სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთისა და აზერბაიჯანის ახალი კონფრონტაციის რისკი

20 აპრილი, 2016 • 3220
სომხეთისა და აზერბაიჯანის ახალი კონფრონტაციის რისკი

აპრილის დასაწყისში მთიანი ყარაბაღის სასაზღვრო ზოლთან ძალადობის ესკალაცია იმდენად უპრეცედენტო იყო, რომ მას 2016 წლის აპრილის ომიც კი უწოდეს. რამდენად არსებობს ახალი კონფრონტაციის რისკი?

მთიან ყარაბაღსა და მის ირგვლივ არსებულ ტერიტორიებზე სასტიკ და ულმობელ შეტაკებებებში მძიმე არტილერია, საბრძოლო ვერტმფრენები, სამხედრო ტექნიკა, დრონები და ასობით, შესაძლოა, ათასობით სამხედრო პირი იყო ჩართული. ბრძოლა მთიანი ყარაბაღის სრულ აღმოსავლეთ პერიმეტრზე მიმდინარეობდა და ტერტერიდან მარდაკერტამდე და ჰორაზიდისა და ფიზულის ტერიტორიები მოიცვა. შეტაკებები ფრონტის ხაზზე, როგორც სამხედრო პირებისთვის, ისე მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის მძიმე შედეგით დასრულდა. დამოუკიდებელი დამკვირვებლების ცნობით, ბრძოლის ხაზზე ორივე მხრიდან ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

სანამ ძალადობის პირველ ეტაპზე დამკვირვებლები ესკალაციის გამომწვევ დამნაშავეს ეძებდნენ, დღეს აზერბაიჯანის გარდა აღარავინ დავობს იმაზე, რომ პროცესებს საწყისი ბიძგი ბაქომ მისცა.

დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ჟურნალისტების უმეტესობა უკვე თანხმდება იმაზე, რომ ბრძოლის ველზე აზერბაიჯანმა გარკვეულ მცირე წარმატებას მიაღწია.

თავიდანვე, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის საგუშაგოებზე მოულოდნელი დარტყმების შედეგად, აზერბაიჯანის ჯარმა წარმატებას მიაღწია და რესპუბლიკის ჩრდილოეთ და სამხრეთით არსებულ რამდენიმე სოფელზე, ისევე როგორც რამდენიმე სტრატეგიულ სიმაღლეზე, კონტროლი მოიპოვა. ამასთან, ბაქოს მთავრობის მტკიცებისგან განსხვავებით, სულ მცირე ორი სოფელი- თალიში და მადაგიზინი- სომხეთის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ დაბრუნდა, მაშინ, როდესაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხრეთით მდებარე ლალეტეპეს მთა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიული ცვლილებების ზუსტი მასშტაბი სადავოა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, აპრილის შეტაკებებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება მაინც შესაძლებელია.

პირველი- სომხეთში თუ მის გარეთ გაკეთებული განცხადებებისგან განსხვავებით, აპრილის შეტაკებებმა აჩვენა, რომ სომხეთის სასაზღვრო ხაზი რეალურად იოლად შეღწევადი იყო [აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებას დამატებით მძიმე შეიარაღების, სამხედრო პირების და ტექნიკის გარეშე მიაღწიეს]. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საკმაოდ ადვილად შესამჩნევი უნდა ყოფილიყვნენ მეორე მხარის მიერ. ეს ვითარება კი შეტევისას აზერბაიჯანის მხარემ გამოიყენა.

მიუხედავად აზერბაიჯანის კორუფციის მასშტაბებისა, ბოლო დეკადის განმავლობაში ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობები გაიზარდა, რამაც აზერბაიჯანის არმია ანგარიშგასაწევ ძალად აქცია.

ტექნოლოგიურად განვითარებულ შეიარაღებას ბაქოს ძირითადად რუსეთი და ისრაელი აწვდიან. ამან აზერბაიჯანის ჯარს საშუალება მისცა, სომხეთის შეიარაღებული ძალების სენსიტიურ დარტყმებს გამკლავებოდა.

სომხეთი, თავის მხრივ, ამგვარი საბძროლო აღჭურვილობის ნაკლებობას განიცდის. მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი ათობით T90S ტანკს ფლობს, სტეპანაკერტი მოძველებულ T-55-ისა და T-72 ტანკების იმედადაა დარჩენილი.

აზერბაიჯანს ასევე გააჩნია ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო სისტემები, მათ შორის LYNX-ის ფუნქციურად დამოუკიდებელი რაკეტგამშვები, რომელიც სამხედრო ექსპერტების შეფასებით, თავის შესაძლებლობებით, მაგალითად, რუსული წარმოების “სმერჩის” სისტემებს ჯობია.

თელავივმა ბაქოს ასევე Heron-ის და Searcher-ის დრონები მიჰყიდა. პარალელურად, აზერბაიჯანის ჯარი აღნიშნული აღჭურვილობის გამოყენებაშიც გაწვრთნეს.

აპრილის შეტაკებებმა აჩვენა, რომ შეიარაღებაში არსებულმა ასიმეტრიამ სომხეთის შეიარაღებული ძალები არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააგდო. მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს მიზნობრივი და უფრო ეფექტური დარტყმის მიყენება შეუძლია, სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ ზონური და ნაკლებ ეფექტური შეტევის განხორციელება ხელეწიფებათ.

03.04.2016; მთიანი ყარაბაღის არმიის სომხური საარტილერიო პოზიციები მარდაკერტში EPA/VAHRAM BAGHDASARYAN

03.04.2016; მთიანი ყარაბაღის არმიის სომხური საარტილერიო პოზიციები მარდაკერტში EPA/VAHRAM BAGHDASARYAN

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ თვითგამანადგურებელი დრონების განლაგების შედეგად სომხეთიდან მომავალი მოხალისეების ავტობუსზე განხორციელდა შეტევა, რამაც 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ფაქტით გამოწვეული ფსიქოლოგიური ზიანი კი გაცილებით დიდია.

მეორე-როგორც ჩანს, სომხეთის, როგორც ერის, მუდმივი მტრის წარმოჩენით და აზერბაიჯანული მედიის მიერ მასებისთვის მიწოდებულმა ინფორმაციამ ომის განახლების პერსპექტივის შესახებ აზერბაიჯანის ჯარი მორალურად გააძლიერა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბოლო ოცი წლის განმავლობაში სომხეთი თავის თავს გამარჯვებულად, ხოლო აზერბაიჯანის ჯარს არაკომპეტენტურად და მორალურად სუსტ ძალად წარმოაჩენდა. შესაბამისად, საომარი მოქმედებების დაწყება სომხეთის საზოგადოებისთვის ფსიქოლოგიური დარტყმა იყო, რადგან სომხეთი მთიან ყარაბაღში ომის განახლებას ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევდა. მეორე მხრივ, აზერბაიჯანის პროპაგანდის მანქანამ მოსახლეობას წინა ომის სამარცხვინო შედეგი შეახსენა და მოსალოდნელი განახლებული საომარი ქმედებებისა და “წინაპართა სამშობლოს, ყარაბაღის განთავისუფლებისთვის” თავგანწირვის საჭიროებისთვის მოამზადა.

მესამე – როგორც პაველ ფელგენჰაუერი ამტკიცებდა, სომხეთის კონტრშეტევა საწყის ეტაპზე დარჩა.  სანამ სომხეთის სტრატეგიის შემმუშავებლები იმედოვნებდენ, რომ წარმატებას მარტივად მიაღწევდნენ ომის მტრის ტერიტორიაზე გადატანით, როგორც ეს 1990-იანი წლების ომის დროს მოხდა – სომხეთი შუა გზაზე გაჩერდა, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ გაძლიერდა იარაღითა და სამხედრო მოსამსახურეებით.

მეოთხე- ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის მთავარი მოკავშირისგან, რუსეთისგან შესყიდული თანამედროვე საბრძოლო იარაღი განალაგა, სომხეთში ამ ფაქტმა აღშფოთება გამოიწვია. სამხედრო ექსპერტებმა, პოლიტიკის ანალიტიკოსებმა და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს სომხეთის სტრატეგიული პარტნიორის მიერ ქვეყნის მტრისთვის იარაღის მიყიდვის ეთიკურობის საკითხი (1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ბაქოს, ერევანსა და სტეპანაკერტს შორის გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სომხეთი და აზერბაიჯანი ამ ომში მტრებად არიან წარმოჩენილი).

ერევნის დამოკიდებულება არგუმენტად გამოიყენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. ბრძოლის მიმდინარეობის დროს მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ლავროვმა ბაქო მოსკოვის მიერ შექმნილ ევრაზიულ ეკონომიკურ გაერთანებაში და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მიიწვია. ბაქოში ბევრი იმედოვნებს, რომ  რუსეთ-აზერბაიჯანის ამ ერთობლივი ძალისხმევით ერევანი უფრო სწრაფად მოახდენს რეაგირებას აზერბაიჯანის მოწოდებაზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადაიჭრას, რა თქმა უნდა, ბაქოსთვის სასიკეთოდ.

ტერიტორიულ საკითხში ბაქოს ბოლოდროინდელი მიღწევები საკმაოდ მყიფეა. ის, რომ აზერბაიჯანს შეუძლია სომხეთს რამდენიმე კილომეტრის ფართობი ჩამოართვას, საერთო სურათს არ ცვლის. მთიან ყარაბაღზე და მის ირგვლივ ოკუპირებულ პროვინციებზე კვლავ სომხეთი დომინირებს. იმისთვის, რომ სტატუსკვო შეიცვალოს, დიდი სამხედრო კონფრონტაციაა საჭირო, თუმცა ეს გამანადგურებელი იქნება და სარისკო – რეგიონულმა ომმა, შესაძლოა, რუსეთი, თურქეთი და ირანი ჩაითრიოს და ბაქოსა და ერევანში არსებული რეჟიმები შეარყიოს.

გარდა ზემოთ ხსენებული ტაქტიკური ხეირისა, ბაქოს შეიძლება მნიშვნელოვანი რეგრესი განეცადა, თუკი მთიან ყარაბახში თავისი “ნელი წინსვლის” პოლიტიკას გააგრძელდებდა.

მთიან ყარაბაღში სომხეთზე ტაქტიკურმა გამარჯვებამ შესაძლოა აზერბაიჯანში იოლი გამარჯვების მუხტი გააღვიძოს. იმ გარემოში, სადაც სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია უარესდება, ალიევის რეჟიმი ეცდება, ყურადღება გარე მტერზე გადაიტანოს, რევანშისტული მოთხოვნით გაჟღენთილმა აზერბაიჯანის საზოგადოებამ კი, შესაძლოა, მთავრობაზე ზეწოლა განახორციელოს და ყარაბაღში უფრო აქტიური ქმედებისკენ უბიძგოს. ამასთან, ნებისმიერი მარცხი ყარაბაღში ბაქოს არსებულ რეჟიმს შეასუსტებს, ან კოლაფსამდე მიიყვანს. ეს მოცემულობა ალიევსა და მის გარემოცვას სრულიად გააზრებული აქვთ.

სომხეთთან დიდი სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში, ბაქომ უნდა გათვალოს, რომ ერევნის მხრიდან მოსკოვი ჩაერევა. მართლაც, მოსკოვი დაინტერესებულია, ჯერ კიდევ მიმდინარე მცირე კონფრონტაცია საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენოს. ბაქოსთან ფლირტით რუსეთი რეგიონში მნიშვნელოვანი ქვეყნის სტატუსს დაიბრუნებს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში ბევრს სჯერა, თურქეთისგან და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, სომხეთს “რუსეთიდან გასაქცევი არსად არ აქვს”. თუ მოსკოვი მთიანი ყარაბაღის გამო ბაქოსა და ერევანს შორის სრულმასშტაბიანი ომის წინაშე აღმოჩნდება, ბაქო კი რუსეთთან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვერ შეთანხმდება- მაგალითად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსეთის ბაზების განლაგებაზე, მოსკოვის მიერ ბაქოს ენერგეტიკულ პოლიტიკაზე კონტროლის მოპოვებაზე- რუსეთი, სავარაუდოდ, მოკავშირე სომხეთს დაუბრუნდება.

და ბოლოს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აპრილის მოვლნების გამო გამოწვეული მარცხის მიუხედავად, სომხეთის სამხედრო ძალა რეგიონში კვლავ ყველაზე ძლიერ ძალად განიხილება. მან შესაძლოა საკუთარი რეპუტაციის აღდგენა მოისურვოს და აზერბაიჯანთან კონფრონტაცია განაახლოს. ეს კი რეგიონში ფართომასშტაბიანი დაპირისპირების შანსებს გაზრდის.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი