სამხრეთ კავკასიის ამბები

ისმაილოვას დედა: დროა გაათავისუფლონ ხადიჯა, ქვეყანაში ზედმეტი სიჩუმეა

10 მარტი, 2016 • 1574
ისმაილოვას დედა: დროა გაათავისუფლონ ხადიჯა, ქვეყანაში ზედმეტი სიჩუმეა

აზერბაიჯანში დაპატიმრებული ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას საქმის განხილვას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რამდენიმე დღეში, 14 მარტს დაიწყებს. ამ და ხადიჯა ისმაილოვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხების შესახებ მისმა დედამ, ელმირა ისმაილოვამ და ხადიჯას მეგობარმა კოლეგებმა აზერბაიჯანში საქართველოდან ჩასულ რამდენიმე მედიის წარმომადგენელს განუცხადეს.

ხადიჯა ისმაილოვას დაპატიმრების შემდეგ მისი დედა, ელმირა ისმაილოვა ამჟამად მეორე შვილის ოჯახში ცხოვრობს. ინსულტის შემდეგ რამდენიმე კვირის წინ გულზე ოპერაციაც დასჭირდა. ოპერაცია თურქეთში ჩაუტარეს. ამბობს, რომ შექმნილი ვითარების გამო აზერბაიჯანელ ექიმებს ვერ ენდობოდა.

“იმის გამო, რომ ხადიჯა კიდევ უფრო გაამწარონ, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ოპერაციას აქ კეთილსინდისიერად ჩაატარებდნენ”, – ამბობს ელმირა ისმაილოვა.

თურქეთში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ შვილის სანახავად ბაქოს ქალთა და ბავშვთა კოლონიაში უკვე იყო მისული. დღეს, 10 მარტსაც უწევს მისვლა. ამბობს, რომ თვეში ორჯერ შვილის ნახვის საშუალებას აძლევენ და ამ მხრივ პრობლემებს არ უქმნიან.

“საშინელ პირობებშია იქ. მას შემდეგ, რაც ეს კოლონია არსებობს, არც გარემონტებულა. ძალიან ძველია. პატიმრებზე მხოლოდ ორი სველი წერტილი მოდის. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ხადიჯა მხნედ არის, როგორც ყოველთვის. ცდილობს ჩვენ გაგვამხნევოს, იხუმროს. სასამართლოზეც კი, როდესაც შესვენება გამოცხადდა, ორი არია იმღერა. წიგნების თარგმნასაც კი ახერხებს ციხის ბიბლიოთეკიდან”, – ამბობს ხადიჯას დედა.

მისი მეგობრის, ჟურნალისტის, სამირა აჰმედბეილის თქმით, 13 მარტს ხადიჯას მიერ ნათარგმნი, ირანელი ახალგაზრდა მწერლის, საჰარ დელიჯანის წიგნის პრეზენტაციაც გაიმართება ბაქოში. რა ხერხებითა და საშუალებებით ხდება ხადიჯას თარგმანების გამოტანა კოლონიიდან, ამის შესახებ ახლობლები ყვებიან, თუმცა საჯაროდ ამის გახმიანება არ სურთ.

ხადიჯა ისმაილოვას ოჯახზე, მისი დაპატიმრების შემდეგ, როგორც მისი დედა ამბობს, ხელისუფლების ან რომელიმე ჯგუფის მხრიდან ზეწოლა ნაკლებია. თუმცა,პროცესების დაწყებისთანავე, როგორც ელმირა ისმაილოვა ამბობს, სამსახურიდან დაითხოვეს მისი მეორე შვილის ქმრის ნათესავები.

“ჩემი შვილი საბავშვო ბაღში მუშაობს ამჟამად. ვფიქრობ, აქამდე ძალიან ბევრი საბაბით შეიძლებოდა მისი დათხოვნაც, მაგრამ ალბათ არც უღირთ ამდენი ხმაურის ატეხვა. არ ვიცი”, – ამბობს ხადიჯას დედა.

ის ფაქტიც კი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჟურნალისტის ადვოკატირების ინიციატივით ადვოკატი ამალ კლუნი გამოვიდა, დედის თქმით, დიდი სირცხვილია აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის.

“საქმე აქამდე რომ მივიდა, ეს არის სირცხვილი. 14 მარტს სტრასბურგში პირველი სასამართლო სხდომა გაიმართება. ამალ კლუნიმ თავად შემოგვთავაზა ადვოკატირება და ხადიჯაც დათახმდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მეც დავთანხმდი. მე ყველა საკითხში ვუჭერ მას მხარს. მისი ადვოკატირების იმედი მაქვს. უკვე დროა, ხადიჯა გაათავისუფლონ, ზედმეტი სიჩუმეა ქვეყანაში”, – ამბობს დედა.

ხადიჯას მეგობარი, ჟურნალისტი სამირა აჰმედბეილი ამბობს, რომ, საბოლოო ჯამში, ისმაილოვას დაპატიმრებამ მაინც იქონია დადებითი გავლენა აზერბაიჯანის მედიაზე.

“რა მისცა ხადიჯა ისმაილოვამ აზერბაიჯანულ საზოგადოებას, აზერბაიჯანის მედიას? სამწუხაროდ, დღეს დღეს უკვე აღარ არსებობს აზერბაიჯანული მედია, ეს ჩემი აზრია. მაგრამ მან დაანახა ყველას [ჟურნალისტებს], რომ არ შეიძლება უკან გადგე, როდესაც გაშანტაჟენებენ, თავს გესხმიან, როდესაც გაპატიმრებენ. ხადიჯას შემდეგ უკვე MeydanTv-ს ჟურნალისტების დაკითხვაზე წაყვანა დაიწყეს და თითქოს უფრო ადვილი გახდა, თითქოს ისე აღარ არის საშიში ეს ყველაფერი. თურმე ხადიჯას იქ შეუძლია ქალთა გუნდი შექმნას და საკანში იმღეროს. ამ ყველაფრით ის მაგალითს იძლევა. ხადიჯა არის უზარმაზარი პოზიტივი ზუსტად იქ, სადაც პოზიტივის პოვნა ასეთი რთულია. გინდა, რომ მისი მიმდევარი გახდე. კი, ასეთებიც არიან აქ, მაგრამ ძალიან ცოტა. იმიტომ, რომ თავისუფლების მოყვარული ხალხისთვის აქ სივიწროვეა”, – სამირა აჰმედბეილი.

ისმაილოვას 2015 წლის სექტემბერს, აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯა.

ელმირა ისმაილოვა; ხადიჯა ისმაილოვას დედა; ფოტო: ნეტგაზეთი

ელმირა ისმაილოვა; ხადიჯა ისმაილოვას დედა; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი