სამხრეთ კავკასიის ამბები

მოგერინი: ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები

2 აპრილი, 2016 • 1214
მოგერინი: ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები

ევროკავშირი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაიცვან. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებაში წერია.

“მხარეებმა უნდა გამოიჩნონ თავშეკავება და აირიდონ ისეთი მოქმედებები ან განცხადებები, რომლებმაც შესაძლოა ესკალაცია გამოიწვიოს”, – წერია განცხადებაში.

დღეს, 2 აპრილს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები გააქტიურდა. შედეგად ჩამოგდებულია აზერბაიჯანის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი. ორივე მხარე მსხვერპლისა და დაჭრილების შესახებ იუწყება, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის. ბაქოს ცნობით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა და პოზიციების გამაგრებას ცდილობს. ამ საკითხზე საპასუხო განცხადება ერევანს ჯერ არ გაუკეთებია.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი