სამხრეთ კავკასიის ამბები

“სამეფო რბოლა” ბაქოში – აზერბაიჯანი ამჯერად ფორმულა-1 -ისთვის ემზადება

29 მარტი, 2016 • 3252
“სამეფო რბოლა” ბაქოში –  აზერბაიჯანი ამჯერად ფორმულა-1 -ისთვის ემზადება

17-19 ივნისს ბაქოში ფორმულა-1-ის ევროპის გრან-პრი პირველად ჩატარდება.  რამდენად უღირს ქვეყანას კვლავ გრანდიოზული ღონისძიებების ჩატარება ეკონომიკური კრიზისის ფონზე?!

ფართომასშტაბიანი სპორტული ღონისძიებების გამართვა აზერბაიჯანის დედაქალაქისთვის სიახლე არ არის. ბოლო წლებში ბაქომ მოასწრო ემასპინძლა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებისთვის ორთაბრძოლაში, ტაიკვადოში, მხატვრულ ტანვარჯიშში. ყველაზე დიდი მასშტაბის ღონისძიება კი პირველი ევროპული თამაშები გახდა, რომელიც ბაქოში 2015 წლის ივნისში ჩატარდა.

როდესაც ბაქოში პირველი ევროპული თამაშები გაიმართა, ნავთობის ფასი მაღალი იყო. ჯერ კიდევ მაშინ ენერგორესურსების ექსპორტისგან მიღებული მილიარდობით აშშ დოლარი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში ნებისმიერი მასშტაბის ღონისძიების გამართვის ხარჯებს ფარავდა.

როგორც კი ნავთობზე ფასებმა დაიწია, აზერბაიჯანში კრიზისმა იჩინა თავი, საზოგადოება ბევრად უფრო სკეპტიკურად უყურებს მსხვილ საბიუჯეტო ხარჯვებს.

საზოგადოების აზრი ორად გაიყო – ვინც ფიქრობს, რომ ფორმულა-1-ის გამართვა ბაქოში წარმატებული ნაბიჯია, რადგან ტურისტებს მოიზიდავს და აზერბაიჯანს კარგ იმიჯს შეუქმნის, და მოწინააღმდეგები, ვინც რესურსების ხარჯვებს შემოსავლების მკვეთრი ვარდნის ფონზე ქვეყნისთვის მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

რაც შეეხება ხარჯებს, არც ფორმულა-1 2016-ის გრან-პრის კომიტეტი ბაქოში, არც აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო და არც სხვა რომელიმე სტრუქტურა არ ასახელებენ კონკრეტულ ციფრს.

თუმცა 2016 წლის მარტში ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა აზად რაგიმოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხარჯების სავარაუდო თანხა 60 მილიონ აშშ დოლარია. ამასთან, ბოქსების შენობების ფასი- 20 მილიონი, 6 კილომეტრის გზატკეცილის დაგება კი -7,7 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება.

ასევე არ სახელდება საპრომოუტერო ხარჯების ოდენობა, თუმცა იანვარში იტალიის საავტომობილო კლუბის ხელმძღვანელმა სტიჩი დამიანიმ გამოცემა Autoweek-ს განუცხადა, რომ სამი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი ფორმულა-1-ის ხელმძღვანელს, ბერნი ექლსთოუნს რბოლის გამართვისთვის დაახლოებით 150 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის.

ოფიციალური განცხადებები აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში სამ დღეში ერთხელ იგეგმება საკონცერტო პროგრამის გამართვა მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავის მონაწილებით.

საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ როგორ პომპეზურად უყვართ აზერბაიჯანში გახსნისა და დახურვის ცერემონიების ჩატარება. რამდენი გადაუხადეს ამერიკელ პოპვარსკვლავ ლეიდი გაგას ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობისთვის, ამ დრომდე უცნობია.  თუმცა, ოფიციალური ცნობით, თავად ცერემონია, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდა.

ფორმულა-1 ბაქოში; ფოტო: აზერბაიჯანის სპორტის სამინისტრო

ფორმულა-1 ბაქოში; ფოტო: აზერბაიჯანის სპორტის სამინისტრო

პროექტის ეკონომიკური დასაბუთება

ფორმულა- 1-ის ჩატარებიდან შემოსულ შემოსავალზე საუბრის დროს სამი ფაქტი სახელდება – ბილეთების გაყიდვა, კომერციული კონტრაქტები და ტურისტების მოზიდვა.

ბილეთების ფასები 19-დან 600 დოლარამდე მერყეობს. ბილეთების გაყიდვიდან იგეგმება მოგება 1,9-2,5 მილიონი დოლარის ოდენობით, ამის შესახებ მარტის დასაწყისში პრესკონფერენციაზე თავად მინისტრმა, აზად რაგიმოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, “უკვე მოზიდულია 7,9 მილიონი დოლარი მსხვილ ბანკებთან კონტრაქტების წყალობით და დაგეგმილია 9,6 მილიონი დოლარის მოზიდვა სპონსორებისგან”.

რამდენად იქნებიან სპონსორები დაინტერესებული ამაში, ჯერ უცნობია. ტრასაზე რეკლამის განთავსება მხოლოდ გლობალურ სპონსორებს შეეძლებათ, ვინც ხელი მოაწერა ფორმულა-1-ის ორგანიზატორებთან ხელშეკრულებას.

“აზერბაიჯანის მთავრობა და სტრუქტურები, რომლებიც ფორმულა-1-ის ორგანიზაციით არიან დაკავებული, არ პასუხობენ მკაფიოდ, რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა აღნიშნული ღონისძიების გამართვით”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში დამოუკიდებელი ეკონომისტი ნატიგ ჯაფარლი.

“დიდი ალბათობით, შეჯიბრი გაიმართება 3 დღის განმავლობაში და დიდი რაოდენობით ტურისტების შემოდინება სათუოა. ტურისტები, რა თქმა უნდა, ჩამოვლენ. თუმცა გარკვეული დაბრკოლებებიც არსებობს. მათ შორისაა ძვირადღირებული სასტუმროები, ძვირადღირებული ქალაქი, სავიზო საკითხები.  ამიტომაც ტურისტების მოზიდვის გარდა სხვა ეკონომიკური დასაბუთება არ არსებობს. თუკი მსოფლიო პრაქტიკას გავითვალისწინებთ, ძირითადი შემოსავალი სატელევიზიო ტრანსლირებით შემოდის. თუმცა ფორმულა -1-ის შემთხვევაში კონტრაქტი ფორმდება კომპანიასთან, რომელიც ტრანსლირებას მთელ მსოფლიოში უზრუნველყოფს”.

ტურისტების ნაკადს არ უნდა ელოდეს აზერბაიჯანი

“ფორმულა 1 სპორტის სპეციფიკური სახეობაა, რომელსაც თავისი აუდიტორია ჰყავს. ამიტომაც ბაქოში არა ტურისტები, არამედ სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრები ჩამოვლენ.

ასე ფიქრობს ტურისტული კომპანია  A La Carte Travel -ის ხელმძღვანელი, ნასიბ უსუბოვი.

“არ უნდა გვქონდეს ტურისტების ნაკადის მოლოდინი. მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარების დროს ყველა ცენტრალური სასტუმრო გადავსებულია, სხვა სასტუმროებიც ფასს წევენ. შესაბამისად, ტურისტს, რომლისთვისაც ქვეყანის დათვალიერება აინტერესებს და არა რბოლა, არ უღირს იმ დროს აქ ჩამოსვლა. გარდა ამისა, ყველა გზა დაკეტილი იქნება, ქალაქში მუდმივად იქნება ხმაური”.

ნასიბ უსუბოვი ამბობს, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც კონტრეტულად ფორმულა-1-ის ნახვა სურს, ადრევე შეიძინეს ბილეთები და სასტუმროებიც დაჯავშნეს, ან შეიძინეს სპეცპაკეტები ფორმულა -1-ზე დასასწრებად,

“მსგავსი პაკეტების შეთავაზება არც ისეთი წარმატებული იდეაა ტურისტული ფირმებისთვის. ეს არ არის ოლიმპიური თამაშები, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია  რამე საინტერესო თამაშს დაესწროს”.

“ფორმულა -1 – მსოფლიოში პოპულარული სპორტის სახეობაა და ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ტელეკომპანიები აზერბაიჯანს აჩვენებენ, ეს ჩვენს ცნობადობას გაზრდის. მაგრამ ცნობადობის გაზრდის გარდა ტურისტების მოსაზიდად საჭიროა რეალური ნაბიჯები გადაიდგას. როდესაც ევროპული თამაშები მიმდინარეობდა, ორგანიზატორების ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზრდება. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, 2015 წელს აზერბაიჯანში იმაზე ნაკლები ტურისტი ჩამოვიდა, ვიდრე 2014 წელს. სპორტული ღონისძიებები არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ტურისტების  ნაკადი გაიზრდება. რეკლამასთან ერთად საჭიროა ინსტიტუციური, სტრუქტურული რეფორმები. საჭიროა, ქვეყანაში არსებობდეს კონკურენცია, მაღალი ხარისხი”, – ამბობს ეკონომისტი ნატიგ ჯაფარლი.

დისკომფორტი ადგილობრივი მცხოვრებთათვის

ბაქოს ცენტრში ახალი ტრასების დაგება დისკომფორტ უკვე შეუქმნა მოსახლეობას, პირველ რიგში, მძღოლებს. ქალაქის ცენტრში ამა თუ იმ ნაწილის გადაკეტვა განსაკუთრებით პიკის საათებში სერიოზულ შეფერხებას იწვევს გადაადგილების კუთხით. ამის გარდა, თავად ღონისძიების მიმდინარეობის დროს სრულად გადაიკეტება ქალაქის ცენტრი.

რამდენად საინტერესოა აზერბაიჯანელებისთვის ფორმულა-1?

გაზეთ “ეხოს”  და პორტალ ExtraTime.az -ის სპორტული მიმომხილველი, რუსტამ პირიევი მიიჩნევს, რომ “აზერბაიჯანელებისთვის საინტერესო არ არის ფორმულა-1. ამას უკვე მოწმობს ის რეაქციებიც, რაც მოსახლეობაში გაჩნდა. ორგანიზატორების მცდელობა, ხალხს სპორტის ეს სახეობა შეაყვარონ, ჯერჯერობით უშედეგოა. შესაძლოა, თავად ღონისძიების გამართვის დროს ან მის შემდეგ გაჩნდეს გარკვეული ინტერესი”.

ფორმულა-1 ბაქოში; ფოტო: აზერბაიჯანის სპორტის სამინისტრო

ფორმულა-1 ბაქოში; ფოტო: აზერბაიჯანის სპორტის სამინისტრო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი