კატეგორიის გარეშე •

სასამართლომ ციხეებში პატიმრის გაშიშვლება ნაწილობრივ სცნო არაკონსტიტუციურად

26 ივლისი, 2018 • 1343
სასამართლომ ციხეებში პატიმრის გაშიშვლება ნაწილობრივ სცნო არაკონსტიტუციურად

პატიმარი ქალი ნანა ფ. სასჯელაღსრულების მინისტრის იმ ბრძანების ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც, ციხის ადმინისტრაციას უფლება ჰქონდა პატიმრისთვის, შემოწმების მიზნით, იმდენჯერ მოეთხოვა გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება, რამდენჯერაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ. მოსარჩელე მოითხოვდა გაშიშვლების უფლების ჩანაცვლებას სკანერით. დღეს, 26 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლომ მინისტრის #200 ბრძანება არაკონსტიტუციურად სცნო, მაგრამ არ გააუქმა გაშიშვლების უფლების გამოყენება.

დირექტორის/მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით პირის გაშიშვლების შესაძლებლობა, სასამართლომ არ მიიჩნია მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებად. სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანება #200 არ ითვალისწინებდა ამგვარი გადაწყვეტილების მიღების სახელმძღვანელო კრიტერიუმებს, რაც ქმნიდა „უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევის რისკებს… ხსენებული ნორმა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან“, – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფლებამოსილი პირი საკონსტიტუციო სასამართლომ დაავალდებულა ზუსტად გაწეროს, როდის და რა შემთხვევაში ექნება საპატიმრო დაწესებულების ხელმძღვანელობას პატიმრის გაშიშვლების უფლება.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ – სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მხხოლოდ სკანერით შემოწმების მეთოდს უნდა იყენებდნენ, რადგან  „პირის გაშიშვლება უცხო ადამიანის თანდასწრებით, იწვევს ადამიანის დამცირებას და შეურაცხყოფას იმ ინტენსივობით, რომ იგი უტოლდება საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულ არაჰუმანურ, სასტიკ და პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობას“.

სასარჩელო განცხადებაში წერია, რომ ამ მეთოდს იყენებენ დაბალი რისკის პატიმრების მიმართაც.

მოსარჩელე და მისი ინტერესების დამცველი [საია] ევროპულ პრაქტიკაზე აკეთებს აქცენტს, სადაც, ძირითადად, სკანირების აპარატს იყენებენ და გამონაკლის შემთხვევაში თხოვენ პატიმარს გაშიშვლებას.

სარჩელის ამ ნაწილთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ „შეუძლებელია, სკანერის მეშვეობით ყველა აკრძალული ნივთის, ნივთიერების, წარწერისა თუ სხვა ობიექტის აღმოჩენა, რომელთა შეტანა, დამზადება, ბრუნვა საფრთხეს უქმნის პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგს, იქ მოთავსებული და დასაქმებული პირების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს“.

სასამართლომ დაადგინა, რომ ამ მეთოდის გამოყენება დასაშვებია „მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში“ და იქვე დასძინა, რომ „გარესამყაროსთან კონტაქტის შემთხვევებში და დაწესებულებაში გადაადგილებისას (სამარტოო საკანში მოთავსება) პირის გაშიშვლების დაშვება პასუხობდა კონსტიტუციის მოთხოვნებს“.

ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში საკუთარ პროცესებზე დასწრების მოსურნე პატიმრებს ისევ მოუწევთ დაემორჩილონ ციხის ადმინისტრაციის მოთხოვნას გაშიშვლებით შემოწმებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საპატიმრო დაწესებულების დატოვების უფლებას არ ექნებათ.

გასულ წელს “ბათუმელები” წერდა პატიმარზე, რომელიც საკუთარ სასამართლო პროცესს ვერ ესწრება. ის უარს აცხადებდა ციხიდან გამოყვანის დროს გაშიშვლებულიყო და ბუქნები გაეკეთებინა. ამის გარეშე ციხის ადმინისტრაცია მას დაწესებულებიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი