სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში დაგეგმილი საეკლესიო-საერო კრება ახალ დაპირისპირებას იწვევს

13 მაისი, 2016 • 2003
აფხაზეთში დაგეგმილი საეკლესიო-საერო კრება ახალ დაპირისპირებას იწვევს

2016 წლის 15 მაისს აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიოს მიერ ახალ ათონში მეორე საეკლესიო-საერო კრების გამართვას აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია, მისი ხელმძღვანელი ბესარიონი და აფხაზური საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგებიან.

“ეს კრება არამართლმადიდებლური და არაკანონიკურია. ასეთი სახალხო კრებებით საეკლესიო საკითხი არ წყდება. კიდევ არ არის გვიანი, ამ კრების ცრუ მიზნებზე უარი თქვათ. ეს კრება საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდ განხეთქილებას გამოიწვევს და ჩვენს ქვეყანაში საეკლესიო დავას გააღრმავებს. საეკლესიო განხეთქილების დროს მცირედი შანსიც არ არსებობს იმისა, რომ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარებული იყოს”, – აცხადებს აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი ბესარიონი.

აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიოს დღეს აფხაზეთში დიდი მხარდაჭერა აქვს და რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე, რუსეთისგან თუნდაც სასულიერო დამოუკიდებლობის სიმბოლოდ მიიჩნევა. ის ცდილობს კავშირი დაამყაროს მსოფლიო საპატრიარქოსთან და მის იურისდიქციაში შევიდეს. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია კი რუსეთთან თანამშრომლობას არჩევს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მხარდაჭერას სწორედ მას უცხადებს.

აფხაზეთში მართლმადიდებელ სასულიერო პირთა შორის ორ დაპირისპირებულ დაჯგუფებას – აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიოს და აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საეკლესიო-საერო კრების ჩატარების საკითხზე დავა ერთი წლის წინ, 2015 წლის მაისშიც აქტუალური იყო.

აფხაზეთში საეკლესიო საკითხზე და კონკრეტულად დაპირისპირებულ მხარეებზე ოფიციალური პოზიცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 2015 წლის მაისში დააფიქსირა.

საპატრიარქოს განცხადებით, ორივე მათგანის პოზიცია მიუღებელია და სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებლი ეკლესიების მიერ აღიარებულ კანონებს, რასაც, ბუნებრივია, ვერ დაარღვევს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე რუსეთის საპატრიარქო. საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესიის განცხადებით, ის მზად არის, რომ მისი სასულიერო პირები ჩავიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და აღავლინონ მსახურება.

48145

მასალების გადაბეჭდვის წესი