კატეგორიის გარეშე •

ნაცვლიშვილი: ნაკლებად მჯერა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება რ2-ის საქმეზე სამართლებრივი იქნება

2 მარტი, 2017 • 21521
ნაცვლიშვილი: ნაკლებად მჯერა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება რ2-ის საქმეზე სამართლებრივი იქნება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2”-ის საქმის წარმოებისას სასამართლომ ვერ შექმნა ნდობა საზოგადოებაში.

,,სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ ვერ შევაფასებთ იმიტომ, რომ ის არ გვინახავს. საინტერესოა, როგორი იქნება დასაბუთების ნაწილი. როგორც მოქალაქეს და ადამიანს, რომელიც ვადევნებდი ამ პროცესს თვალს დასაწყისიდანვე, ძალიან ნაკლები რწმენა მაქვს იმის, რომ ის იქნება სამართლიანი, სამართლებრივი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამ პროცესს პირველივე ინსტანციაში ახლდა კითხვის ნიშანი და საეჭვო გარემოება, რაც არ ტოვებდა სივრცეს იმისას გვეთქვა, რომ ეს იყო ორ კერძო სუბიექტს შორის დავა და ხელისუფლება არაფერ შუაში არ იყო ამ დავაში. ასეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას ეს პროცესი არ გვიტოვებდა. შემდეგ იყო საყოველთაოდ ცნობილი განჩინება, რომელშიც მოსამართლეს ხელი გაექცა და პირდაპირ და ნათლად თქვა, რისთვის კეთდებოდა ეს – სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა სასამართლოს ხელით. მარტო მედიაპლურალიზ0მი არ არის დარტყმის ქვეშ, დარტყმის ქვეშ არის სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობა სასამართლოს მიმართ. ყოველთვის შეიძლება არსებობდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც გავაკრიტიკებთ, მაგრამ როცა სასამართლო არის დამოუკიდებელი და ტოვებს განცდას, რომ ის დამოუკიდებლად მოქმედებს, მოუწონარი გადაწყვეტილებაც იქნება მისაღები და პატივცემული. პრობლემა ისაა, რომ სასამართლომ ამ პროცესში ვერ შექმნა ნდობა საზოგადოებაში,“ – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ აქციაზე ,,რუსთავი 2”-ის შენობასთან იმიტომ მივიდა, რომ დააფიქსიროს თავისი პოზიცია.

„აქ დგომა არის დაფიქსირება იმ პოზიციის, რაც ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება. შეიძლება მოგვწონდეს „რუსთავი 2“-ის პოლიტიკა, წარსული, ან არ მოგვწონდეს, მაგრამ ეს არის მაყურებლის და არა ხელისუფლების გადასაწყვეტი”, – ამბობს ნაცვლიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი