სამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის ციხე-სიმაგრის დასაცავად მოქალაქეები მინისტრს მიმართავენ

2 აპრილი, 2016 • 2620
სოხუმის ციხე-სიმაგრის დასაცავად მოქალაქეები მინისტრს მიმართავენ

აფხაზეთის ისტორიაში უნიკალური ძეგლის – სოხუმის ციხე-სიმაგრის დასაცავად აფხაზეთში მოქალაქეთა ჯგუფი კულტურის მინისტრს, ელვირა არსალიას მიმართავს.

“უკვე არაერთი წელია სახელისუფლებო სტრუქტურებში ინტენსიური განხილვა მიმდინარეობს აფხაზეთის ისტორიისა და არქიტექტურის უნიკალური ძეგლის – სოხუმის ციხე-სიმაგრის ბედთან დაკავშირებით. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, 2011 წელს რესტორან “დიოსკურიის” აღდგენის მიზნით საზოგადოებრივი განხილვების გარეშე 49-წლიან იჯარაზე შეთანხმება შედგა კომერციულ ორგანიზაციასთან. ამასთან, ვიცით, რომ დაცულ ზონაში რეკონსტრუქციის გაფართოებაზე განხილვები გრძელდება.

ეს საკითხი კულუარულად არ უნდა წყდებოდეს, რადგან ის აღელვებს არა მხოლოდ სოხუმის, მთელი აფხაზეთის მოსახლეობას.

კატეგორიული წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი ჩარევის და ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მშენებლობის. გარდა იმისა, რომ ახალი რესტორნის მშენებლობა რადიკალურად შეცვლის ქალაქის ლანდშაფტს და მთელი აქცენტი რესტორანზე გადავა, ყველა საერთაშორისო ნორმით, დაცულ ტერიტორიებზე მშენებლობა აკრძალულია. სამშენებლო სამუშაოები დაღუპავს არტეფაქტებს, რომლებიც წყლის ქვეშ არსებობს და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შესწავლას ელოდება”, – წერია მოქალაქეების მიმართვაში.

მიმართვის ავტორები სახელმწიფოს სთავაზობენ, სხვა ადგილას გამოიყოს ინვესტორი კომპანიისთვის სამშენებლო ტერიტორია:

“არ გვსურს იმ ბარბაროსებად ვიქცეთ, რომელთაც არ ესმის იმ ისტორიული ძეგლების ღირებულება, რომლითაც მდიდარია ჩვენი მიწა და არ გრძნობს მათ დაცვაზე იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ყველას ჩვენგანს აკისრია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი