სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის განცხადებით, აზერბაიჯანმა საზღვარზე ცეცხლი გახსნა

30 აპრილი, 2016 • 1167
სომხეთის განცხადებით, აზერბაიჯანმა საზღვარზე ცეცხლი გახსნა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით “კავკაზსკი უზელი” წერს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 28-29 აპრილის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ცეცხლი გახსნეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, 28-29 აპრილის ღამეს სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცეცხლის გახსნის 13 შემთხვევა დაფიქსირდა.

“მოწინააღმდეგემ უწყვეტი ცეცხლი გახსნა სხვადასხვა კალიბრის ცეხლსასროლი და სნაიპერული იარაღიდან”, – განუცხადეს  “კავკაზსკი უზელს” სომხეთის თავდაცვის სამინისტროში,.

თავის მხრივ, აზერბაიჯანმა სომხეთი დაადანშაულა ცეცხლის გახსნის გამო. აზერბაიჯანის განცხადებით, სომხეთის მხრიდან 128 გასროლა განხორციელდა გასული ღამის მანძილზე.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები მას შემდეგ გააქტიურდა, როდესაც 2 აპრილის ღამეს კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მალევე ბაქომ განაცხადა, რომ კონტშრეტევითი ოპერაციის დროს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა და პოზიციების გამაგრებას ცდილობს.

გაეროს მონაცემებით, მთიან-ყარაბაღში 2 და 3 აპრილს, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა და 200 დაზარალდა. ორგანიზაციის მონაცემებითვე, საომარი მოქმედებები მთიანი ყარაბაღის დასახლებულ პუნქტებში – აგდენრში, მარტუნსა და გადრუთში მიმდინარეობდა, სადაც გაეროს განცხადებითვე, 14,4 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი