სამხრეთ კავკასიის ამბები

ფონდი “სოხუმი”: 54-მა მოსწავლემ გალი ქართულ ენაზე სწავლის ხელმიუწვდომლობის გამო დატოვა

13 აპრილი, 2016 • 2371
ფონდი “სოხუმი”: 54-მა მოსწავლემ გალი  ქართულ ენაზე სწავლის ხელმიუწვდომლობის გამო დატოვა

აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის, “სოხუმის” ცნობით, მიმდინარე სასწავლო წელს 54 მოსწავლე და მათთან ერთად ერთი ან ორივე მშობელი იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი სახლი და გადასულიყვნენ საქართველოს სხვა რაიონში, რათა უზრუნველყონ შვილისთვის განათლების მიღება ქართულ ენაზე.

გალის რაიონში განათლების მიღების საკითხზე შექმნილი ვითარების თაობაზე  ფონდი “სოხუმი” საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ხელი მოაწერონ მიმართვას საერთაშორისო საზოგადოებისადმი, სადაც წერია, რომ მიმართავენ “ყველა ინსტიტუტს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე – გავლენა მოახდინოს საგანმანათლებლო პროცესის რუსიფიკაციის პროცესზე და მხარი დაუჭიროს გალის რაიონის მოსწავლეების ძირითად უფლებას – საშუალო განათლება მიიღონ მშობლიურ, ქართულ ენაზე”.

მიმართვაში ნათქვამია, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებამდე გალის რაიონში არსებული 58 სკოლიდან 53-ში სასწავლო პროცესი ქართულად მიმდინარეობდა:

“კონფლიქტის შემდეგ აღდგენილი იქნა 31 სკოლა. ყველა მათგანში, ერთის გარდა, იყო ქართულენოვანი სწავლება. 2008 წლის შემდეგ გალის რაიონის ტერიტორიაზე თანდათან მოხდა 20 სკოლის ტრანსფორმირება და მათ მიენიჭა რუსული სკოლის სტატუსი. ხოლო ეგრეთ წოდებული „ქვედა ზონის“ 11 სკოლას ჰქონდა ქართული სკოლის სტატუსი. სიტუაცია გაუარესდა 2015-2016 სასწავლო წლიდან, როცა ეს სკოლებიც ოფიციალურად რუსულენოვან სწავლებაზე გადაიყვანეს.

ეს ფაქტი ლახავს არა მარტო ადამიანის ძირითად უფლებას, მშობლიურ ენაზე მიიღოს განათლება, არამედ არღვევს „ოჯახის ერთიანობის“ უნივერსალურ პრინციპს და აიძულებს ქართულ მოსახლეობას, მიატოვოს თავისი საცხოვრებელი ადგილი, რაც ამასთან ერთად ცვლის აფხაზეთის დემოგრაფიულ შემადგენლობას”.

აფხაზეთის ქართველი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფა მუდმივად დგება მოლაპარაკებათა სხვადასხვა დონეზე, მათ შორის ჟენევის დისკუსიებზე.

“საკითხის შესახებ ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო ინსტიტუტები. მათ წინაშე არაერთხელ დასმულა არსებული სიტუაციის და ადამიანების ცხოვრებაზე მისი გავლენის თაობაზე საერთაშორისო მონიტორინგის ჩატარების აუცილებლობის საკითხი, მაგრამ, ამის მიუხედავად, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია, მოსახლეობის მდგომარეობა კი სულ უფრო უარესდება”, – წერია მიმართვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი