სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ

9 მარტი, 2016 • 1423
აფხაზეთში შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ

აფხაზური მედიის, მათ შორის aiaaira.com-ის ინფორმაციით, “დრანდის” ციხის ყოფილი ხელმძღვანელის, რუსლან ჯელიას ნათესავები და კოლეგები 9 მარტს აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ შეიკრიბნენ და მინისტრ ლეონიდ ძიაპშპას გადადგომა მოითხოვეს. მინისტრის გადადგომის მოთხოვნის მიზეზი საგზაო ინსპექციის თანამშრომლის მიერ რუსლან ჯელიას ავტომობილისთვის ცეცხლის გახსნა გახდა.

ლეონიდ ძიაპშპას რუსლან ჯელიას ნათესავების წარმომადგენლები შეხვდნენ და შეხვედრის დასრულების შემდეგ სამინისტროს წინ შეკრებილებს განუცხადეს, რომ მინისტრი მომხდარის გამო წუხს და კონფლიქტური სიტუაციის გადაწყვეტა მათ შეხვედრებზეა დამოკიდებული. ძიაპშპამ რუსლან ჯელიას ნათესავებს სთხოვა, სიტუაცია არ დაეძაბათ. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილების ერთადერთი მოთხოვნა მინისტრის გადადგომაა.

“თუ მას რუსლანთან მობოდიშება კულუარულად სურს, ეს არ გამოუვა. გამოვიდეს ხალხთან და ბოდიში მოიხადოს. პატიებით კი, მხოლოდ მისი გადადგომის შემდეგ ვაპატიებთ”,-  ამბობს ჯელიას ნათესავი.

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, 9 მარტს სოხუმში, თავისუფლების მოედანზე დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა. გამოცემის ცნობითვე, რუსლან ჯელია ციხის ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2015 წლის 1 ნოემბერს დაითხოვეს, მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პირი გაიქცა. აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 მარტს ავტოსაგზაო პოლიციის თანამშრომელმა ჯელიას მანქანას ცეცხლი გაუხსნა, თუმცა ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბიოლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი