სამხრეთ კავკასიის ამბები

ნალბანდიანი: არ მოგვწონს, რომ აზერბაიჯანი იარაღს რუსეთისგან ყიდულობს

10 მარტი, 2016 • 1217
ნალბანდიანი: არ მოგვწონს, რომ აზერბაიჯანი იარაღს რუსეთისგან ყიდულობს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედვარდ ნალბანდიანის განცხადებით, სომხეთი რუსეთისგან იარაღის შეძენას გააგრძელებს, იმის მიუხედავად, რომ რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანისთვისაც შეიარაღების მიწოდებამ შეიძლება ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს

საგარეო საქმეთა მინისტრმა “კომერსანტთან” ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებასაც უპასუხა. ზახაროვას თქმით, რუსეთის მხრიდან სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება რეგიონში ძალთა ბალანსის შენარჩუნების მიზნით ხორციელდება.

“ჩვენ რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს, რაც ძალიან მჭიდრო სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას გულისხმობს. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ იარაღს, პირველ რიგში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან ვყიდულობთ. ჩვენ მომავალშიც მჭიდროდ ვითანამშრომლებთ რუსეთთან სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით”- ამბობს ნალბანდიანი.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სომხეთი “იძულებულია ძალისხმევა გამოიჩინოს”, რეგიონში ძალთა ბალანსი შეინარჩუნოს და ამგვარად “კონფლიქტის ახალი ესკალაცია არ დაუშვას”. მისივე თქმით, “აზერბაიჯანმა არაერთხელ გაზარდა სამხედრო ხარჯები”.

“ის, რომ რუსეთი, როგორც იარაღის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანა, იარაღს სხვადასხვა ქვეყნებს აწვდის- ეს ბუნებრივია. მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით მოხიბლული იმით, რომ აზერბაიჯანი იარაღს ყიდულობს [რუსეთისგან] და თითქმის ყოველდღე იმუქრება ახალი ომით. ჩვენ არ შეიძლება მოგვწონდეს, რომ იგი იარაღს ჩვენი მოკავშირისგან ყიდულობს”,- ამბობს ნალბანდიანი.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი