სამხრეთ კავკასიის ამბები

ქართული ანსამბლების ვლადიკავკაზში დაგეგმილ კონცერტებს ცხინვალში აპროტესტებენ

17 მარტი, 2016 • 1753
ქართული ანსამბლების ვლადიკავკაზში დაგეგმილ კონცერტებს ცხინვალში აპროტესტებენ

ვლადიკავკაზში ქართული ანსამბლების, “რუსთავისა” და “ბანის” დაგეგმილი კონცერტების გამო ბოლო რამდენიმე დღეა ცხინვალში საზოგადოების ნაწილისა და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების პროტესტი აქტიურ ფაზაში შევიდა. საპროტესტო განცხადებები და მიმართვები როგორც ოფიციალურ დონეზე, ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სამხრეთ ოსეთის სახალხო პარტიამ უკვე მიმართა ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობას ვლადიკავკაზში ქართული საცეკვაო ანსამბლების კონცერტების გაუქმების თხოვნით, რომლებიც 2016 წლის მარტის ბოლოს არის დაგეგმილი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ანსამბლმა “რუსთავმა” 2008 წლის 8 აგვისტოს თბილისის ცენტრში კონცერტი გამართა და შესაბამისად,  ჩრდილოეთ ოსეთის მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა სრულიად მიუღებელია.

განცხადებაში ასევე წერია, რომ ანსამბლი “რუსთავი” “ოდითგანვე ოსურ ცეკვებს “სიმდსა” და “ხონგას” ქართულ ნაციონალურ ცეკვებად ასაღებს.

ოფიციალური მიმართვა ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობის მისამართით გაავრცელა ასევე პოლიტიკურმა პარტიამ “«ФИДÆН».

ვლადიკავკაზში ქართული კულტურის საზოგადოების “ერთობა” ხელმძღვანელი შიშობს, რომ “რუსთავისა” და “ბანის” კონცერტების დროს ადგილი ექნება პროვოკაციას.

ქართული საზოგადოების “ერთობა” ხელმძღვანელი, რობერტ ცინდელიანი ამბობს, რომ 2008 წლის შემდეგ ვლადიკავკაზში კონცერტი გამართა თამარ გვერდწითელმაც.

“პროვოკაციის მცდელობები უკვე იყო, როდესაც აქ “ერისიონი” ჩამოვიდა – ვიპოვეთ ადამიანი, რომელიც არიგებდა ფურცლებს სხვადასხვა მოწოდებით, თუმცა ასეთი სიმწვავე მაშინაც კი არ ყოფილა. იქნებ უკვე საკმარისია. მით უმეტეს, აქედან საქართველოში ბევრი ადამიანი მიდის სამკურნალოდ, დასასვენელბად, სპორტულ ღონისძიებებზე”- ცინდელიანის კომენტარს ჩრდილოეთ ოსეთის პორტალი “აბონი” ავრცელებს.

კონცერტები ვლადიკავკაზის  სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშია დაგეგმილი. თავად უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ კონცერტის გამართვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამასთან თავად საერთო არაფერი აქვს.

ფოტო: ფეისბუკი

მასალების გადაბეჭდვის წესი