზე გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც თბილისის სამშვიდობო პოლიტიკასა და მის შედეგებს შეეხება.

“მე აფხაზებს ასეთი წინადადებით მივმართავდი: მოდით, პირისპირ განვიხილოთ თქვენი ყველანაირი შიში. ერთობლივად დავწეროთ მოქმედების ისეთი გეგმა, ისეთი სახელმძღვანელო დავწეროთ, რომელიც თქვენთვისაც მისაღები იქნება და ჩვენთვისაც. გალის რაიონი ისეთი ფენომენია, რომ საქართველო ვერ მართავს იქ სიტუაციას აფხაზური საზოგადოების გარეშე და ვერც აფხაზური საზოგადოება მართავს სიტუაციას გალში დანარჩენი საქართველოს გარეშე”.

აფხაზეთისთვის შეთავაზებებზე საუბრის დროს მინისტრი ფედერალიზმის თემას [ზაქარეიშვილს აქამდეც უსაუბრია ამ საკითხზე] ეხება და ამბობს, რომ მომავალში “საქართველოს ფედერალიზაცია ვერ ასცდება”.

საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგების შეფასებისას კი  წერს, რომ “მთავარი შედეგი ის არის, რომ ჩვენ გადავტეხეთ წელში 25-წლიანი პრაქტიკა, როცა თბილისი კარნახობდა სოხუმს და ცხინვალს პოლიტიკას, „როგორც ჩვენ გვინდა, ისე იქნება“:

“ჩვენი ახლანდელი მესიჯი ასეთია: ჩვენ ვართ მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკის მომხრეები. ანუ გამოვრიცხავთ ჩვენს ხალხთან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან, ყოველგვარ საომარ მოქმედებებს.
შესაბამისად, ყველაფერი გავაკეთეთ, რათა საქართველოს ხელისუფლებამ არ მისცეს საშუალება გარე ძალებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განახლდეს საომარი მოქმედებები”.

პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრება სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

პაატა ზაქარეიშვილი; ფოტო: შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფეისბუკის გვერდიდან

პაატა ზაქარეიშვილი; ფოტო: შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფეისბუკის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი