ახალი ამბები

გვენეტაძე წულუკიანის შეფასებაზე: იუსტიციის საბჭო ნამდვილად გადაწყვეტილებაუნარიანია

8 თებერვალი, 2016 • 1276
გვენეტაძე წულუკიანის შეფასებაზე: იუსტიციის საბჭო ნამდვილად გადაწყვეტილებაუნარიანია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თეა წულუკიანის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ვერ გააკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს მართლმსაჯულებაზე და იქ განვითარებულ პროცესებზე.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 4 თებერვალს განაცხადა, რომ შთაბეჭდილება რჩება,  მართლმსაჯულების სისტემაში მართვის სადავეები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მის თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს არ აქვს აღებული. მან გვენეტაძეს მოუწოდა, რომ მართვის სადავეები აიღოს ხელში.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და თუ ხედავს რაიმე წინაპირობებს იმისათვის, რომ მინისტრს ეს განცხადება გაეკეთებინა, გვენეტაძე პასუხობს, რომ საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია.

“მე ვერ გავაკეთებ პოლიტიკურ შეფასებებს მართლმსაჯულებაზე და აქ განვითარებულ პროცესებზე. მე მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ვართ კოლეგიალური ორგანო, მე გახლავართ საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც კოლეგიალურად იღებს გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, არსებობს შეთანხმებები, ბუნებრივია, არსებობს დაპირისპირებული მოსაზრებები. გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანეს საკითზებზე, მოსამართლეთა გამწესებასთან დაკავშირებით მიიღება 10 ხმით, დისციპლინური წარმოების დაწყებაზეც – 10 ხმით, სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. გასაგებია და ვადასტურებ, რომ ჩვენ ხშირად გვაქვს კამათი, აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ გადაწყვეტილებაუნარიანი ნამდვილად არის საბჭო. სხვა კომენტარს მე ვერ გავაკეთებ,”– განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 8 თებერვალს გამართული საბჭოს სხდომის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი