ახალი ამბები

კვირიკაშვილი: პირადად ჩავერთვები განათლების შესახებ კანონის შემუშავებაში

17 აპრილი, 2016 • 1482
კვირიკაშვილი: პირადად ჩავერთვები განათლების შესახებ კანონის შემუშავებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თსუ-ს აუდიტორია #115 უკვე დატოვა. პრემიერის განცხადებით, მან სტუდენტებთან ერთად სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სპეციალური სამუშაო ჯგუფი უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის, თვითმმართველობის სტრუქტურის ცვლილებისა და სტუდენტების სხვა მოთხოვნების შესახებ იმუშავებს:

“ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა სტუდენტების მოთხოვნების უდიდესი ნაწილი არის ნამდვილად გულით ნაკარნახევი, ძალიან საჭირო მოთხოვნები, მე მათ ყურადღებით მოვუსმინე, დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ, შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს. კონკრეტულ ფორმებზე, თუ რა სახით იქნება, კიდევ ერთხელ ერთად შევთანხმდებით. შევთანხმდით, რომ მათი მხრიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიმუშავებთ. პირადად მე ჩავერთვები განათლების შესახებ კანონის შემუშავებაში.

შემდეგი შეხვედრა შემდეგი კვირის მეორე ნახევარში დავთქვით, სადაც უკვე სამუშაო ატმოსფეროში გვექნება საუბარი დაფინანსების პრინციპებზე, განათლების სისტემის კრიტერიუმებზე, სტრუქტურაზე, უნივერსიტეტში არსებული მმართველო ორგანოების სტრუქტურაზე და ა.შ. ყველა ამ მტკივნეულ საკითხზე ჩვენ აუცლებლად ერთად მოვილაპარაკებთ. ზოგი რამ შეიძლება მათ გაუგონო, ზოგსაც ჩვენ მოვისმენთ.

სტუდენტური პროტესტი არ არის უცხო რამ. სამწუხაროა, რომ სასწავლო პროცესი არის შეჩერებული. მე მათ ვთხოვე, რომ შეწყვიტონ პროტესტი და გარკვეული გარანტიებიც გავეცი ჩემი მხრიდან, ის, რაც უკვე მოგახსენეთ. ვნახოთ, თუ გაიზიარებენ ჩემს თხოვნას, ძალიან კარგი იქნება,” – განაცხადა კვირიკაშვილმა შეხვედრის დატოვების შემდეგ.

როგორ პრემიერი ამბობს, ამავე საკითხების განსახილველად უნივერსიტეტის რექტორს ლადო პაპავასაც შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი