მუსიკამცოდნე საქართველოში რუსული მუსიკის სიყვარულზე – „ომზე მეტად თანაცხოვრება გვებრძვის“

რესტორნებიდან და კაფე-ბარებიდან გამოსული რუსული მუსიკის ხმები საქართველოში იშვიათობა არასდროს არის, მაგრამ ტურისტულ სეზონზე ეს კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა. არის თუ არა რუსული მუსიკა მხოლოდ ხელოვნება პოლიტიკის გარეშე – გთავაზობთ ინტერვიუს მუსიკამცოდნე ლაშა გაბუნიასთან. 

ბატონო ლაშა, ბათუმის ბულვარში, ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება, რა დიდი დოზით ისმის რუსული მუსიკა კაფებარებიდან და რესტორნებიდან. ეს არის საბჭოთა და ასევე თანამედროვე რუსული ჰიტებიც. თქვენი აზრით, ეს მხოლოდ რუსულენოვანი ტურისტების მოზიდვის ხერხია, თუ სხვა რამეზეც მიუთითებს?

ეს არ ხდება მხოლოდ ბათუმში და არამგონია მარტო რუსი ტურისტების მოსაზიდად იყოს ეს. ტურისტები საქართველოს გარდა დადიან სხვა ქვეყნებშიც – შვედეთში, საფრანგეთში, გერმანიაში… და იქ არავინ არ რთავს საბჭოთა რეპერტუარს, რუსულ სიმღერებს.

ეს იმისათვის არ კეთდება, რომ მოიზიდონ რუსი ტურისტები. რუსი ტურისტიც და ნებისმიერი ტურისტიც ათასნაირი სხვა გზით შეგვიძლია მოვიზიდოთ, ქართული კულტურა უფრო აინტერესებს ტურისტს, რომელიც აქ ჩამოდის და ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც ტურისტები იმისთვის მიდიან, რომ ის ქვეყანა აინტერესებთ – კულტურული პროდუქციით თუ სამზარეულოთი. არაფერში არ სჭირდება, მაგალითად, ფრანგს, რომ მას დავახვედროთ აზნაურის სიმღერები. პირიქით, უფრო კარგი იქნება თუ გავაცნობთ საკუთარს და ის უფრო კმაყოფილი წავა.

ჩვენ ეტყობა, ვერ ვაცნობიერებთ რა ხდება… ჩვენ ახლა აღვნიშნავთ, რომ 10 წელი გავიდა ომის დაწყებიდან, მაგრამ ამ ქვეყანასთან ომის დაწყებიდან 10 წელი ნამდვილად არ გასულა. ომი დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ, მე-18 საუკუნეში, უბრალოდ, ბოლო ურთიერთშეტაკება რაც გვქონდა, ეს იყო 10 წლის წინ.

თქვენ გამორიცხავთ, რომ შეიძლება სერვისის მიმწოდებელს შესწავლილი ჰყავდეს ამ კონკრეტული ქვეყნის ტურისტების განწყობები და ამ განწყობების გამოძახილი იყოს ეს. ანუ რუს ტურისტს შეიძლება სიამოვნებდეს მოისმინოს ყოფილ საერთო სივრცეში თავის მშობლიურ ენაზე მუსიკა. არა?  

რუსი ტურისტი როდესაც ჩამოდის საქართველოში და, ვთქვათ, ნატაშა გულკინას ან ვინმე სხვა რუსი მომღერლის სიმღერით ვხვდებით, ის რწმუნდება და ჩვენც ვუმტკიცებთ, რომ მართლა მათი ნაწილი ვართ.

მე არც ერთ შემთხვევაში არა ვარ რუსული კულტურის წინააღმდეგი, მაგრამ ტურისტს არ სჭირდება საკუთარ ენაზე სიმღერის მოსმენა, ისინი – არც ფრანგები თუ ბრიტანელები ამისთვის არ ჩამოდიან. რუსიც, როგორც ტურისტი, აქ ჩამოდის იმისთვის, რომ გაიცნოს საქართველო და მისი კულტურა და შენ თუ დაახვედრებ რუსულ ცეკვა-თამაშს, რუსულ წარწერებს, ის თავისთავად ჩათვლის, რომ შენ მისი პროვინცია ხართ.

თქვენი, როგორც მუსიკათმცოდნის აზრით, რაზე მეტყველებს რუსულენოვანი სიმღერების პოპულარობა საქართველოში, სხვათა შორის იმ თაობაშიც, რომელსაც არ უცხოვრია საბჭოთა კავშირში?

გასაგებია, მაგრამ ეს ახალი თაობაც ხომ, ძირითადად, იმ ოჯახებში გაიზარდა, სადაც უსმენდნენ ამ მუსიკა. თუმცა, არ მიმაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა უსმენს რუსულ სიმღერებს. არის, რა თქმა უნდა, საგრძნობი რაოდენობა ადამიანების, რომლებიც უსმენენ რუსულ მუსიკას, მაგრამ დარწმუნებული ვარ ისინი არ არიან უმრავლესობაში – საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა მაქვს ახალ თაობასთან და ვიცი დაახლოებით რა აინტერესებთ, რას უსმენენ. ეს შემორჩენილი სენტიმენტია, რომელიც დროთა განმავლობაში ალბათ ჩამოგვცილდება. ჯერ ეტყობა რაღაცეებს ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება.

არ გვაქვს საზომი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა რუსული სიმღერების პოპულარობის შეფასება წლების მიხედვით, თუმცა ფაქტია, რომ რუსული სიმღერები ისმის კაფებარებსა და სამარშრუტო ტაქსებში. ეს სიტუაცია არ შეცვლილა არც 10 წლის წინ მომხდარი აგვისტოს ომის შემდეგ. ზოგადად, შეიძლება ომს ჰქონოდეს გავლენა კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების მუსიკალურ გემოვნებაზე?

ვთვლი, რომ ომი მუსიკალურ გემოვნებაზე გავლენას ვერ ახდენს, რუსული პაპსას თუ ესტრადის სიყვარული, უფრო ერთმანეთთან შეჩვევის შედეგად ჩამოგვიყალიბდა. ომზე მეტად, ალბათ, უფრო თანაცხოვრება გვებრძვის – ჩვენი და რუსების ერთი იმპერიის შემადგენლობაში ყოფნა. ჩემი აზრით, ეს დაახლოებაც თანაცხოვრებამ გამოიწვია. პირადად მეც არ მაქვს ხაზი გადასმული რუსული ჯგუფებისთვის, არის რუსეთში გემოვნებიანი მუსიკა – ДДТ, „აკვარიუმი“, სხვებიც, რომლებიც ღირებულ მუსიკას ქმნიდნენ საბჭოთა კავშირის დროსაც და დღემდე ვინც ცოცხლები არიან, ასევე ღირებულ მუსიკას ქმნიან…

მათ ძალიან ბევრ საყვარელ ქართველ და უცხოელ მუსიკოსთან ერთად ვუსმენდი, თუმცა აგვისტოს ომის დღეებში და შემდგომაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ჩემს ფლეილისტს რომ გადახედოთ, მაქსიმუმამდე შემცირებული მაქვს ომის შემდგომ. მქონდა ამ მხრივ რეაქციები, თუმცა, ზოგადად, მასობრივ მუსიკაზე როცა ვლაპარაკობთ, ამაში ომი არაფერ შუაშია, ეს უფრო შეჩვევის და თანაცხოვრების ტრადიცია.

შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ რუსული მუსიკის პოპულარობის მიზეზი ენის ცოდნაც არის? ენა იცის, ესმის თუ სხვა მიზეზებიც შეიძლება იყოს?

თქვენ გულისხმობთ იმას, რომ რუსული ენა უფრო გასაგებია? მაგრამ ახალ თაობაში სხვა ენები უფრო პოპულარულია, ვიდრე რუსული. ზოგადად კი, ენის ცოდნა, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას, რადგან თუ ძალიან ცუდ მუსიკას არ უსმენ – ესტრადას თუ რაღაცას, დიდი მნიშვნელობა აქვს სიმღერის ტექსტის გაგებას. თუ ვისოცკის მოსმენა გინდა, ბულატ ოკუჯავასი და ასე შემდეგ, მათი ტექსტების შინაარსში ჩაწვდომა, მაშინ ენა უნდა იცოდე, რადგან ისე ვერ გაიგებ ის ადამიანი რაზე მღერის. ამ შემთხვევაში მოქმედებს ენა, მაგრამ, ცხადია, ნაწილობრივ. მე, მაგალითად, როდესაც საერთოდ არ ვიცოდი ინგლისური ენა, ინგლისურ ჯგუფებს ვუსმენდი, რადგან მუსიკალური მხარე უფრო მაინტერესებდა და ეს მხარე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სხვა რამ.

რამდენიმე წლის წინ იყო მცდელობა, შეეზღუდათ რუსული მუსიკა ხელოვნურად. მაგალითად, ბათუმში საგანგებოდ აფრთხილებდნენ კაფებარებს, რომ რუსული მუსიკა ამოეღოთ ფლეილისტიდან. თქვენი აზრით, ეს ხერხი რამდენად მისაღებია?

აკრძალვას შეიძლება უკუშედეგი მოჰყვეს. ეს თვითშეგნებაზეა დამოკიდებული და იმაზე, რომ გავაცნობიეროთ, საიდან რა საფრთხეს ველოდოთ და საფრთხიდან გამომდინარე ადეკვატური ნაბიჯები გადავდგათ. იყო მოწოდებები, რომ რუსული პროდუქცია არ ვიყიდოთ, ამ მოწოდებას ნაწილობრივ მეც ვუერთდები – თუ არის პროდუქციის არჩევანის საშუალება, უპირატესობას ვანიჭებ პოლონურს, უკრაინულს, თურქულს… მაგრამ აკრძალვას არ მივესალმები. საბჭოთა კავშირში ვისაც უცხოვრია იმან იცის, რომ აკრძალვას სხვა შედეგი მოჰყვება.

მოსაზრება, რომ მუსიკა, ხელოვნება არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პოლიტიკა, რამდენად გასაზიარებელია. თქვენი აზრით, არის თუ არა მუსიკა პოლიტიკის ნაწილი?

ხელოვნება ადამიანებს ნამდვილად აერთიანებს, თუმცა მას აუცილებლად აქვს პოლიტიკასთან შეხება. დღეს პრაქტიკულად არ არსებობს სფერო, რომელიც რაღაც შეხებაში არ არის პოლიტიკასთან. თუნდაც სპორტი, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში… თითქოს ფეხბურთი არაფერ შუაშია, მაგრამ სინამდვილეში არის. ყოველთვის შეიძლება ვიღაცებმა ამტკიცონ კიდეც საპირისპირო, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ოკუპანტი მუსიკითაც ახდენს ზემოქმედებას ადამიანებზე. ასევეა კინო, ხელოვნება…

რუსულ ტელეარხებს რომ გადახედოთ, ძირითადად, პროპაგანდისტული გაშუქებაა, მსუბუქი შინაარსის სიმღერებს აჩვენებენ, რომელზედაც ადამიანი გულუბრყვილოდ იკითხავს – აი, რა კავშირი აქვს ამას პოლიტიკასთან?

რა თქმა უნდა, ეს არის იარაღი, არა ერთადერთი, მაგრამ ეს კულტურული ექსპანსიაა, რომელსაც ერთი ქვეყანა აწარმოებს მეორე ქვეყნის მიმართ. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ რუსეთს და საქართველოს და თუნდაც სამხრეთ კავკასიას – მე ვიცი, რომ სომხეთშიც ძალიან პოპულარულია რუსული ესტრადა, ჩრდილოეთ კავკასიაში მით უმეტეს. ვიმეორებ, მინიმუმ გულუბრყვილობაა, როდესაც ამბობენ, რომ მუსიკა პოლიტიკასთან არაფერ შუაშია…

როდესაც, 10 წლის წინ, ცხინვალი დაეცა და იქ რუსული ჯარი შევიდა, რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირმა – გერგიევმა იქ კონცერტი მისცა. ხატია ბუნიათიშვილმა სწორედ ამის გამო თქვა უარი მასთან ერთად დაეკრა [პარიზში]. ჩემი აზრით, ეს მისასალმებელი ნაბიჯი იყო.

რა თქმა უნდა, მუსიკა პოლიტიკის ერთ-ერთი იარაღია, განსაკუთრებით მასობრივი მუსიკა. მთელ მსოფლიოში ძალიან კარგად იციან, რომ ქვეყანა, რომელსაც უფრო მეტი ფული და შესაძლებლობები აქვს, ზემოქმედებს იმ ქვეყანაზე, რომელსაც კულტურული თუ სამხედრო ექსპანსიისგან ნაკლები თავდაცვის საშუალება გააჩნია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან