კატეგორიის გარეშე •

ექსპერტების ჩვენება პატიმრების გაშიშვლების აუცილებლობაზე

16 მარტი, 2017 • 1798
ექსპერტების ჩვენება პატიმრების გაშიშვლების აუცილებლობაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია ნანა ფ.-ს სარჩელს განიხილავს. პატიმარი ქალი სასჯელაღსრულების მინისტრის ერთ-ერთი ბრძანების ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც ციხის ადმინისტრაციას აქვს უფლება პატიმარს, შემოწმების მიზნით, მოსთხოვოს გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება.

მოსარჩელე ევროპულ პრაქტიკაზე აკეთებს აქცენტს, სადაც, ძირითადად, სკანირების აპარატს იყენებენ და გამონაკლის შემთხვევაში თხოვენ პატიმარს გაშიშვლებას. სასჯელაღსრულების სამინისტრო ამტკიცებს, რომ სკანირება სრულ შემოწმებას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ “სრული შემოწმება” აუცილებელია.

“სკანირება აღმოაჩენს ნივთს, რომელიც სხეულის ქსოვილზე ოდნავ მძიმე მაინც იქნება”, – მიმართა მოსამართლეებს ოთარ ურუშაძემ, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. დღეს, 16 მარტს, სასამართლომ სკანირების აპარატის ეფექტურობის დასადგენად რამდენიმე ექსპერტის პოზიცია მოისმინა. ექსპერტები ამ შემთხვევაში სასამართლომ მოიწვია.

ექსპერტები, რომლებიც სამედიცინო მიმართულებით მუშაობენ, თქვეს, რომ სკანირების აპარატი ვერ აღმოაჩენს, მაგალითად, გადაყლაპულ ქაღალდს, ან ფხვნილს, თუკი მას სიმძიმე არ ექნება.

“ამის დაფიქსირება მაღალი გარჩევადობით შეუძლია კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რასაც მედიცინაში იყენებენ. მისი გამოყენება მრავალჯერადად მიუღებელია, რადგან მას მაღალი გამოსხივება აქვს,” – თქვა ექსპერტმა ოთარ ურუშაძემ.

“თქვენ უახლოეს სტატიებს იცნობთ ამ საკითხზე?”- კითხა ექსპერტს გიორგი გოცირიძემ, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა. ის პატიმარი ქალის ინტერესებს იცავს.

“საიდან გაქვთ ეს მონაცემები. მე გაჩვენებთ, მაგალითად, ამერიკაში, კონკრეტულად კი, კოლორადოს შტატში გამოიყენება სკანირების აპარატი პატიმრებთან და აღწერაში წერია, რომ მას ქაღალდის აღმოჩენაც შეუძლია,” – უთხრა იურისტმა ექსპერტს და თან კომპიუტერში წაუკითხა ინგლისურენივანი სამეცნიერო სტატიიდან ამონარიდი.

“ამ წყაროს მე არ ვიცნობ,”- თქვა ექსპერტმა.

სასამართლომ მოისმინა იმ კომპანიის წარმომადგენლის პოზიციაც, ვინც საავადმყოფოებს, ასევე აეროპორტებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს სკანირების აპარატებს აწვდის. შპს “დდგ კომუნიკაციის” დირექტორის, დავით დავითაშვილის თქმით, სკანირების აპარატს მაღალი გარჩევადობა აქვს და იგივე აპარატები, რაც სასჯელაღსრულების სამინისტრომ შეიძინა, მაღალი ხარისხისაა.

მისი თქმით, სკანირების აპარატმა მხოლოდ ძალიან მცირე ოდენობის ფხვნილი შესაძლოა ვერ დააფიქსიროს, ან ფურცელი, თუკი ის ძალიან თხელია და დაკეცვის გარეშე აქვს პატიმარს გადაყლაპული.

წლის დასაწყისში, 5 იანვარს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა ბრძანება შეცვალა და პატიმრებს სკანირების მეთოდის არჩევის უფლება მიანიჭა, თუმცა ძალაში დარჩა ერთ-ერთი ბრძანება, რიმლითაც ციხის ადმინისტრაციას აქვს უფლება პატიმარს გაშიშვლებაც მოსთხოვოს.

გასულ წელს “ბათუმელები” წერდა პატიმარზეც, რომელიც საკუთარ სასამართლო პროცესს ვერ ესწრება. ის უარს აცხადებდა ციხიდან გამოყვანის დროს გაშიშვლებულიყო და ბუქნები გაეკეთებინა. ამის გარეშე ციხის ადმინისტრაცია მას დაწესებულებიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი