სამხრეთ კავკასიის ამბები

ნატო და ტერიტორიული მთლიანობის რუსეთისეული საფასური

17 მაისი, 2016 • 2722
ნატო და ტერიტორიული მთლიანობის რუსეთისეული საფასური

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის ამგვარი თეზა: „ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის და ზოგადადაც, გაუგებარია, რატომ მივისწრაფვით ნატოსკენ, როდესაც მისი კარი ჩვენთვის დახურულია“; რომლის ართქმული გაგრძელებაა: „რადგან ამ საქმიდან არაფერი სახეირო არ გამოდის, ხომ არ აჯობებს, ისევ რუსეთთან გვეცადა ბედი“.
პოლიტიკოსები, ექსპერტები, საზოგადოების ნაწილი, რომლებიც ამ კითხვებს სვამენ, დისკუსიაში შედიან მეორე ნაწილთან, რომელიც სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს.

წარმოდგენილ სტატიაში შევეცდები გავაანალიზო ქვეყნის საგარეო ორიენტაციისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმიმართება, რაშიც ორი ძირითადი კითხვა დამეხმარება:

– გვაშორებს თუ გვაახლოებს დასავლეთი ტერიტორიულ მთლიანობასთან?
– რა საფასური უნდა გადავუხადოთ რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სანაცვლოდ?

დასავლეთი და ტერიტორიულ მთლიანობა

დავიწყოთ იქიდან, რომ ზემოთ მოყვანილ თეზაში, რამოდენიმე უზუსტობაა დაშვებული, მათ შორის ერთ-ერთი ფრიად მნიშვნელოვანია და უნებლიე შეცდომას არ წააგავს. საქმე ის არის, რომ წლების განმავლობაში საკითხი იმგვარად იყო წარმოჩენილი, თითქოს რუსეთისათვის მეზობლების მხოლოდ ნატოში ინტეგრაციაა მიუღებელი. თუმცა ბოლოდროინდელი გამოცდილება, კერძოდ კი, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, საკითხის მხოლოდ ნატომდე დაყვანის სიმცდარეს მკაფიოდ კვეთს.
უკრაინის გარშემო შექმნილმა მდგომარეობამ აჩვენა, რომ რუსეთის „წითელი ხაზი“ ვრცელდება ევროკავშირთან ინტეგრაციაზეც. აღმოჩნდა, რომ ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულბაც კი, შესაძლოა, რუსეთის აგრესიის წინაპირობა გახდეს (ასოცირება კი წევრობისგან ძალიან შორსაა. მაგალითად, მეზობელმა თურქეთმა ასოცირების ხელშეკრულებას 1963 წელს მოაწერა ხელი). აქედან დასკვნა: რუსეთი რეაგირებს შერჩევით, ერთ შემთხვევაში აგრესიის გამომწვევი შესაძლოა ნატოსთან დაახლოება გახდეს, მეორეში კი- ევროკავშირთან. არაა გამორიცხული, გამოიძებნოს სრულიად სხვა მიზეზიც. აქ გადამწყვეტია მიმდინარე პროცესების რუსეთისეული აღქმა, ანუ, თუ რუსეთი სტატუს კვოს ცვლილებას მის საზიანოდ, საკუთარ ინტერესებთან შეუსაბამოდ განიხილავს, მაშინ აქტიურ მოქმედებებსაც უნდა ველოდეთ.

ის, რომ თეზა სტატუს კვოსთან დაკავშირებით მართებულია, 2014 წელს საქართველოსა და ევროკაშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების საპასუხოდ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან გაფორმებული „ხელშეკრულებებიც“ ცხადყოფს.
შესაბამისად, რაც უფრო წარმატებული იქნება საქართველოს დასავლური გზა (განურჩევლად, ევროკავშირისკენ თუ ნატოსკენ), მით უფრო გაიზრდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე იურე ანექსიის ალბათობაც. თუ მოვლენათა განვითარების ეს ლოგიკა მართებულია, მაშინ, სულ მცირე, დროის საშუალოვადიან მონაკვეთში საქართველოს საგარეო კურსი მას ტერიტორიული მთლიანობისგან აშორებს. თუმცა ისინი, ვინც ფაბულის პირველ ნაწილზე ამახვილებენ ყურადღებას, რატომღაც ერიდებიან საუბარს იმ საფასურის შესახებ, რომელიც საქართველომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პერსპექტივაში (და არა მაინცდამაინც დაბრუნებაში!) უნდა გაიღოს.

ტერიტორიული მთლიანობის რუსეთისეული საფასური

კონფლიქტების მოსაგვარებლად რუსეთის გამოყენება ახალი და ორიგინალური აზრი არაა, ის მუდმივად მუსირებდა ქართულ პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივ სივრცეში. თუმცა გამოყენებული ძირითადად ისევ ეს უკანასკნელი რჩებოდა. 1993 წელს, აფხაზეთში საქართველოს დამარცხებიდან (რაც მთლად ურუსეთოდ არ მომხდარა) რამდენიმე თვის შემდეგ, ზუსტად ზემოთ მოყვანილი მოსაზრებით საქართველო დსთ-ში გაწევრიანდა. სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ ამ სტრუქტურაში გაწევრიანებას შევარდნაძე-გამსახურდიას დაპირისპირება და სამოქალაქო ომიც დაედო საფუძვლად. შესაბამისად, დსთ-ში შესვლისას თბილისი შემდეგი მოტივებით ხელმძღვანელობდა: ა) პირველ ეტაპზე დეზინტეგრაციული პროცესების შეჩერება, უფრო ზუსტად კი, პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერთა დამარცხება უნდა მომხდარიყო; ბ) ამის შემდგომ, იმავე რუსეთის დახმარებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ქვეყნის შემდგომი გახლეჩვის შეჩერება მოხერხდა, თუმცა დსთ-ში შესვლა საკმარისი არ აღმოჩნდა. აუცილებელი გახდა რუსეთის ბაზების განთავსება საქართველოში (ახალქალაქი, ბათუმი, ვაზიანი, გუდაუთა), ასევე, საქართველოს ხელისუფლება დათანხმდა ძალოვანი (თავდაცვა, უშიშროება) მინისტრების მოსკოვთან შეთანხმებით დანიშვნას.

შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სულ რაღაც ორი წლის თავზე საქართველომ სტაბილურობასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივაში სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი გაცვალა. იძულებით გაწევრიანდა რა დსთ-ში, მან დათმო საგარეო პოლიტიკის ავტონომიურობა, მეტიც, დათანხმდა რა მინისტრების გარედან დანიშვნას, საშინაო პოლიტიკასაც ვერ აწარმოებდა დამოუკიდებლად.

თუმცა ამ ყველაფერს რაიმე სახის მნიშვნელოვანი ძვრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით არ მოჰყოლია. ზუსტად ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მოგვიანებით, უკვე 90-იანი წლების ბოლოს, შევარდნაძემ მზერა ჩრდილოეთიდან ნელ-ნელა დასავლეთისკენ გადაიტანა.

ამ მოვლენების შემდგომ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ქართულ-რუსული ურთიერთობები ნელ-ნელა სულ უფრო უარესდებოდა. ხოლო 2008 წლის მოვლენების შედეგად, მდგომარეობა თვისობრივად შეიცვალა, რამაც კიდევ უფრო გაართულა იმ საფასურის წარმოდგენა, რაც საქართველომ რუსეთს ტერიტორიული მთლიანობისთვის უნდა გადაუხადოს. თუმცა სავარაუდო „საწყისი შენატანის“ გამოცნობა დაახლოებით მაინც შესაძლებელია: ნატოზე უარის თქმა; ევროკავშირის მიმართულებით ძალისხმევის ნელ-ნელა შენელება და, საბოლოო ჯამში, პროცესის საბოლოო შეჩერება (ამ მხრივ სამაგალითოა სომხეთის შემთხვევა); რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ (ევრაზიული კავშირი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) პროექტებზე საფუძვლიანი მსჯელობის დაწყება და მათთან ეტაპობრივი მიერთება.

ანუ თბილისს მოსთხოვენ ლოიალურობის დამტკიცებას და იმგვარი გარანტიების გაცემას, რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ (ანდა გრძელვადიანად) უზრუნველყოფენ მის მიბმას რუსეთთან. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდგომაა მოსალოდნელი ტერიტორიულ მთლიანობაზე რაიმე სახის საქმიანი საუბარი. თუმცა რთულად წარმოსადგენია, რომ ცხინვალი, განსაკუთრებით კი სოხუმი, დიდი ენთუზიაზმით დაჰყვეს მოსკოვის ნებას. საბოლოო ჯამში, შესაძლოა, მივიღოთ კონფედერაციული ტიპის წარმონაქმნი, რომლის არსებობაც, თბილისის თუნდაც ერთი „არასანქცირებული“ მოძრაობის შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს პროდასავლური კურსი ტერიტორიულ მთლიანობას მართლაც აშორებს, თუმცა სხვა არჩევანი თითქოსდა არც არის, რადგან საფასური, რომლის გადახდაზეც ჩრდილოეთიდან მიგვანიშნებენ, სხვას არაფერს, თუ არა სუვერენიტეტზე უარის თქმას ნიშნავს.

ასე რომ, ქართული საზოგადოება არჩევანის წინაშე დგას- გახდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მუდმივი მძევალი, თუ განაგრძოს სახელმწიფოს შემდგომი მშენებლობა იმის იმედით, რომ მამავალში, როდესაც შესაბამისი პოლიტიკური რეალობა გაჩნდება, ამ „შესაძლებლობის ფანჯარას“ მომზადებული დახვდება.

ზოგადად, მუდმივად რუსეთ-დასავლეთის შეპირისპირებას და ამაზე ქვეყნის ისედაც შეზღუდული ინტელექტუალური რესურსის ხარჯვას ალბათ განვითარების სხვა ასპექტებზე ფიქრი გვმართებს; ამ მიმართულებით წარმატების შემთხვევაში, საქართველოს „ფასი“- როგორც რუსეთის, ასევე დასავლეთისათვის- მნიშვნელოვნად აიწევს, რაც საბოლოო ჯამში, კონფლიქტებზეც შესაბამის ასახვას პოვებს.

28478

გიორგი კანაშვილი, კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი

მასალების გადაბეჭდვის წესი