სამხრეთ კავკასიის ამბები

ზაქარეიშვილი: აფხაზურ მხარეს არაფერი მიუღია პატიმრების გადმოცემის სანაცვლოდ

10 მარტი, 2016 • 1324
ზაქარეიშვილი: აფხაზურ მხარეს არაფერი მიუღია პატიმრების გადმოცემის სანაცვლოდ

პაატა ზაქარეიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის პატიმრების გაცვლის პროცესით “აფხაზურ მხარეს პრაქტიკულად არაფერი მიუღია”.

“უნდა ვთქვათ, რომ აფხაზურ მხარეს პრაქტიკულად არაფერი მიუღია და გრძელვადიანი უკანონო პატიმრები გაათავისუფლეს, რომლებიც წლების განმავლობაში მათ ჰყავდათ დაპატიმრებული სოხუმის იზოლატორში”, – განუცხადა ენგურის ხიდთან მყოფმა მინისტრმა ტელეკომპანია “მაესტროს” პირდაპირ ეთერში.

ზაქარეიშვილის განმარტებითვე, ქართული მხარიდან მოლაპარაკებების პროეცსში რამდენიმე ადამიანი იყო ჩართული.

“მაგრამ ფორმალურად მე ვიყავი, რომელიც ვაქტიურობდი. მაგრამ, რა თქმა უნდა, მეხმარებოდნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. ბუნებრივია, მხოლოდ მე ასეთ სერიოზულ საქმეში წარმატებას ვერ მივაღწევდი. პრაქტიკულად წარმოუდგენელია, როდესაც მხარეებს შორის ასეთი გაუცხოებაა, მოხდა პატიმრების გათავისფულება”.

დღეს, 10 მარტს, ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში პატიმრები გათავისუფლდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ქართულ მხარეს გადმოეცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე. მათ სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 4 გათავისუფლებული პირი გადასცა.

“ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში შედგა პატიმრების გათავისუფლება. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართულ მხარეს გადმოეცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე. მათ სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 4 გათავისუფლებული პირი გადასაცა”, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი