სამხრეთ კავკასიის ამბები

ჩირიკბა: პატიმრების გაცვლა ჟენევის მოლაპარაკებების შედეგია

10 მარტი, 2016 • 2214
ჩირიკბა: პატიმრების გაცვლა ჟენევის მოლაპარაკებების შედეგია

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, შეწყალებულთა გაცვლა ძალიან კარგი მაგალითია, თუ სად არის შესაძლებელი მხარეებს შორის პრაგმატული თანამშრომლობა.

“ეს ჟენევის მოლაპარაკებების შედეგია. ყველაფერი აქედან დაიწყო და საბედნიეროდ ეს პროცესი დასრულდა. სამხრეთოსეთელები, ჩვენი ძმები, სამშობლოს დაუბრუნდნენ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის მიმართვის შემდეგ ჩვენმა პრეზიდენტმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და, ვფიქრობ, ეს კარგი შედეგია”,- განაცხადა ჩირიკბამ sputnik abkhazia-სთან საუბრისას.

დღეს, 10 მარტს, ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში პატიმრები გათავისუფლდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ქართულ მხარეს გადმოეცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე. მათ სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 4 გათავისუფლებული პირი გადასცა.

“ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში შედგა პატიმრების გათავისუფლება. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართულ მხარეს გადმოეცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე. მათ სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 4 გათავისუფლებული პირი გადასაცა”, – წერია განცხადებაში.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი