სამხრეთ კავკასიის ამბები

ქვეყნიდან გასვლის უფლებას არ მაძლევენ – ჟურნალისტი და ბლოგერი აზერბაიჯანიდან

21 მარტი, 2016 • 1228
ქვეყნიდან გასვლის უფლებას არ მაძლევენ –  ჟურნალისტი და ბლოგერი აზერბაიჯანიდან

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ბლოგერი, გულერ მეჰდიზადე აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურებმა გუშინ, 20 მარტს უკვე მეორედ შეუზღუდეს ქვეყნის დატოვების უფლება.

“პირველად ეს წინა თვეში მოხდა. ამასთან, არაფერს მეუბნებიან, რატომ არ მიშვებენ ქვეყნიდან. მხოლოდ ის მითხრეს, რომ სამართალდამცავი ორგანოებიდან გავიგებ ყველაფერს. ჩემმა ადვოკატმა ერთი თვის წინ გაგზავნა შესაბამისი წერილი სახელმწიფო საზღვრის სამსახურში, თუმცა პასუხი ამ დრომდე არავის გაუცია”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ჟურნალისტი.

გულერ მეჰდიზადე სხვადასხვა მედიაგამოცემებისთვის მუშაობდა. მისი რამდენიმე საგამოძიებო სტატია აზერბაიჯანის მთავრობის მიერ ოპონენტად გამოცხადებულმა Meydan Tv-მ თავის მასალებში გამოიყენა.

“ყველა თავისუფალი მედიაორგანიზაცია, რომელშიც მიმუშავია, უკვე დაიხურა. ახლა ჩემი ბლოგი მაქვს, სადაც მხოლოდ მოგზაურობებზე ვწერ. ვწერ იმ ადგილებზე, სადაც ოდესმე ნამყოფი ვარ, მაგრამ ფაქტიურად მოგზაურობაც შემიზღუდეს”, – ამბობს გულერ მეჰდიზადე.

აზერბაიჯანში ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების კრიტიკით გამორჩეული მედიაორგანიზაციები დახურეს. სხვადასხვა საბაბით მუშაობის უფლება შეუზღუდეს ან დააპატიმრეს ის ჟურნალისტები, რომლებიც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ. მათ შორისაა რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა. მსგავსი ზეწოლა აზერბაიჯანის მთავრობის მიერ ასევე უფლებადამცველებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე ხორციელდება.

გულერ მეჰდიზადე; ფოტო: ფეისბუკის პირადი გვერდიდან

გულერ მეჰდიზადე; ფოტო: ფეისბუკის პირადი გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი