სამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი ენგურზე გამშვებ პუნქტებს ამცირებს

17 მარტი, 2016 • 1873
სოხუმი ენგურზე გამშვებ პუნქტებს ამცირებს

აფხაზეთში მთავრობის სხდომაზე მინისტრებმა დღეს, 17 მარტს, მიიღეს დადგენილება, რომლის მიხედვით, ენგურზე საბაჟო-გამშვები პუნქტების რაოდენობა ორით  შემცირდება. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო მთავორბის ოფიციალური ვებგვერდი “აპსნიპრესი” და სხვა აფხაზური სააგენტოები ავრცელებენ.

პრემიერ-მინისტრ არტურ მიქვაბიას განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაიხურება ორი გამშვები პუნქტი და კიდევ  ორი მოგვიანებით:

“თუ ვინმეს სურს იქითა მხარეს გადასვლა და კანონიერი დასაბუთება აქვს ამის, შეეძლება დარჩენილი ორი მოქმედი გამშვები პუნქტით სარგებლობა”.

ვიცე-პრემიერი შამილ აძინბა ამბობს, რომ აფხაზურ-ქართული საზღვრის დახურვის საკითხი ყოველთვის აქტუალური და ამჟამინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირება იყო:

“მაგრამ როდესაც ჩვენ სიტუაცია შიგნიდან ვნახეთ, გასაგები გახდა, რომ ასე ერთი ხელის მოქნევით საზღვრის დახურვა არ შეიძლება. მიღებულია კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ და იქ არის დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც საზღვრის გადაკვეთისთვის არის საჭირო. თანდათანობით ამ ყველაფერს სამართლებრივ ჩარჩოში მოვაქცევთ. არ შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული იმ დიდი რაოდენობის ხალხის მუდმივი არსებობა [თუნდაც ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს პასპორტების მქონე], რომლებიც ჩვენთან დაიბადნენ. ჩვენ ცივილური სახელმწიფო ვართ და ცივილური გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ”.

17 მარტს მიღებული დადგენილება 30 დღის შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში.

ენგურზე გამშვები პუნქტების შემცირებაზე 2014 წელს აფხაზეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ხაჯიმბაც საუბრობდა. მაშინ ხაჯიმბამ სახალხო ერთობის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ “საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის გამაგრება მნიშვნელოვანია.”

2013 წელს ენგურზე მთავარი გამშვები პუნქტის პარალელურად დამატებითი ხუთი პუნქტი გაიხსნა – მათ შორის ერთი საავტომობილო.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი