კატეგორიის გარეშე •

როცა წყლის მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო შუქს გითიშავენ – საკონსტიტუციო სარჩელი

27 აპრილი, 2018 • 1671
როცა წყლის მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო შუქს გითიშავენ – საკონსტიტუციო სარჩელი

მოქალაქე ანა ფირცხალაიშვილის სარჩელს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 27 აპრილს განიხილავს. მოქალაქე იმ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურების და მათი საფასურის, მოსაკრებლის გადახდა ერთიანი სისტემით ხორციელდება.

ამ სისტემის ფარგლებში კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი (ადმინისტრატორი) უფლებამოსილია, მომხმარებელს შეუწყვიტოს საკუთარი მომსახურების გაწევა თუ მომხმარებელი არ გადაიხდის, ან არასრულად გადაიხდის ერთ-ერთი სხვა მომსახურების საფასურს/მოსაკრებელს. სადავო ნორმა ითვალისწინებს ელექტროენერგიის მომსახურების შეწყვეტას დასუფთავების მომსახურების ან წყალმომარაგების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში.

საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით, გასულ წელს ანა ფირცხალაიაშვილს წყლის მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს. სს თელასი დაეყრდნო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  2010 წლის გადაწყვეტილებას, აბონენტს გადახდილი ჰქონდა ელექტროენერგიის სს თელასის სააბონენტო ანგარიშზე  ელექტროენერგიის საფასური.

მოსარჩელე თვლის, რომ სადავო რეგულაცია ძალაშია 2010 წლიდან დღემდე და, შესაბამისად, მას სამომავლოდაც ემუქრება ანალოგიური შედეგის დადგომა, თუ მას არ სურს, ან არ შეუძლია მიიღოს სამივე მომსახურება ერთდროულად და გადაიხადოს სამივე მომსახურების ღირებულება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის N 24/3 გადაწყვეტილებით დადგენილი ერთიანი ადმინისტრირების წესით.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია სადავო ნორმა, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს შეიძლება შეუწყდეს იმ კომუნალური მომსახურების მიწოდება, რომლის საფასურიც მას გადახდილი აქვს და აღნიშნული მომსახურება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი პოზიციით, ამგვარი მოწესრიგება ეწინააღმდეგება ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი