სამხრეთ კავკასიის ამბები

ჩეჩნეთში მიმავალ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს თავს დაესხნენ და სცემეს

11 მარტი, 2016 • 1682
ჩეჩნეთში მიმავალ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს თავს დაესხნენ და სცემეს

შემთხვევა 9 მარტს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის საზღვართან მოხდა. დაახლოებით 20 კაცისგან შემდგარი ჯგუფი ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების მიკროავტობუსს თავს დაესხა. ინფორმაციას რამდენიმე ვებ-გვერდი, მათ შორის რადიო თავისუფლების რუსული ბიურო] და კავკაზსკი უზელი ავრცელებს.

გამოცემების ინფორმაციით, ნაცემი იყო რვა უფლებადამცველი და ჟურნალისტი, ასევე, მიკროვტობუსის მძღოლი. სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელებმა ავტომობილი დაწვეს. დაზრალებულთა თქმით, თავდამსხმელები მათ ტერიტორისტებსა და მოღალატეებს უწოდებდნენ.

კავკაზსკი უზელის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზარალდა ნორვეგიელი ჟურნალისტი გამოცემიდან Ny Tid, ოისტენ ვინდსტადი, შვედური რადიოს კორესპონდენტი, მარია პერსონ ლეოფგრენი, The New Times-დან ალექსანდრინა ელაგინა, მედიაზონის კორესპონდეტი ეგორ სკოვორიდი, ბლოგერი მიხაილ სოლუნინი, “კომერსანტის” წარმომადგენელი ანტონ პრუსაკოვი, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის იურისტი, ეკატერინა ვანსლოვა, კომიტეტის მდივანი ივან ჟილცოვი, ასევე, მიკროავტობუსის მძღოლი ბაშირ პლიევი.

მედიაგამოცემების ცნობით, ჟურნალისტთა და უფლებადამცველთა ჯგუფი მიკროავტობუსით გროზნოში მიემგზავრებოდა. კერძოდ, როგორც კავკაზსკი უზელის წყარო აცხადებს, ისინი დაინტერესებული იყვნენ ნორვეგიიდან დეპორტირებული ჩეჩნეთის ორი მოქალაქის შესაძლო წამებით გარდაცვალების გარემოებების შესწავლით. გარდაცვლილი პირები, რომელთა ვინაობაც არ სახელდება მათი ახლობლების დაცვის მიზნით, ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ იდევნებოდნენ და ნორვეგიაში თავშესაფარს ითხოვდნენ.

“ისინი ნორვეგიაში ჩამოვიდნენ და თავშესაფარს ითხოვდნენ. წარმოადგინეს უამრავი მტკიცებულება. სასამართლოში წარმოდგენილი ჰქონდათ “მემორიალის” წერილი, სადაც ეწერა, რომ ამ ადამიანების დაბრუნება რუსეთში სახიფათოა. თუმცა სასამართლომ უარი უთხრა და მათი რუსეთში ძალით დეპორტირება მოხდა”,- აცხადებს გამოცემის რესპონდენტი.

თითქმის ერთი წლის შემდეგ ორივე პირი მკვდარი იპოვეს სხეულზე სასტიკი წამების კვალით.

ორი ჩეჩენის სიკვდილის შესახებ მასალა ნორვერგიულმა გამოცემამ, Ny Tid-მა გამოაქვეყნა, ამ ამბით ასევე დაინტერესდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციებიც.

დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ იმის მიუხედავად, ინგუშეთის ტერიტორიაზე მოხდა თავდასხმის ფაქტი, ის ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან არის კავშირში და იმის დემონსტიტრებაა, რომ “ჩეჩნეთში ჩასვლა და სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა არ არის საჭირო”.

განცხადება ამ ფაქტზე ოფიციალურ უწყებებს არ გაუკეთებიათ.

9 მარტს ნაცემი ფოტოგრაფი მიხაილ სალუნინი; ფოტო: მაქსიმ კურნიკოვი

9 მარტს ნაცემი ფოტოგრაფი მიხაილ სალუნინი; ფოტო: მაქსიმ კურნიკოვი

მასალების გადაბეჭდვის წესი