სამხრეთ კავკასიის ამბები

ემილ სულეიმანოვი: არც ბაქო და არც ერევანი არ არიან ომის განახლებით დაინტერესებული

3 აპრილი, 2016 • 1471
ემილ სულეიმანოვი: არც ბაქო და არც ერევანი არ არიან ომის განახლებით დაინტერესებული

მთიანი ყარაბაღის 2 აპრილის მოვლენების მიზეზებსა და სამომავლო პროგნოზზე, ნეტგაზეთის რამდენიმე კითხვას კონფლიქტოლოგი, პრაღის კარლოვის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ემილ სულეიმანოვი პასუხობს.

როგორია თქვენი პროგნოზი? არის რისკი იმისა, რომ ყარაბაღში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყოს?

რაციონალურად, არც ბაქო და არც ერევანი არ არიან ომის განახლებით დაინტერესებული. დიდი ომები იშვითად იწყება მოულოდნელად. როგორც წესი, სერიოზულ შეიარაღებულ კონფლიქტებს წინ უძღვის ესკალაციები, რისი შედეგიცაა სრულმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი, როგორც ეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა აჩვენა. ასე რომ, დიახ, ყოველთვის არსებობს შანსი იმისა, რომ ესკალაცია ომში გადაიზარდოს. მით უმეტეს, არც ერევანი და არც ბაქო უკან არ იხევს.

ვის სჭირდება ამჟამად ესკალაცია ან ომი რეგიონში? რა როლი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერში რუსეთს?

თუ სიტუაციის ესკალაცია გაგრძელდება, ბაქო გარისკავს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მოკავშირესთან ომს – და სანამ შეთანხმება პუტინსა და ალივს შორის არ შედგება, ასეთ ომს დამანგრეველი ეფექტი ექნება, როგორც ალიევების კლანისათვის, ისე აზერბაიჯანული სახელმწიფოსთვის.

ბაქო, შესაძლოა, დაინტერესებულია შეინარჩუნოს დაბალი ინტენსივობის მქონე კონფლიქტი, რაც აზერბაიჯანის ელიტას საშუალებას მისცემს, შიდა საკითხებით გამოწვეულ მზარდ სოციალურ უკმაყოფილებას მიმართულება შეუცვლოს სომხეთის, როგორც”საერთო მტრის” წარმოჩენით. რეალურად, ნავთობის ფასის ვარდნით, ეროვნული ვალუტის გაუფასურებით და სხვა ფაქტორებით გამოწვეული სოციალური არეულობა აზერბაიჯანის მასშტაბით მზარდია. ბაქოს რეჟიმი, შესაძლოა, დაინტერესებულია ჰქონდეს “სარეზერვო საკითხი”, რომელსაც არეულობის შემთხვევაში გამოიყენებს, მაგალითად, ოპოზიციის უკან დასახევად ან აჯანყების ჩასახშობად.

მეორე მხრივ, მოსკოვი დაინტერესებულია განაგრძოს უფრო შემტევი პოლიტიკა უკრაინაში, სირიაში და ყველგან. სამხრეთ კავკასიაში ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის რუსეთმა, შესაძლოა, მისი მოკავშირე სომხეთი გამოიყენოს და ამგვარად გააძლიეროს ზეწოლა ბაქოზე, რათა მნიშვნელოვან დათმობებს მიაღწიოს [აზერბაიჯანთან] ენერგეტიკის და უსაფრთხოების სფეროებში. მაგალითად, შესაძლოა, ბაქო იძულებული გახდეს, რუსი სამშვიდობოები დაუშვას მთიან ყარაბაღში, რაც მნიშვნელოვნად შეასუსტებს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას.

თუ კიდევ უფრო გამწვავდა სიტუაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ან უფრო დიდი მასშტაბებიც მიიღო, რა რისკები გაჩნდება საქართველოს წინაშე?

თუ კონფლიქტი სრულმასშტაბიან რეგიონულ ომში გადაიზარდა, საქართველო, შესაძლოა, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს, რომელშიც, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, თურქეთიც და ირანიც იქნებიან ჩართულნი. ლტოლვილთა ტალღა, ადგილობრივი მილსადენის პროექტი რისკის ქვეშ დადგება. აზერბაიჯანის რუსეთის სატელიტად ქცევა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებს, ისევე როგორც მის პოლიტიკურ მომავალს NATO-სა და ევროკავშირში. იმედია, მოვლენები ამგვარად არ განვითარდება.

რას ფიქრობთ, საერთაშორისო ორგანიზაციების, განსაკუთრებით ეუთოს [OSCE] როლზე მიმდინარე დაძაბულობის მოხსნაში?

იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივ რეჟიმებს არ აქვთ ნება კომპრომისზე წავიდნენ ყარაბაღთან დაკავშირებით, საერთაშორისო აქტორებს ბევრი ბერკეტი არ აქვთ. კონფლიქტის გადასაჭრელად პოლიტიკური ნების ქონა აუცილებელია ერევანსა და ბაქოში, რომელიც ბოლო 20 წელია არ არსებობს.

ემილ სულეიმანოვი; ფოტო: ემილ სულეიმანოვის ფეისბუკის გვერდიდან

ემილ სულეიმანოვი; ფოტო: ემილ სულეიმანოვის ფეისბუკის გვერდიდან

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი