ანა ნაცვლიშვილის კრიტიკული გამოსვლა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ბათუმში

“დამოუკიდებელი პროფესიული სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბება არის შეჩერებული,” – განაცხადა დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ბათუმში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როსის სემინარზე სიტყვით გამოსვლისას.

ანა ნაცვლიშვილი თავის გამოსვლაში საკონსტიტუციო ცვლილებებს, სასამართლო ხელისუფლებას და საქართველოში არსებულ მედიაგარემოს შეეხო.

“ვიცით, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობა ერთ ღამეში შეუძლებელია. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ არსებულ კონტექსტს – ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ტოტალიტარული წარსული, სადაც სასამართლო ხელისუფლება არ არსებობდა. უახლოესი წარსული, სადაც სასამართლო ასევე არ იყო დამოუკიდებელი. რა თქმა უნდა, რთულია ამ ყოველივეს დაძლევა. მაგრამ იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი სასამართლო, ათი წლისთავზე, ჩვენ ხუთი წლისთავზე უნდა დაგვეწყო ეს პროცესი. და, სამწუხაროდ, ისტორიული მომენტი ჩვენ ხელიდან გავუშვით. ხელიდან გაუშვა მმართველმა პარტიამ. აქვე ხაზი უნდა გავუსვა ერთ რამეს, არ მიმაჩნია, რომ სასამართლო ხელისუფლებას რეფორმა დაეხმარება. უნდა ვისაუბროთ ტრანსფორმირებაზე, გარდაქმნაზე,” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც უკვე ძალაშია შესული. მისი თქმით, ქვეყანას აქვს არა შესწორებული, არამედ ახალი კონსტიტუცია.

“პრაქტიკულად შეიქმნა ახალი კონსტიტუცია. შეგვიძლია საათობით ვისაუბროთ, რომელი დებულება არის კარგი და რომელი არა, მაგრამ მინდა დავიწყო იმ ფაქტის ხაზგასმით, რომ ეს კონსტიტუცია არის ერთი პარტიის კონსტიტუცია. დაიკარგა შესაძლებლობა, რომ ეს დოკუმენტი ყოფილიყო კონსენსუსზე დაფუძნებული დოკუმენტი. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ძალიან გული მწყდება ამაზე. მე ვიყავი საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის წევრი, უნდა ვაღიარო, რომ კომისია საკმაოდ ინკლუზიური იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ინკლუზიურობამ არ გახადა კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესი. მინდა ხაზი გავუსვა – სამოქალაქო საზოგადოების არცერთ წარმომადგენელს, რომლებიც იყვნენ კომისიის წევრები, ხმა არ მიუციათ ამ კონსტიტუციისთვის. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა მაინც მიიღო შესწორებული ვერსია. საპრეზიდენტო ვეტოც იქნა დაძლეული, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვეტო იყო კონსენსუსზე დაფუძნებული და ჩართული იყო ყველა პოლიტიკური პარტია. და ახლა გვაქვს ერთი პარტიის კონსტიტუცია. ეს არის სერიოზული გამოწვევა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ამბიცია, იყოს დემოკრატიული ქვეყანა”.

მედიაგარემოზე საუბრისას ანა ნაცვლიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ თუ წინა ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა მედიის დამორჩილებას, ამჟამინდელი მთავრობა იმავეს სასამართლო ხელისუფლების გამოყენებით ცდილობს:

“2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განიცადა მედიაგარემომ, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. მაგრამ უახლოეს წარსულში ვხედავთ თითქოს ძველ დროში დაბრუნებას. ფორმა, რომელიც გამოიყენება, თავისუფალი მედიის გარემოს შეზღუდვისთვის, განსხვავებულია. ამისათვის აღარ გამოიყენება ძალისმიერი მეთოდით ტელევიზიის დახურვა. სასამართლო, როგორც იარაღი, გამოყენებულია კრიტიკული მედიის წყაროს წინააღმდეგ. თითქოს საუბარი იყო საკუთრების ელემენტზე [იგულისხმება რუსთავი 2-ის საქმე. რედ.], რა თქმა უნდა, საკუთრების ელემენტი მნიშვნელოვანია… მაგრამ არა მგონია შევძლოთ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარი, როდესაც ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო ჩაერია ყველა პროცესში და სასამართლო ხელისუფლებას უთხრა ჩვენს ქვეყანაში, რომ მათ არ შეუძლიათ იმის გაკეთება, რასაც აკეთებენ. ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვენცია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ.

რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ინდიკატორი, რომ ასევე მცირდება სივრცე მედიათავისუფლებისა და პლურალიზმისათვის. ეს იწვევს ძალიან დიდ შეშფოთებას. თუ გავიხსენებთ უახლოეს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ეხებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც ასევე პრეზიდენტმა ვეტო დაადო. სიტუაცია იყო შემდეგი – მედია, სამოქალაქო საზოგადოება, ექსპერტები – ყველა ერთ მხარეზე იდგა და მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი მმართველი გუნდი, მხოლოდ ერთი მხარე ეწინააღმდეგებოდა ყველას აზრს, რომ ეს ცვლილებები ყველას ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად ამისა, კანონმდებლობა მაინც მივიღეთ. ეს არა მარტო გვაჩვენებს პრობლემებს, არამედ ასევე გვაჩვენებს, თუ რა მიდგომა არსებობს ალტერნატიული მოსაზრებისათვის”.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გუშინ, 23 აპრილს გაიხსნა ბათუმში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი