ახალი ამბები

შსს-სთვის უცნობია, რამდენ შემთხვევაში გამოიწვია ავარიები მარჯვენასაჭიანმა ავტომობილებმა

21 დეკემბერი, 2015 • 1992
შსს-სთვის უცნობია, რამდენ შემთხვევაში გამოიწვია ავარიები მარჯვენასაჭიანმა ავტომობილებმა

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის ერთ-ერთ მიზეზად ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა სახელდება, თუმცა შსს-მ ვერ მოგვაწოდა სტატისტიკა, რომელიც ამას ადასტურებს.

“რაც შეეხება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მონაწილეობით მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს, აღნიშნული ინფორმაცია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს არ გააჩნია”, – ასე უპასუხა შსს-მ “ნეტგაზეთის” კითხვას, 2014-2015 წლებში დარეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევებიდან რამდენი იყო გამოწვეული მარჯვენასაჭიანი ავტომობილის გამო?

ამის მიუხედავად, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში, რომელიც მარჯვენსაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციას კრძალავს, ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად ისაა დასახელებული, რომ ხილვადობის შეზღუდულობის გამო ავტოსაგზაო შემთხვევების 25% მარჯვენა საჭესთანაა დაკავშირებული.

“უშუალოდ ხილვადობის და მანევრირების შესაძლებლობის შეზღუდვის გამო გამოწვეულ ავტოსაგზაო შემთხვევათა დაახლოებით 25%-ი სწორედ მარჯვენა საჭის მქონე ავტომანქანებზე მოდის, რაც საკმაოდ მაღალი ციფრია”, – წერია კანონპროექტის დანართში, რომლის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

აღნიშნულ კანონპროექტში შსს წერს, რომ მარჯვენა საჭის მქონე ავტომანქანები არ არის ადაპტირებული საქართველოში ნებადართული საგზაო მოძრაობის მიმართულების შესაბამისად, რადგან საქართველოში საგზაო ნიშნები და საგზაო მოძრაობის წესები განსაზღვრულია უშუალოდ მარჯვენა მხარეს მოძრაობის მიმართულების შესაბამისად.

სამინისტროს მტკიცებით, ავტოსაგზაო შემთხვევათა ანალიზი აჩვენებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზი ხშირად არის ავტოსაგზაო მოძრაობის დროს ხილვადობისა და მანევრირების შესაძლებლობის შეზღუდვა.

“მარჯვენა საჭის მქონე ავტომანქანების მართვის დროს ხილვადობა და მანევრირება, რა თქმა უნდა, შეზღუდულია”, – წერია კანონპროექტის დანართში.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისგან შექმნილ საფრთხეზე მსჯელობის კონტექსტში საუბარია იმაზეც, რომ საგზაო სფეროში არსებული ვითარების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველო ევროპაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებლით 10 ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყანას შორისაა.

თუმცა შსს კანონპროექტში არ განმარტავს,  თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად მაღალი სიკვდილიანობა რითია დაკაშირებული მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან, ან რა ინფორმაციის ანალიზით მივიდნენ ამ დასკვნამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი