კომენტარი

ანტიფაშიზმი და ისრაელი

11 მაისი, 2011 • 2655
ანტიფაშიზმი და ისრაელი

ცხრა მაისი ფაშიზმის დამარცხების დღეა – რომელსაც დასავლეთი რვა მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციაზე ხელის მოწერის თარიღით, ზეიმობს, რადგანაც ცხრა მაისი – საბჭოთა მითოსის ნაწილია. 1945 წლის ამ დღეს სტალინმა, ერთი დღით ადრე ხელმოწერილი კაპიტულაციის აქტით უკმაყოფილომ, გერმანელ გენერალ კაიტელს ახლა უკვე საბჭოთა გმირის, მარშალ ჟუკოვის მონაწილეობით ხელახლა გააფორმებინა ეს აქტი ბერლინის საბჭოთა ოკუპაციის ზონაში. ვისი გამარჯვება იყო ეს ომი, უმალ სამამულოდ წოდებული, ნათლად უნდა წარმოჩენილიყო მსოფლიოსათვის, რომელიც, მიუხედავად ამისა, ნაციონალ-სოციალიზმის დამარცხებას კვლავ ფაქტის მიხედვით რვა მაისს აღნიშნავს. საბჭოური მითოსისთვის კი საბჭოთა კავშირია ფაშიზმის პირველი დამამარცხებელი ძალა და მეორე მსოფლიო ომის პირველივე მსხვერპლიც. ჰოლოკოსტი, გერმანელების მიერ ევროპელი ებრაელების მასობრივი განადგურება, საერთოდ არ მოიხსენიება. მიხაილ რომისა და მაია ტუროვსკაიას დიდად ქებული “ჩვეულებრივი ფაშიზმი”, რომელსაც, სავარაუდოდ, წელსაც წარსულის ცერემონიული გახსენების და, მაშასადამე, დავიწყების მიზნით კვლავ ტელევიზიით მილიონებისთვის გადასცემენ, ცდილობს, ეგრეთწოდებული “ეზოპური ენის” მეშვეობით საერთოდ ფაშიზმის პოლიტიკური პათოლოგიის წარმოშობის კრიტიკისას ირიბად სტალინიზმიც გაკიცხოს. მართალია, მარგინალიის სახით  საკონცენტრაციო ბანაკებსაც აჩვენებს, მაგრამ ახერხებს იმას, რომ მთელი ფილმის განმავლობაში ექვსი მილიონი ევროპელი ებრაელის განადგურება სრულიად უხსენებელი დატოვოს. ისტორიის ასეთი განდევნა სახასიათოა. საბჭოთა იდეოლოგიის ძარღვია, მისი პოპულარული ნაწნავი კი, რომის ფილმი, რომ ანტიფაშიზმი სწორედ იმ ანტიიმპერიალიზმს ემთხვევა, რომელიც გერმანულმა ნაციონალ-სოციალიზმმა, თავის მხრივ, ებრაული “მიმტაცებლური კაპიტალის” წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს სასიკვდილო კატასტროფის სახით განახორციელა.

 

გერმანული ფაშიზმისათვის ზედსართავის წაშლა და ამგვარად განზოგადებული, ისტორიულ კონკრეტულობას მოკლებული ტოტალიტარიზმის კრიტიკა, რომელშიც ვიეტნამის ომსა და აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს შორის ყოველგვარი განსხვავება გაუქმებულია – რომის ფილმი ამერიკელი ფეხოსნების წვრთნის კადრებით სრულდება – იმავდროულად, ნაციონალ-სოციალიზმისა და საბჭოთა ბოლშევიზმის ერთმანეთთან გაიგივების საშუალებასაც იძლევა. ესაა ის დამსახურება, რის გამოც ამ ფილმს მადლიერებით დღევანდელ გერმანიაშიც ხელახლა გამოსცემენ. ნებისმიერი შედარება საბჭოთა კავშირთან, მით უკეთესი, აშშ-სთან, გერმანიაში საკუთარი დანაშაულის რელატივიზაციაა, და მას ესალმებიან. საქართველოში კი, დღემდე, ისევე, როგორც რუსეთში, ისტორიის თვალსაზრისით დამუშავებულ გამარჯვებას აღნიშნავენ. ხოლო, იმ ფაშიზმის დამარცხება, რომლის პირველმიზანიც იყო და რჩება ებრაელების, როგორც კაპიტალის პათოლოგიური განსახიერების, წინააღმდეგ ბრძოლა და, საბოლოოდ, მათი განადგურება – “ჰამასის” ქარტიაში, მაგალითად, ისრაელის სახელმწიფოს სრული მოსპობის მიზანი პირდაპირ გამოითქმის, ისევე, როგორც მის ერთ-ერთ პამფლეტში ქმედების ცალსახა მაქსიმა: “ნებისმიერი ებრაელი ახალმოსახლეა: მისი მოკვლა – ჩვენი ვალდებულებაა” – ფაშიზმის დამარცხების იდეა არაფრისმთქმელ ფრაზად იქცევა, რომლის შინაარსიც ქართული იდეოლოგიით ივსება. 1969 წელს თეოდორ ვ. ადორნომ დაწერა: “ჰიტლერმა კაცობრიობას, რომელიც არათავისუფლების მდგომარეობაში იმყოფება, ახალი კატეგორიული იმპერატივი თავს მოახვია: ისე მართოს საკუთარი აზროვნება და ქმედება, რომ აუშვიცი აღარ განმეორდეს, რომ აღარაფერი მსგავსი აღარ მოხდეს.” (Negative Dialektik, Frankfurt a. M., 1997, S. 358). ნებისმიერი ანტიფაშიზმის პირველმიზანი ანტისემიტიზმთან ბრძოლაა, თუმც ის ამით არ ამოიწურებოდეს – როგორც საქართველოში, ისე ნებისმიერ სხვა ადგილას.

“აღარასოდეს!” – ეს ახალი უპირობო იმპერატივი, რაც არ უნდა მერყევი იყოს, არანაკლებ კანტისეულისა, მისი ტრანსცენდენტული ფუნდამენტი, ისრაელის სახელმწიფოს 1948 წელს დაარსების რეალურ ისტორიულ საფუძვლად იქცა. ებრაელების უმრავლესობა კატასტროფამ დაარწმუნა, რომ თანამედროვე მანკიერ საზოგადოებაში მათი გადარჩენის ერთადერთი საშუალება საკუთარი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ორგანიზებული პოლიტიკური თავდაცვა, მაშასადამე, სიონიზმის რეალიზაციაა. მას შემდეგ, როგორც ჟან ამერიმ ასევე 1969 წელს დასძინა, ანტისემიტიზმმა მსოფლიოში სახე იცვალა და “პატივცემული” იერი მიიღო. “თუმცა, ანტისემიტები აღარ არსებობენ” – ადორნოსა და ჰორკჰაიმერის ეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მდგომარეობის განსაზღვრება იმისა, რასაც მათ “მეორადი ანტისემიტიზმი” უწოდეს, უთითებს იმაზე, რომ ეს უკანასკნელი დღეს, ხშირად ფილოსემიტიზმით შენიღბული, ანტისიონიზმის, ანუ ებრაული სახელმწიფოსი, როგორც სახელმწიფოთა შორის ებრაელის, რესპექტაბელურ კრიტიკის სახით წარმოჩნდება. საქართველოში ფილოსემიტიზმია ანტისემიტიზმის გავრცელებული ფორმა. თუმცა, ღია ანტისემიტური განცხადებები არც წამყვანი ტელევიზიის ეთერშია გამორიცხული – სადაც თავისუფლად გაიჟღერს ამაზრზენი ფრაზა, რომლის თანახმად, ჰიტლერის საუკეთესო მიღწევა ყველა ებრაელის ოჯახში უფასო გაზის მიწოდებაა, მაშასადამე, ჰოლოკოსტისთვის ტაშისკვრა საზარელი სახით ვრცელდება; არც ცენტრალური გაზეთის გვერდებზეა იშვიათი – სადაც მოდის დიზაინერი გალიანოს ანტისემიტურ ლანძღვას საბაბად იღებენ, შეაქონ  და საკუთარი მოდის სახლიც უსურვონ; არც ინტერნეტის მიმობნეულ პორტალებზეა უკიდურესობა – სადაც ჰიტლერის “მაინ კამფს” დაუფარავად აქებენ და მას პროპაგანდას ღიად უწევენ. სკანდალი ისაა, რომ ასეთ სკანდალურ შემთხვევებს არავინ ამჩნევს.

ანტისიონიზმი კი, ისრაელის სახელმწიფოს მტრობა, პრეზიდენტი სააკაშვილის თუ სხვა ოფიციალურ პირთა მტკიცებების საპირისპიროდ, ზოგან საკუთარი ინტერესების ყველა სხვა სახელმწიფოს მიმართ თანაბრად დაცვის ფორმალიზმით შელამაზებული, საქართველოს raison d’etat, ნაციონალურ ინტერესს წარმოადგენს. ობოლი ერი, როგორც ჭაბუა ამირეჯიბმა ცხრა აპრილის შემდეგ უწოდა საქართველოს, ებრაელთა რჩეული ერის მიმეტური უარყოფაა. საქართველო ტანჯული ერია – მარადიულის სტატუსში აყვანილი მსხვერპლობის ასპექტით, ებრაელებთან მსგავსების პროეცირება ხდება. აუტანელი ტანჯვისათვის კი საზრისის მისანიჭებლად “საქართველოს სულიერი მისსია” იქნა გამოგონილი, როგორც ზვიად გამსახურდიამ იუდაურ მესიანიზმთან დამსგავსებით არასწორად, ძველქართულის მაკეთილშობილებელი მიბაძვით, დაწერა ეს ბოლო სიტყვა, რათა მისთვის საკრალური მნიშვნელობა მიენიჭა, თუმცკი მესიანიზმი იუდაიზმში სწორედ ყალბი მესიების უარყოფასა და ნებისმიერი უტოპიური ხატების აკრძალვას გულისხმობს. ქართული ერი პატრონმა მიატოვა ისევე, როგორც ქრისტე გოლგოთაზე მამა ღმერთმა. ის მარტოსულია. მისი მისია კი მდგომარეობს იმაში, რომ ეს საბედისწერო განსაცდელი დაძლიოს და ღვთის სიყვარულს, საკუთარ სხეულში გადარჩენილს, როგორც ცხონების პირობას, ყველა სხვა აზიაროს – საჭიროების შემთხვევაში, იარაღით ხელში. გამსახურდიას ისევე, როგორც ილია მეორის თანახმად, ქართული ქრისტიანობა მებრძოლია; მისი განუმეორებელი ამოცანა კი იმპერიისა ისევე, როგორც იმპერიალიზმისგან თავდაცვა და გადარჩენაა, რათა იმქვეყნიური ხსნა მთელ კაცობრიობას მოუვლინოს. და რადგან ეს მიზანი ფანტასტიურია, მზადყოფნა სიკვდილისათვის მის განსახორციელებლად იმთავითვე პირველი მცნებაა – ეგრეთწოდებული ქართული იდეა ქრისტესათვის სიკვდილის ძიება და თავგანწირვაა. “დიახ, უზენაესი ჭეშმარიტებისადმი თავდადება არის ქართული იდეა, ამიტომაც გვიანდერძა წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა: “ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა!” და მართლაც, ჩვენი ერი ჯვარს ეცვა ჯვარცმული ღვთისთვის”, ქადაგებს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე. თვითგადარჩენა, რომელიც თანამედროვე საზოგადოებაში ნებისმიერი ინდივიდისათვის შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა იგი დაგმობს საკუთარ და გარეშე ბუნებას და ამით თავად დაემსგავსება ბუნებას, მისგან ორმაგ მსხვერპლს მოითხოვს: როგორც მოქალაქემ bourgeois-ს აზრით, გაიშინაგანოს კაპიტალის რეალიზაციის ეკონომიკური პრინციპი, სულერთია, იქნება ის მუშა, კაპიტალისტი, მიწის მესაკუთრე, მოხელე თუ უმუშევარი; იმავდროულად კი, როგორც მოქალაქემ citoyen-ის აზრით, თავი გასწიროს პოლიტიკური სუვერენისთვის, რომელიც კაპიტალის რეალიზაციას კერძო ეროვნული სახელმწიფოს სახით განაგებს, ამის პირველი მოთხოვნისთანავე, იქნება ეს ომში, თუ მშვიდობიანობის ჟამს. სუვერენი ადამიანის ტანჯვადი ტანის საკუთარი ინტერესებისთათვის დამორჩილებას უპირობოდ ითხოვს. ქრისტიანული ქართული იდეა, მართალია, ვერბალურად ეწინააღმდეგება “ფულს” და “ეგოიზმს”, რასაც მოწმობს ხსენებული ეპისტოლეც. იმავდროულად, ის ამართლებს სწორედ იმ თავგანწირვას ინდივიდის მხრივ და არსებული ეკონომიკური ურთიერთობების სრულ მორჩილებას, რომელიც ნებისმიერი ინდივიდის უბედურების ზოგადი მიზეზია დღევანდელ საზოგადოებაში. რეალური წინააღმდეგობა, ქართული სახელმწიფო ობიექტურად რომ ეჩეხება, რადგან მას კერძო სახელმწიფო ინტერესების მიმსდევი სხვა ნაციონალური სახელმწიფოების სიმრავლესთან კონფრონტაცია უწევს, რომელთა უმრავლესობაც ეკონომიკურად და, მაშასადამე, სამხედრო ძალითაც მას მრავალგზის აღემატება, უბრალოდ უარიყოფა. თითქოს ებრაელების რჩეულთა ერის შურდესო, რომელსაც ღმერთთან ამქვეყნიური ბედნიერების მისაღწევად დადებული ხელშეკრულება აკავშირებს, ქართველი ობოლი ერი ქართულ იდეოლოგიაში ებრაულ ერში პროეცირებული წარჩინებულობისა და ყოვლისშემძლეობის ჭეშმარიტი მესაკუთრე ხდება: ქართველები უკეთესი ებრაელები არიან. გამსახურდია ეზოთერული იუდაიზმისა და ეზოთერული ქრისტიანობის ერთიანობას ამტკიცებს, რომლის აკვნადაც მას მითიური იაფეტური, ქართველური რასა ესახება, ილია მეორე კი მთელ ქართულ ისტორიას “უანგარობის, გულწრფელობის, ვაჟკაცობისა და ზნეობრიობის გამოხატულებას” უწოდებს და ამის მოწმობად სწორედ ის “სამშობლოს არვის წავართმევთ” მოყავს, რომლის მართებულობაც აფხაზეთის და ოსეთის მრავალათწლეულმა კონფლიქტებმა კითხვის ქვეშ დააყენეს: მარადიული მსხვერპლის სახით, საქართველო მუდამ მხოლოდ თავს იცავს. ებრაელს ქართველი მისიონერი აღემატება, მისი თავის თავის ქვეშ მოქცევასთან ერთად, რადგანაც ებრაელებმა უარყვეს და ჯვარს აცვეს ქრისტე – კაცადქცეული ღმერთი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ხსნა უკვე რეალობაა და ნებისმიერ მორმუნე ქრისტიან ისღა დარჩენია, ღემრთს ამქვეყნად მორჩილებით დაემსგავსოს, რათა იმქვეყნიური ცხონება იგემოს – საზოგადოების შეცვლა ამქვეყნად, რისი პირობაც ებრაელებმა ღმერთს და უდეს, და რის შემდეგაც მოვა მხოლოდ მესია, მაშინ, როცა აბსოლუტურად ყველას ბედნიერება უკვე განხორციელებული იქნება და მესია, ფაქტიურად, ზემდეტი გახდება, მებრძოლი ქრისტიანებისათვის უკუგდებული და დაყვანილია შინაგანი ინდივიდის სამყაროს პერმანენტულ დახვეწაზე, რაც ესოდენ შეეფერება განვითარებული კაპიტალიზმის მოთხოვნას, იქცეს კაპიტალის მოძრაობის, როგორც ავტომატური სუბიექტის უბრალო დანართად.

განდიდების ეს მანია და რეალობის უარყოფა კი ვერ დაინახავს იმას, რომ ებრაელების დღევანდელი სიონიზმი ისტორიულად სინგულარული კატასტროფით მათთვის თავსმოხვეული უბედური აუცილებლობაა. და ის უგულებელყოფს იმასაც, რომ ანტისემიტიზმის ისევე, როგორც თანამედროვე ბარბაროსობის ნებისმიერი სხვა გამოვლინების შესაძლებლობის პირობების მოხსნა, რაც იქნებოდა იმ “აღარასოდეს!”-ის ჭეშმარიტი განხორციელება და შეუძლებელია მოახდინონ მხოლოდ თავად ებრაელებმა, არამედ მთელი კაცობრიობის ნამდვილი ამოცანაა, იმ ყოვლისმომცველი ეკონომიკური ურთიერთობების გადალახვას ნიშნავს, რომელიც ინდივიდების თავისუფალი გაერთიანების განხორციელება იქნებოდა, რასაც, შესაძლოა, ზოგიერთმა კომუნიზმიც კი უწოდოს და რაც, ოღონდაც, უეჭველად, ყოველივე იმის საპირისპიროა, რაც ტერორზე დაფუძნებული საბჭოთა კავშირი ოდესმე ყოფილა, ქართული საზოგადოება კი, როგორც მსოფლიო ბაზრის ნაწილი, დღეს არის.

შედეგად ისრაელის მიმართ, ისრაელელი ბიზნესმენები ფუქსისა და ფრენკელის უკანონო დაპატიმრებისა და დასჯის პროცესში ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაუარესების შემდეგ, ორმაგი დამოკიდებულება იჩენს თავს. პირველი ხსენებული ფილოსემიტიზმია, რომლის მითიური დაფუძნება მის უახლეს გამოხატვებსაც მეტწილად საეჭვოს ხდის. “ღია წერილში” ნახსენები ადრინდელი ისტორიის ფაქტების შეფასებისაგან თავის შეკავებით, ახალი და უახლესი ისტორიის ფაქტების იქ მოცემული ცალსახა განმარტება იმ ადრინდელი ისტორიის ფაქტებსაც საეჭვო შუქ-ჩრდილში აქცევს: “ქართული საზოგადოებრიობა მუდამ სადარაჯოზე იყო – ილაშქრებდა და ხმას იმაღლებდა რუსეთის იმპერიაში XIX-XX ს. დასაწყისში ანტისემიტური გამოხდომების წინააღმდეგ და თავსაც დებდა და ეწირებოდა კიდეც ებრაელობის დაცვას. მათივე ძალისხმევით მრავალი ებრაელი გადარჩა ფიზიკურად II მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებსა და მათგან ოკუპირებულ ქვეყნებში.” მორდეხაი ალტშულერი სტატიაში “ქართული ებრაული კულტურა საბჭოური რეჟიმის დროს” (“Georgian Jewish Culture under the Soviet Regime”, Soviet Jewish Affairs 5, 1975) აღწერს, რომ სწორედ “ღია წერილში” ნახსენები რაბინი დავით ბააზოვის ქალიშვილი, ფანია ბააზოვა, რომელიც 1933 წელს დაარსებული ლავრენტი ბერიას სახელობის ქართველი ებრაელი მუშების ინსტიტუტის ბაზაზე მოგვიანებით დაფუძნებული ქართველი ებრაელების ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში 1947 წელს განახლებულ სამეცნიერო მუშაობაში მონაწილეობდა, უთითებს იქ შემონახულ მნიშვნელოვან საარქივო საბუთებზე “1853, 1878 წლის სისხლის ცილისწამებასა და 1905 წელს ქართველი ებრაელების წინააღმეგ განხორციელებულ პოგრომებზე”. მანვე გამოაქვეყნა კვლევა “ანტისემიტიზმის გამოვლინებები ცარიზმის პერიოდის საქართველოში”. ეს საბუთები, რომლის დიდი ნაწილიც საბჭოთა პერიოდში დევნის შედეგად განადგურებული იქნა, მოწმობს იმაზე, რომ სინაგოგებისა და ებრაული თემის ცხოვრებასთან ერთად საქართველოში ებრაელების დევნასაც და მათ წინააღმდეგ პოგრომებსაც ადგილი ჰქონდა. ჰარისონ სელისბერი, “ნიუ-იორკ ტაიმსის” ჟურნალისტი, რომელმაც მოინახულა 1951 წელს უკვე დახურული მუზეუმი, უთითებს მე-17-18 საუკუნის ებრაული ცხოვრების ამსახველ ილუსტრაციებზე, სადაც აღბეჭდილი იყო იმ პერიოდის ჩვეული პრაქტიკა: ქართველი ებრაელი ქალების გაყიდვა, სამისა ერთის ფასად, კავკასიური ნაგაზების სანაცვლოდ. უკვე ეს მწირი მითითებები საკმარისია იმის ცხადსაყოფად, რომ ცარიზმის ისევე, როგორც საბჭოთა პერიოდში საქართველოში ებრაელების ბედ-იღბლის აღწერა ჯერაც დაწვრილებით შესწავლას მოითხოვს და, ნებისმიერ შემთხვევაში, არ იძლევა ისეთი ცალსახა ოპტიმისტური, მეტიც, ეიფორიული შეფასების საფუძველს, რომელსაც “ღია წერილი ისრაელის სახელმწიფოსადმი” წარმოადგენს. საბჭოთა პერიოდში, ეთნიკურ უმცირესობათა პოლიტიკის გააქტიურების შედეგად გვიანდელ 1920-იან წლებში, მართალია, საქართველოშიც დაარსდა “იევკომბედი”, ღარიბი ებრაელებისათვის დახმარების კომიტეტი, რომლის საქმიანობითაც კულტურული და სოციალური მდგომარეობა ებრაელებისა საქართველოში გაუმჯობესდა, თუმცა, საბჭოთა რეჟიმში, ებრაელებს მაინც არ ეძლეოდათ საკუთარი რელიგიის ღიად მსახურების საშუალება. უკვე 1934 წელს კი, ეს კომიტეტი გაუქმებული იყო, ხსენებული მუზეუმის წამყვანი თანამშრომლები ჰერცლ ბააზოვი და რ. ჭაჭაშვილი დააპატიმრებული; ხოლო, ომის დროს ყოველგვარი კულტურული თუ მეცნიერული საქმიანობა ორგანიზებული სახით ებრაელებისა საქართველოში გაუქმდა. 1948 წელს ებრაული ნაციონალიზმის ბრალდებით დააპატიმრეს მუზეუმის დირექტორი არონ კრიხელი, ხოლო ორიოდ წელიწადში საბოოლოოდ გაანადგურეს ებრაული საჯარო ცხოვრების ეს უკანასკნელი გადმონაშთიც, მუზეუმი, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირში აგორდა ეგრეთწოდებული “ებრაელი ექიმების” ანტისემიტური საქმე, რომელსაც შეეწირა წამყვანი ებრაელი ინტელექტუალების სიცოცხლე და რომელმაც, როგორც ჩანს, ქართველი ებრაელებიც მოიცვა.

 

განცხადება კი, რომ ქართველების ძალისხმევით მრავალი ებრაელი გადაურჩა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებს, იმდენად ზოგადია, რომ ის, ფაქტობრივად, არაფრისმთქმელია. თუკი საუბარია ერთეულ შემთხვევებზე, მათი უარყოფა ისევე საეჭვო იქნებოდა, როგორც ცალკეული “კეთილი გერმანელების” არსებობისა ნაცისტურ გერმანიაში, სადაც, ოღონდაც, და ესაა გადამწყვეტი, ასიათასობით ადამიანი, ეგრეთწოდებული ჩვეულებრივი მოქალაქეები, არამარტო პროფესიონალი “ეს-ეს-ელები” თუ სამხედროები, ებრაელების უსასტიკესი და იმავდროულად უგულგრილესი სახით მკვლელობებში მონაწილეობდნენ. როგორც ჩანს, ისევე, როგორც ოსკარ შინდლერი სტივენ სპილბერგის ცნობილი ეკრანიზაციიდან გერმანიაში გამოიყენება საიდენტიფიკაციო ფიგურად იმის განსადევნად, რომ გერმანელების უდიდესი უმრავლესობა ან უშუალოდ მონაწილეობდა, ან ხელს უწყობდა, ან იცოდა და არ აფერხებდა ებრაელების თუ სხვა უდანაშაულოთა მასობრივ, ინდუსტრიალიზირებულ განადგურებას, საქართველოშიც, რომლის მონაწილეობაც ჰოლოკოსტში, ცხადია, ვერ შეედრება ვერც გერმანიისას და ვერც, მაგალითად, ხორვატიისას, სადაც ერთადერთი არა გერმანელების, არამედ თავად ხორვატი უსტაშების ინიციატივით მოწყობილი საკონცენტრაციო ბანაკი არსებობდა იასენოვაცში, რამდენიმე – განუსაზღვრელი – შემთხვევა ქართველების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურების საფრთხეში მყოფი ებრაელების გადარჩენისა ემსახურება სხვა, უფრო წონადი ფაქტების გადაფარვას. ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირი, რომლის ჯარშიც შვიდას ათასამდე ქართველი მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურებდა, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მოკავშირედ იქცა, რითიც მას მისცა საჭირო დრო, რომელიც გერმანიამ მოგვიანებით თავად საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის დაწყებისა და 1940-იანი წლებიდან “ებრაელების საკითხის” “საბოლოო გადაწყვეტისათვის” მომზადებისათვის გამოიყენა. დანაშაულის წილს ამ ფაშისტების მოკავშირე “ანტიფაშისტურ” პოლიტიკაზე, რომელსაც ასევე, გახსენებისას, ქართული იდეოლოგიაც ივიწყებს, იზიარებს საბჭოთა კავშირის ყველა მონაწილე რესპუბლიკის საზოგადოება – თუ რა დონით და ხარისხით, ეს ცალკე სპეციალური ისტორიულ-სამეცნიერო კვლევის საგანია. თუმცა, საქართველოში გახმაურებულია უკვე ის ფაქტიც, რომ 20 ათასამდე ქართველი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მხარეს იბრძოდა (იხილე Joachim Hoffmann, Kaukasien 1942/43. Das deutsche Heer und die Orientvölker der Sowjetunion, Rombach 1991). ისინი იყვნენ ფაშისტური ეგრეთწოდებული “ოსტლეგიონების” ქართული ბატალიონების ჯარისკაცები: ან ქართველი ემიგრანტები, ან ქართველი დეზერტირები თუ გადმობირებულები. ქართული “აღმოსავლური ლეგიონები”, რომლებსაც დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ერთგული პატრიოტებად აიდეალებენ, მონაწილეობდნენ საომარ ოპერაციებში საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ყირიმის კუნძულზეც და ჩრდილოეთ კავკასიაშიც კი, ასევე, დაბანაკებული იყვნენ საფრანგეთში და ევროპის ჩრდილოეთით, მაგალითად, ჰოლანდიურ კუნძულ ტექსელზე, სადაც ერთ-ერთმა ქართულმა ლეგიონმა ომის მიწურულს გერმანელების წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო. მონაწილეობდნენ თუ არა ქართველები უშუალოდ ებრაელების დაპატიმრებებში, მათ სასიკვდილო მარშებსა თუ საკონცენტრაციო ბანაკებში მკვლელობებში, ასევე გამოკვლევას საჭიროებს; განსაკუთრებით, რადგანაც მწირი წყაროები ამ საკითხზე, ხსენებული ჰოფმანის ჩათვლით, მეტწილად თავად რევიზიონისტულია და კრიტიკულ განხილვას მოითხოვს. თუმცა, ფაქტია ის, რომ ეს ქართველები არათუ ებრაელებს არ იხსნიდნენ საკონცენტრაციო ბანაკებიდან, არამედ გაშუალებულად, ნაცისტების ერთგული შემსრულებლების სახით, აქტიურად ხელს უწყობდნენ მათ განადგურებას. “ღია წერილის” უზომო ენთუზიაზმი აუცილებელია, ისტორიული ფაქტების კონტექსტში მოექცეს, რომელიც მას აკლია, რადგანაც ის, როგორც ჩანს, ისრაელი-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობის გამოკეთების მცდელობითაა ამოძრავებული. პარადოქსია, რომ ამ დროს წერილში საერთოდ არ არის ნახსენები ფუქსის და ფრენკელის საქმე; სწორედ მათი ქვეყანაში შემოტყუება და მზაკვრული დაკავება, იმ კამპანიასთან ერთად, რომელიც ქართულ მედიაში ამ საქმეს თან ახლავს, ანტისემიტური ხასიათისაა და ისრაელთან მეგობრობის გამოცხადების ეს მხურვალე წერილი, პირველ ყოვლისა, სწორედ მისი დაგმობის მოლოდინს აწბილებს.

ისრაელის ერთ-ერთი სამხედრო კომპანიის წარმომადგენლების აფხაზეთთან დაახლოვების შედაგად მისდამი დამოკიდებულება, მეორე მხრივ, კომენტატორების მიერ თითქოს ცივი რაციონალური ხედვითაც ხასიათდება. ორივე ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ის იმის შესაძლებლობაზეც მსჯელობს, აღიარებს თუ არა ისრაელი აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. თუ “მეგობრობა და სახელმწიფო ინტერესები სხვადასხვაა”, ხოლო, “მათი რეალიზების გზები არ უნდა იყოს ცინიკური”, როგორ მამუკა არეშიძე ინტერვიუში შენიშნავს, მაშინ ეს შენიშვნა თავად ცინიკურია, რადგანაც ის საბოლოოდ აღიარებს კონკრეტული სახელმწიფო ინტერესის გამართლებულობას ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რა არის მისი შინაარსი. თუ სახელმწიფო ინტერესები არ ხელმძღვანელობენ ზნეობრივი კრიტერიუმებით, ამის გამო ზნეობრივი კრიტერიუმები არ წყვეტენ არსებობას; ისინი ინდივიდის თვითდამკვიდრების გამოხატულებაა. იმ ცინიზმის, რომელიც სიონისტურ სახელმწიფოს თავისი ფორმალიზმით ანტისიონისტურებს უიგივებს, მაჩვენებელია ისიც, რომ მამუკა არეშიძე დარწმუნებულად ამტკიცებს ფუქსისა და ფრენკელის დამნაშავეობას, რითიც, სულ მცირე, იგი მსოფლიო ბანკის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას კითხვის ქვეშ აყენებს. არაფერი რომ ითქვას იმაზე, რომ თუკი ბიზნესმენები დამნაშავეები იყვნენ, და ეს დამტკიცებადია, მაშინ საქართველოს სახელმწიფო ვალდებული იყო, სასამართლოს გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა და არა ცბიერად შემოეტყუებინა ისინი და უკანონოდ დაეპატიმრებინა.

მამუკა არეშიძის რაცინოალიზებული კომენტარები ემთხვევა, უმეტეს წილად, საინფორმაციო პორტალი “იზრუსის” ცნობებს. ის ისრაელის ერთ-ერთი პოლიტიკური ფრაქციის, რუსულენოვანი ისრაელელების, მეტწილად საერო მემარჯვენე წრეების ინტერესების წარმომადგენელია, ძირითადად, საგარეო მინისტრი ავიგდორ ლიბერმანის “ისრაელ ბეითენუ” (“ნაშ დომ იზრაილ”) პარტიის ელექტორატისა. ამ ფრაქციას რომ რუსეთის სახელმწიფოსადმი უფრო დადებითი დამოკიდებულება აქვს, ვიდრე ისრაელელების უმრავლესობას, მოულოდნელი არაა და ამან ისრაელს, შესაძლოა, ბოლო წლებში არგო კიდეც, თუმცა, რუსული სახელმწიფოს ანტისემიტურ განწყობას, რომელიც უპირველესად ანტისიონიზმის სახით წარმოჩნდება, ვერაფერი დააკლო. მიუხედავად ამისა, რეაქციები საქართველოში ისრაელ-აფხაზეთის ურთიერთობაზე არაადეკვატური რჩება.

ინტერვიუების ერთ-ერთი სერიის ყველაზე თვალშისაცემად სათუო პირველი, ნიკა ჩიტაძის კომენტარია, რომლის თანახმადაც ისრაელი თითქოს იმიტომ არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რომ არაბული ქვეყნებისთვის პალესტინის აღიარების “პრეცედენტი” არ შექმნას, ამერიკის შეერთებული შტატებისგან კი წლიური ხუთმილიარდიანი დახმარება არ დაკარგოს – მაშინ, როცა ისრაელის საკუთარი ბიუჯეტის შემოსავალი 70 მილიარდს შეადგენს. ამასთან ნიკა ჩიტაძე ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ამერიკის დახმარების საკითხი ისრაელისთვის მის მიერ სწორედ აფხაზეთის აღიარება-არაღიარებით წყდებოდეს – და არა სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი პოლიტიკური ურთიერთობებით, პირველ რიგში, თავად ახლო აღმოსავლეთში, სადაც ისრაელი ერთადერთი დემოკრატიული სახელმწიფოა და ამერიკის პირველი სტრატეგიული პარტნიორიც. განდიდების მანიის შემთხვევა სამაგალითოდ ჩანს, რადგანაც ის საქართველოს საკითხს ანიჭებს ისეთ ღირებულებას, რომელსაც ის მსოფლიო პოლიტიკურ პროცესში უდაოდ არ თამაშობს.

მამუკა არეშიძის მაისისგან განსხვავებული კომენტარიც, რომ ისრაელი, სავარაუდოდ, აფხაზეთის დამოუკიდებლობას უახლოეს მომავალში არ აღიარებს,  უკვე ამ შემთხვევაშიც საეჭვოდ მოჩანს, რადგანაც ცრუ რაციონალური პრაგმატიზმია. ისრაელი, სავარაუდოდ, მართლაც არ აღიარებს უახლოეს მომავალში აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. დაამყარებს თუ არა ის კიდევ უფრო მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობებს აფხაზეთთან, ცალკე საკითხია, მაგრამ ამის მიზეზი სწორედ საქართველოს მიერ ისრაელისათვის მოკავშირე ურთიერთობების შეწყვეტა იქნებოდა. ქართველი კომენტატორების უმეტესი ნაწილი თავად ისრაელის ქცევაში ხედავს ცვლილებების მიზეზს, მაგრამ საკამათოა, რატომ უნდა გამორიცხავდეს არგუმენტად მოყვანილი აზერბაიჯანთან დაახლოვება, რომელიც, ამავე დროს, საქართველოს ეგრეთწოდებული პარტნიორია, ისრაელისთვის საქართველოსთან ურთიერთობასაც. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის სავარაუდო არაღიარებას ისრეალის მხრივ არაფერი აქვს საერთო იმის შიშთან, რომ თუკი ეს მაინც მოხდა, ამის შედეგად სხვა სახელმწიფოები სამომავლო პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ, რომლის დამოუკიდებლობის გამოცხადებასაც შემოდგომაზე მოელიან. ის სახელმწიფოები, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ, ამას ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთებენ, რაც არ უნდა აღიაროს ან არა ისრაელმა, რადგან მათ ათწლეულების განმავლობაში ღია ან ფარული ანტისემიტური, ე.ი. ანტისიონისტური პოლიტიკა ამოძრავებთ. საკმარისია, ამისათვის გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო ათწლეულების ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე რეზოლუციების ისტორიისათვის თვალის შევლება. თუკი ისრაელს აფხაზეთის აღიარება რუსეთის ფედერაციის იმისკენ გადმობირებაში ხელს მისცემდა, რომ რუსეთმა პალესტინის სახელმწიფო არ აღიაროს, მაშინ, და მხოლოდ მაშინ, ასეთი რამ შესაძლოა გამხდარიყო თემა, რაც უკიდურესად არასაალბათოა: რუსეთი თავისი ხანგრძლივი პოლიტიკით, როგორც ანტისიონისტური საბჭოთა კავშირის პირველი მემკვიდრე, მაშასადამე, 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში მხარს უჭერს პალესტინის გაძლიერებას. დღეს ის, ოფიციალურად ირანის წინააღმდეგ სანქციების გაზიარების მიუხედავად, ირანსაც აწვდის შეიარაღებას და შესაბამისად, პალესტინელთა “ჰამასსა” და ამ უკანასკნელის “ფათჰასთან” შერიგების შემდეგ, სავარაუდოდ, მასაც; ჰყიდის იარაღებს ირანის მოკავშირე სირიას, ეხმარება ირანს ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებაში, რასაც ირანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად იყენებს. წინააღმდეგობა კი ისაა, რომ ისრაელს რუსეთის ფედერაციასთან კიდევ უფრო დაახლოვება სხვა პირველადი მიზეზის გამო უფრო სურს: თავად მიჰყიდოს შეიარაღება რუსეთს – როგორც ერთ-ერთი საშუალება, შეინარჩუნოს სწორედ ის 70 მილიარდიანი ბიუჯეტი, რომელშიც ექვსი მილიარდი იარაღების ყიდვა-გაყიდვის შემოსავლის წილია და რომელიც მისი, როგორც ებრაელების დამცველი სახელმწიფოს, საფრთხეში ჩაგდებულ არსებობას უზრუნველყოფს. ამისათვის აფხაზეთის აღიარება საჭირო არაა.

ნებისმიერი განმანათლებლური, ანტიფაშისტური დამოკიდებულება ისრაელის მიმართ მასთან უპირობო სოლიდარობას ნიშნავს. ერთადერთი, რაც მომავალში შეძლებდა ანტისემიტიზმის არსებობის პირობების გაუქმებას, თავად საზოგადოებრივი ურთიერთობების შეცვლაა, რაც ეროვნული სახელმწიფოების, როგორც კაპიტალის სუვერენის არსებობის, გაუქმებასაც ნიშნავს. და მაინც, თანამედროვე ისტორია გვიჩვენებს, რომ ისრაელის  სახელმწიფოს მიმართ გამონაკლისის დაშვება ყოველმხრივ აუცილებელია: მის გარეშე დღევანდელ მსოფლიოში ებრაელების არსებობის გარანტირება შეუძლებელია. დამოკიდებულება კი, რომელიც ისრაელის მიმართ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მის მიმართ “არაცინიკური” პოლიტიკის გატარებას მოითხოვს, ამ სოლიდარობას არღვევს. შეიცვლება თუ არა ეს დამოკიდებულება როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე, მით უმეტეს, მთლიანად მსოფლიოში, შესაძლოა, სათუო იყოს, მაგრამ ამის აუცილებლობა, როგორც კაცობრიობისათვის ჭეშმარიტად თავისუფალი საზოგადოების მიღწევის ბედნიერების წინაპირობა, უსათუოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი