სამხრეთ კავკასიის ამბები

ბგანბა: აფხაზეთში საკონსტიტუციო სასამართლო 2016 წელს ჩამოყალიბდება

29 აპრილი, 2016 • 1352
ბგანბა: აფხაზეთში საკონსტიტუციო სასამართლო 2016 წელს ჩამოყალიბდება

აფხაზეთის პარლამენტის სპიკერის, ვალერი ბგანბას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო აფხაზეთში 2016 წელს ჩამოყალიბდება. sputnik abkhazia-ს ცნობით, აღნიშნულის შესახებ ბგანბამ 28 აპრილს გამართული საჯარო შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებულია. ბგანბას განცხადებით, პარლამენტი მხოლოდ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მიერ მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენას ელოდება:

“ჩვენთან არც ისე ცოტა იურისტია, თუმცა კადრებთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს. მოსამართლეების მიმართ ძალიან მაღალი მოთხოვნები არსებობს”,- განაცხადა ბგანბამ.

sputnik abkhazia-ს ცნობით, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, აფხაზეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მინიმუმ 40 წლის უნდა იყოს და 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება უნდა ჰქონდეს. პრეზიდენტის მიერ კანდიდატების წარდგენის შემდეგ მოსამართლებს პარლამენტი 15 წლის ვადით ამტკიცებს. აფხაზეთში საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციას აქამდე პარლამენტი და უზენაესი სასამართლო ასრულებდნენ.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი