გართობა

ახალი წლის ღამის ტკბილ-მწარე ისტორიები

31 დეკემბერი, 2018 • 2249
ახალი წლის ღამის ტკბილ-მწარე ისტორიები

გთავაზობთ ნეტგაზეთის მკითხველებისა და მეგობრების საინტერესო და სახალისო ამბებს, რომლებიც მათ ახალი წლის ღამეს გადახდენიათ.

დააკლიკეთ ქვემოთმოცემულ გრაფებს, გაეცანით ისტორიებს და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები:

ევროპებში დაკარგულები
ახალ წელს მეგობრებთან ერთად ვიქირავეთ ავტომობილი და ფრანკფურტიდან წავედით შვეიცარიაში. გარდა იმისა, რომ გზად ნავიგაციამ გაჭედა და საფრანგეთის ნაცვლად იტალიაში ამოვყავით თავი 10 წუთით, საოცარი ისტორია დაგვებედა:

ჩვენივე მანქანით გადავწყვიტეთ ასვლა ალპების ერთ-ერთ კურორტზე, ცერმატში. იქ ზამთარში ძალიან დიდი თოვლია. კონკრეტულ ადგილამდე მიდიხარ მანქანით და შემდეგ რკინიგზას გადაჰყავხარ შენივე ავტომობილით. ამ რკინიგზას აქვს, ბუნებრივია, მუშაობის განრიგი. საავტომობილო გზა ფიზიკურად არ არის. გადავწყვიტეთ, რკინიგზის ბოლო რეისს გამოვყოლოდით უკან. აღმოჩნდა, რომ უამინდობის გამო რკინიგზის ბოლო რეისი გაუქმდა. ყველაფერი ვიფიქრეთ. ჩავთვალეთ, რომ შუაგულ ალპებში ვეღარავინ გვიპოვნიდა და ბედს შევეგუეთ. უკვე იმედი რომ გადაგვეწურა, ალტერნატიული რეისი დანიშნეს და, როგორც იქნა, ჩამოვედით ქალაქ ლუცერნში.

12-ს წუთები აკლია და გვგონია, რომ მოვასწარით, მაგრამ ნურას უკაცრავად, სასტუმროს კარი დაგვხვდა ჩაკეტილი და ბევრი მცდელობის მიუხედავად, ადმინისტრატორს ვერსად მივაკვლიეთ.  ზუსტად 00:00 საათზე სამაშველო სამსახურში ვრეკავდით. ორსაათიანი პროცედურის შემდეგ სასტუმრო გაგვიღეს და შევლასლასდით გაყინულები და გადაღლილები დასაძინებლად. End of story.

ახალი წლის ღამე ინტერნეტის გარეშე
ჩემმა ძმამ მაშხალებით ინტერნეტის კაბელი გაწყვიტა და მთელი 3 დღე ვიყავით ინტერნეტის გარეშე. სამაგიეროდ, საჭმელი უცებ შეიჭამა
ედიკას დროს, საბავშვო ამინდში
2000-იანების დასაწყისში მამაჩემი მუშაობდა ნავთობმომპოვებელ კომპანიაში. ყველგან სიბნელე, სიცივე და ძალიან დიდი თოვლი იყო და ამხელა კომპანიას წყალი გაეყინა.

სხვა გზა რომ არ ჰქონდათ, მამაჩემმა კომპანიას წყლის ავზიანი მანქანა გამოართვა, აავსო და უნდა წაიღოს შუა ტყეში, სადაც ჭაბურღილია დადგმული. მე და კატუნა ავეკიდეთ და წავედით 31 დეკემბერს, 22:00 საათისკენ პატარძეულის ტყეში დიდი ცისტერნით.

გზაში უამრავი შოკოლადი და კანფეტი ვიყიდეთ, სათითაოდ დავურიგეთ და დავაბერეთ დაცვა და ოპერატორები. დაცვამ კიდევ კალაშნიკოვები გვასროლინა. ვსრიალებდით, ვგუნდაობდით შუა ტყეში, დიდ თოვლში.

ეს ყველაზე magic ახალი წელი იყო, რაც ჩემს მეხსიერებას შემორჩა.

საახალწლო პურიჭამა
წინა ახალ წელს მე და ჩემმა ორმა დაქალმა თითქმის 3 ლიტრი წითელი ღვინო ჩაის დიდი ჭიქებით დავლიეთ და მერე 21 ტოლმა შევჭამეთ.
სტაჟიანი მეკვლე და ტაქსის მძღოლები
ბოლო 3 წელია ტაქსიში ვხვდები ახალ წელს. მეგობრის მეკვლე ვარ ხოლმე. ამ დროს ყველა მძღოლს გადადებული აქვს ტელეფონი. თორმეტს რომ 10 წუთი აკლია, გავდივარ სახლიდან და ტაქსიში ვჯდები. შარშანაც, პრიველის ხუთ წუთზე დავასრულეთ მგზავრობა, მაგრამ აღმოჩდა, რომ მძღოლს გზა აერია და სხვა სადარბაზოსთან მიმიყვანა. ვიდექი გარეთ გოზინაყებით და ჩურჩხელით ხელში, ბედნიერი სახით ვუყურებდი ფოიერვერკებს და თან ჩემს ბედს ვაგინებდი.
სიყვარული ყველას უნდა
როგორც ყოველ წელს, წინა წელსაც, ტრადიციულად, სახლში შევხვდი ახალ წელს. მართალია, რატომღაც დადებითად ვარ განწყობილი ამ დღის მიმართ, თუმცა მოწყენილობა მაინც თავს არ მანებებს ხოლმე. ამიტომ 31-ში მინიმუმ 5 საახალწლო ფილმს მაინც ვუყურებ. ზოგს მეორედ, ზოგს მეექვსედ, ზოგსაც- პირველად.

ის ფილმი, რომელმაც 31-ში გარეთ გასვლა მაიძულა, ერთხელ მქონდა ნანახი, “ინტუიცია” ერქვა; ფილმში ზუსტად ახალი წლის ღამეს გოგო და ბიჭი შემთხვევით ქუჩაში ხვდებიან ერთმანეთს, ორივეს სიმპათია გაუჩნდება, თუმცა საკონტაქტოებს არ ცვლიან და წლების მერე ისევ შემთხვევით პოულობენ ერთმანეთს. ამ ფილმმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ მე, მარტოსულმა, გადავწყვიტე გარეთ გასვლა და ვითომ ვინმეს შემთხვევით პოვნა. იმედი მქონდა, ახალ წელს ჩემზე ახალი ისტორია დაიწერებოდა.

საახალწლოდ მორთული უნივერმაგი ერთი-ორჯერ შემოვიარე, ცოტა ხანს გარეთაც ვისეირნე, მაგრამ სულ ტყუილად.

თუ გადაგხდენიათ ახალი წლის ღამეს დაუვიწყარი ამბავი და გსურს ჩვენი მკითხველისთვის თქვენი ისტორიის გაზიარება, მოგვწერეთ ფეისბუკში

მასალების გადაბეჭდვის წესი