სამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ აზერბაიჯანში უფლებადამცველის ციხიდან გათავისუფლებას მიესალმება

29 მარტი, 2016 • 1146
აშშ აზერბაიჯანში უფლებადამცველის ციხიდან გათავისუფლებას მიესალმება

აშშ მიესალმება აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უფლებადამცველის, ინტიგამ ალიევის პირობითი ვადით გათავისუფლების შესახებ.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯონ კირბის ოფიციალურ განცხდებაშია ნათქვამი.

“ვიმედოვნებთ, ვითანამშრომლებთ აზერბაიჯანის მთავრობასთან დამატებითი პოზიტიური ნაბიჯების გადასადგმელად “, – წერია განცხადებაში.

აზერბაიჯანში დაპატიმრებული უფლებადამცველი ინტიგამ ალიევი, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავისუფალია – სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალა.

უფლებადამცველ და ორგანიზაცია “Legal Education Society”-ს თავმჯდომარეს, ინტიგამ ალიევს ბაქოს სასამართლომ 2014 წლის 22 აპრილს 7.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი გადასახადების დამალვაში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში და დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვაში ედება.

ინტიგამ ალიევი 2014 წლის აგვისტოში დააკავეს. 8 აგვისტოს აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის განსაკუთრებულ დანაშაულთა დეპარტამენტის მიერ იქნა დაბარებული, როგორც მოწმე ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მოგვიანებით ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს, გაჩხრიკეს მისი ბინა და დღის ბოლოს უფლებადამცველი სასამართლოში აღმოჩნდა. თავდაპირველად მას ბრალად ედებოდა გადასახადებისათვის თავის არიდება და უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. 2016 წლის დეკემბერში კი ალიევს ახალი ბრალი წაუყენეს დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვის მუხლით.

2005 წლის დეკემბერში სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს ასევე დაპატიმრებული უფლებადამცველი ლეილა იუნუსი, მისი ქმარი, არიფ იუნუსი კი- 2015 წლის ნოემბერში.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რამდენიმე კვირის წინ ცნობილი ადამიანების ნაწილი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არიან უფლებადამცველი რასულ ჯაფაროვი, რაშად ახუნდოვი, ტოფიგ იაგუბლუ და ა.შ.

შეწყალებულთა შორის არ არის ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა. როგორც ისმაილოვას დედამ, ელმირა ისმაილოვამ ნეტგაზეთს უთხრა, მისი შვილი ამ სიაში არ აღმოჩნდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი