სამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორი ცხინვალსა და თბილისს შორის

17 აპრილი, 2016 • 4195
ახალგორი ცხინვალსა და თბილისს შორის

ცხინვალის გათვლა, სხვადასხვა პროექტების განხორციელებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან ახალგორის რაიონის ინტეგრაცია მომხდარიყო, ჯერჯერობით მიუღწეველია.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რაიონის მოსახლეობა თბილისსაც მოწყდა და განსაკუთრებული ბმა ცხინვალთანაც არ აქვს.

“დღეს ახალგორი კუნძულივითაა, მარტო დარჩენილი. ერთი მხრიდან თბილისს შესცქერის, მეორედან – ცხინვალს”, – ამბობს ნეტგაზეთთან ახალგორის რაიონის საავადმყოფოს მთავარი ექთანი, ინგა ჩარაევი.

ახალგორის საავადმყოფოში, სადაც ინგა მუშაობს, ომის შემდეგ დოკუმენტების წარმოება მთლიანად რუსულ ენაზე გადავიდა.

“თანამშრომლები ერთმანეთში ქართულად ვსაუბრობთ, თუმცა, როცა ოფიციალური პირი, ან უცხო გვსტუმრობს, რუსულზე გადავდივართ” – ამბობს ინგა.

ინგა ჩარაევა ახალგორის საავადმყოფოში

ინგა ჩარაევა ახალგორის საავადმყოფოში

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ინგა ჩარაევი ახალგორში დარჩა – ომის დღეებში შვილი თბილისში გაგზავნა. თავად კი, როგორც ამბობს, ვერ დატოვა სახლი, მშობლები და სამსახური:

“ხანდაზმული ადგილობრივი მცხოვრებლები, რომელთაც ომის დროს არ დაუტოვებიათ რაიონი, ნელ-ნელა მცირდებიან. ფანჯრებიდან რომ ვიხედებით, ციყვები დარბიან. ადრე აქ ციყვი თვალით არ მინახავს, ალბათ, სიმშვიდეში ჩნდებიან. ვფიქრობ ხოლმე, ბევრნი რომ ვყოფილიყავით, უფრო მეტად გაითვალისწინებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, საჭიროებებს. დღეს ჩვენს სიტყვას არანაირი გადამწყვეტი ძალა არ აქვს.”

2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით ახალგორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 7703-ს შეადგენდა, მათ შორის 85 % ეთნიკურად ქართველი, ხოლო 15% ეთნიკურად ოსი მოსახლეობა იყო.

“ამჟამად არ არსებობს ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი მოსახლე დარჩა მუნიციპალიტეტში, თუმცა არაოფიციალური მონაცემით, დაახლოებით 1500-2000 ადამიანია (1000 დაბა ახალგორში და 1000 სოფლებში). მოსახლეობის დიდი ნაწილი წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს”, – ამბობს საქართველოს სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში, მედეა ტურაშვილი.

2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ახალგორის მოსახლეობას წეროვანის დასახლებაში საცხოვრებელი სახლები შესთავაზა. ახალგორი ძირითადად მაშინ დაცარიელდა, განსხვავებით გალის რაიონისგან, რომელიც ომის და მის შემდგმ პერიოდებში ეთნიკური ქართველებიგან არ დაცლილა.

“წინა ხელისუფლება ახალგორელებს, ვინც არ გამოვიდა რაიონიდან, მოღალატეებად თვლიდა. ასევე, არ იყო სწორი პოლიტიკა, როცა აშენდა აქეთ საცხოვრებელი იმ ხალხისთვის, ვისაც შეეძლო ეცხოვრა ახალგორში. ამით ხელი შეუწვყეს რაიონის დაცლას. ჩვენი პოლიტიკა რადიკალურად განსხვავდება – ჩვენ ამ ხალხს არ მივიჩნევთ მოღალატეებად. პირიქით, ისინი არინ გმირები როგორც ახალგორში, ასევე, გალში. ეს ადამიანები ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში სამშვიდობო ხიდს წარმოადგენენ. გალისა და ახალგორის რაიონების მაგალითზე მსოფლიოს დავუმტკიცებთ, რომ ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის შესაძლებელია მშვიდობიანი თანაცხოვრება”, – ამბობს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.

მინისტრი ამბობს, რომ დღეს ქართველები ახალგორისა და გალის რაიონში არათუ საფრთხეა აფხაზური და ოსური საზოგადოებისთვის, პირიქით, ხელს უწყობენ სამშვიდობო გარემოს შექმნას:

“ისინი წარმოადგენენ ხიდს დანარჩენ საქართველოსთან – ახორციელებენ ვაჭრობას, შეაქვთ შედარებით იაფი პროდუქტი. ქართულ ბაზართან შედარებით სხვა ალტერნატივა ოსური მოსახლეობისთვის არის მხოლოდ ვლადიკავკაზიდან შეტანილი პროდუქცია, აფხაზეთისთვის კი- სოჭიდან, რაც მნიშვნელოვნად ძვირი უჯდებათ, ვიდრე დანარჩენ საქართველოდან შეტანილი პროდუქცია”.

ახალგორიდან ცხინვალამდე მანძილი 64 კილომეტრია. ცხინვალში ახალგორიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირაში ორჯერ დადის. მგზავრობა (ერთი გზა) 250 რუბლი (დაახლოებით 8.50 ლარი) ღირს. რამდენიმე კილომეტრით ნაკლებია მანძილი [57 კმ] ახალგორიდან თბილისამდე და ბილეთიც ორნახევარჯერ ნაკლები ღირს. ადგილობრივები ცხინვალზე ხშირად მაინც თბილისში დადიან – ძირითადად, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან კავშირების გამო.

“მას შემდეგ, რაც ცხინვალს დავექმდებარეთ, იქ ალბათ 10-12-ჯერ ვიყავი წასული, ისიც მხოლოდ სამსახურის საქმეებისთვის. ამ დრომდე არც ერთი ახლობელი არ შემიძენია ცხინვალში. მაინც უცხოა ჩვენთვის ცხინვალი”, – ამბობს ახალგორის მცხოვრები, ინგა ჩარაევი.

“რადგანაც ოსური მხარისთვის ეთნიკურ კომპონენტს მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ცხინვალი ახალგორელებს არ ენდობა. მაგალითად, ნაწილ მოსახლეობას არ აქვს უფლება გადაადგილდეს ახალგორში, ნაწილს კი ჩამოართვეს ეს უფლება. ხშირად უცხოეთში მცხოვრებს აძლევენ შესვლის უფლებას და ამ დროს ახალგორში მცხოვრებ ორი დიდან ერთს უშვებენ რაიონში და მეორეს არა. აქედან გამომდინარე, ვიდრე არსებობს ეთნიკური ნიშნით სეგრეგაცია, მანამდე გამორიცხულია რაიმე სახის ინტეგრაციაზე საუბარი”, – ამბობს მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

ახალგორის მოსახლეობის გადაადგილების პრობლემას მწვავეს უწოდებს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი, მედეა ტურაშვილი:

“მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად დე ფაქტო ადმინისტრაცია ახალგორელებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიისაკენ გადაადგილების საშუალებას აძლევს საშვების მეშვეობით, ეს საშვები ყველა მოსახლეზე არ გაცემულა და მათთვის უცნობია მიზეზი, თუ რატომ ვერ მიიღეს საშვი. ამის გარდა, დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ისმის საუბარი და მუქარა, რომ მთლიანად შეიძლება შეიზღუდოს გადაადგილება, ანუ, როგორც თავად ამბობენ, „ჩაიკეტოს საზღვარი“. ეს გაურკვევლობას, არასატაბილურობის შეგრძნებას და დაძაბულობას ზრდის”.

გაურკვევლობასა და არასტაბილურობის შეგრძნებაზე ხშირად საუბრობს ახალგორში დარჩენილი მოსახლეობა.

როგორ უყურებენ ახალგორის ცხინვალთან ინტეგრაციის საკითხს ცხინვალსა და თბილისში?

ახალგორის არც ისეთი იშვიათი სტუმარია პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი. ცხინვალის კეთილგანწყობის ნიშნად 2012 წელს ახალგორში ჩასულმა ლეონიდ თიბილოვმა ადგილობრივებს ქართულ ენაზეც მიმართა – “ერთად უნდა ვიცხოვროთ ლენინგორში, სამხრეთ ოსეთში”.

თუმცა ახალგორის მოსახლეობის დანარჩენ დე ფაქტო რესპუბლიკასთან ინტეგრაციის პრობლემას თავად ოსი ჩინოვნიკებიც აღიარებენ:

“აქ დარჩნენ ხანდაზმული ადამიანები, ახალგაზრდა თაობა საქართველოში წავიდა, მათ მჭიდრო კავშირებით აქვთ საქართველოში ახლობლებთან და ბოლომდე მათი მოწყვეტა რაღაცნაირად არ გამოდის, და ალბათ არც ღირს, ეს საკითხები დროსთან ერთად გადაწყდება. რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ალბათ რაღაც ლავირება უნდა შეძლოს და სიტუაციის გაუმჯობესება”, – ეს განცხადება ალექსეი ბოსიკოვმა, ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა, რამდენიმე კვირის წინ ახალგორში ერთ-ერთი ღონისძიებაზე გააკეთა.

“დღეისათვის ალბათ ვერ ვიტყვით, რომ ახალგორის მოსახლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული ცხინვალთან სოციალურ-ეკონომიკურ, სავაჭრო თუ საგანმანათლებლო კუთხით, თუმცა ნამდვილად არის ამის მცდელობა. მაგალითად, თუ რამდენიმე წლის წინ ცხინვალი-ახალგორის დამაკავშირებელ გზას დაახლოებით 8 საათი სჭირდებოდა მანქანით, დღეს უკვე ორ საათშია შესაძლებელი ამ მანძილის დაფარვა. ცხინვალისთვის ეს თავისთავად პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხია, რომლითაც სურს იმის დემონსტრირება, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ეფექტურად აკონტროლებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთლიან ტერიტორიას, მათ შორის 2008 წლის ომის შემდგომ „დაბრუნებულ“ ახალგორს”, – ამბობს მედეა ტურაშვილი, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი.

რა გააკეთა ცხინვალმა ახალგორისთვის 2008 წლის შემდეგ

ცხინვალი-ახალგორის გზა

პირველი და ყველაზე ამბიციური და ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ცხინვალმა განახორციელა ახალგორში, ცხინვალი- ახალგორის დამაკავშირებელი 360 მილიონი რუბლის [5,290,870 აშშ დოლარი] ღირებულების 84 კმ-იანი გზა იყო [ამჟამად მისი სიგრძე 20 კმ -ით არის შემცირებული].

პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ხშირად იმეორებს ფრაზას, “გზა, რომელიც კომუნისტებსაც კი არ გაუკეთებიათ, ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა”.

ცხინვალში ფიქრობდნენ, რომ ამ გზამ ხელი უნდა შეუწყოს ახალგორის მოსახლეობის ინტეგრაციას დანარჩენ სამხრეთ ოსეთთან. ასევე, მიიჩნევენ, რომ გარდა დამაკავშირებელი ფუნქციისა, ამ გზამ ხელი უნდა შეუწყოს რაიონის ეკონომიკის განვითარებას და თანდათან უნდა დაახლოვოს სხვადასხვა ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, რათა ახალგორის მოსახლეობამ თავი რესპუბლიკის სრულფასოვან ნაწილად იგრძნოს.

ელექტროენერგია

2008 წელს აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ ახალგორის რაიონს გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ელექტროენერგიაზე კი “გრაფიკი” დააწესა.

2009 წლის დასაწყისში ახალგორის რაიონის ელექტროენერგიით რუსეთიდან მოწოდების სამუშაოები დაიწყო. აშენდა ქვესადგურები სოფლებში ზაყორსა და დმენისში.

2016 წლიდან ახალგორის მოსახლეობისთვის, ცხინვალის გადაწყვეტილებით, ფასები ელექტროენერგიაზე შემცირდა და 1 კვტ. სთ ახლა 2 რუბლი [0.02 აშშ დოლარი] ღირს.

საავადმყოფო

ცხინვალის გათვლა ასეთი იყო, რაიონის საავადმყოფოს კეთილმოწყობის შემდეგ პაციენტი “მეზობელ სახელმწიფოში”- საქართველოში აღარ უნდა წასულიყო.

50 საწოლზე გათვლილი რაიონული საავადმყოფო ექსპლუატაციაში 2011 წლის სექტემბერში შევიდა. ოფიციალური მონაცემებით, 30 მილიონი რუბლით [440,906 აშშ დოლარი] საავადმყოფოს კაპიტალური რემონტი ჩაუტარეს და დღემდე სამხრეთ ოსეთის სტუმრებისთვის ერთ- ერთ საჩვენებელ ობიექტად რჩება. სამედიცინო დაწესებულება დღეს კეთილმოწყობილია და სრულიად აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, თუმცა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის არარსებობის გამო მხოლოდ პირველადი დახმარებისა ან სტაციონარზე მკურნალობის შესაძლებლობა არსებობს.

სურსათის ბაზარი დაბის ცენტრში, კულტურის სახლი და ცხინვალის სამომავალო გეგმები

ლაბორატორია ხორცის შესამოწმებლად, დახლები და კაპიტალურად გადახურული სივრცე – ახალგორის რაიონის ცენტრში სასურსათო ბაზრის მშენებლობა, ოფიციალური მონაცემებით, ცხინვალს 7 მილიონი რუბლი [102,878 აშშ დოლარი] დაუჯდა. ბაზარი ჯერ არ გაუხსნიათ.

რამდენიმე დღის წინ ახალგორში ლეონიდ თიბილოვმა და ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელმა განახლებული და გარემონტებული კულტურის სახლი გახსნეს. დარბაზის შესავსებად კი ცხინვალიდან ოფიციალიური დელეგაცია და სხვა მოწვეული სტუმრები ჩამოიყვანეს – ადგილობრივები ამბობენ, რომ ხალხის სიმცირის გამო 220 კაცზე გათვლილი დარბაზის შევსება ნებისმიერ ღონისძიებაზე გაუჭირდებათ.

2009 წელს ახალგორში სოფლის მეურნეობის, კერძოდ, მეცხოველეობის აღორძინების მიზნით დაბალი საპროცენტო განაკვეთით რამდენიმე ათეული სესხი გაიცა. სესხის მოცულობა 1- 3 მილიონი რუბლი [დაახლოებით, 34-137 ათასი ლარი] იყო. რამდენიმე ფერმერმა მართლაც შეიძინა ძროხები და მცირე ფერმები გააკეთა. ნაწილს ხელისუფლებამ შეუძინა რუსეთში ძროხები, რომლებიც გარემო პირობების გამო ვერ შეეგუვნენ ახალ ადგილსამყოფელს. შესაბამისად, ამ პროექტმა არ გაამართლა.

რაც შეეხება ცხინვალის სამომავლო პროექტებს ახალგორში, ოფიციალური ინფორმაციით, დაგეგმილია სპორტული მოედნის მოწყობა დაბის ცენტრში, რუსული სკოლის აშენება და ცხინვალის სამკერვალო ფაბრიკა “BTK-4”-ის ფილიალის გახსნა.

2008 წლის ომამდე რაიონში ლუდის ქარანა „ლომისი“ მუშაობდა, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. ქარხანამ ომის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა მმართველი გამოიცვალა და დღეს პროკურატურის მიერ დალუქულია. ასევე ომამდე აქ მუშაობდა ქვის სამტვრევი საწარმო, ღვინის ქარხანა, სასტუმრო, რესტორანი – ყველა ეს ობიექტი დღეს დახურული და გაძარცვულია.

ახალგორში ძირითადად ქართულ ტელეარხებს უყურებენ [ძირითადად, სატელიტური თეფშების საშუალებით]. თეფშის გარეშე მხოლოდ ტელეკომპანია “იმედი” მაუწყებლობს. ოსური ტელემედია რაიონისთვის არ არის ხელმისაწვდომი. თუმცა, როგორც ახალგორის საავადმყოფოს ექთანი ინგა ჩარაევი ამბობს, “სავალდებულოა სამხრეთ ოსეთის რამდენიმე გაზეთის გამოწერა, რომელიც ჩამოაქვთ საავადმყოფოში”.

რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ახალგორის რაიონისთვის

საქართველოს ხელისუფლება დღეისათვის ახალგორის აკადემიურ და სამედიცინო პერსონალს ფინანსურად ეხმარება. ასევე, სკოლებისათვის იგზავნება სასკოლო წიგნები, თუმცა, ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, “ამ სასწავლო წლისთვის განკუთვნილი წიგნები ჩვენი ინფორმაციით 2016 წლის მარტში ჯერ ისევ არ იყო შეტანილი რეგიონში”.

“ამის გარდა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლადამთავრებულებს, სახელმწიფო უფარავს უმაღლესი განათლების საფასურს (2250 ლარს) და ახალგორის მკვიდრი საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების მფლობელები სარგებლობენ ყველა იმ სერვისით, რომელიც განკუთვნილია ჩვენი მოქალაქეებისათვის, მათ შორის საყოველთაო დაზღვევა, პენსია და აშ”, – ამბობს მედეა ტურაშვილი.

ახალგორის ინფრასტრუქტურის შესახებ მასალა ნეტგაზეთს თამარ მეარაყიშვილმა მიაწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი