კომენტარი

საიდან უნდა დაიწყოს სისტემის ნგრევა?

17 აპრილი, 2011 • • 1174
საიდან უნდა დაიწყოს სისტემის ნგრევა?

ბოლო დღეებში თსუ-ში მომხდარი ამბების შემდეგ გადავწყვიტე, კეისრის დაფნის გვირგვინი გვერდით გადამედო და, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენიმე სიტყვა მეც მეთქვა არსებულ პრობლემებზე:

  • თსუ, უკვე მერამდენე წელია, ძველი დიდების ინერციით მიექანება. იქ მომუშავე პერსონალის (ჩემ მიერ გამოკითხულ) ნაწილს კვლავ სჯერა, რომ თსუ მაინც პირველია და მისი სახელი, ყველაფრის მიუხედავად, მუდამ ასეთად დარჩება. როცა ილია უნივერსიტეტს აშენებდა, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, “სულ ძილი, ძილი” მასსაც თუ შეეხებოდა.
  • თსუ-ში 4 წელიწადს ვისწავლე და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ ვხვდებოდი, ვისთვის რა საკითხზე უნდა მიმემართა. იყო რამდენიმე საინფორმაციო სტენდი, რომელზეც კაციშვილს არ უთქვამს, თუ რა სახის ინფორმაციას აკრავდნენ. ან რას იტყოდნენ, ცხრილებსაც ვერ ენდობოდი.
  • თითქოს ცალკეული საკითხები და პრობლემები გადაიჭრა (სანაგვე ყუთები, საინფორმაციო სტენდები, განათება), მაგრამ რასაც ვხედავ/მიყვებიან, მათი დიდი ნაწილი ფასადური და ზედაპირულია.
  • ყველაზე უმნიშვნელო ოფიციალური საბუთის მისაღებად, საუკეთესო შემთხვევაში, გჭირდება 3 დღე. აქედან ერთი საჭირო პასუხისმგებელი პირის მიგნებას ეთმობა, მეორე – საბუთის მიღების აუცილებლობაში დარწმუნებას (თუ ვერ დაარწმუნებ, ვერც დაიმსახურებ) და მესამე – საბუთის მისაღებად რიგში დგომისათვის შეგუებას.
  • ყოვლისმომცველი ბიუროკრატია, რომელიც სტუდენტს ბილიარდის ბურთივით “აპახავებს” კორპუსიდან კორპუსში.
  • ინფორმაციის ნაკლებობა – არ არსებობს კარგად აწყობილი და გამართული სისტემა, რომელიც სტუდენტს გააგებინებს, რა ხდება ამხელა ტერიტორიაზე განფენილ უნივერსიტეტში. სტუდენტამდე ინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში, აღწევს ჭორის ან სადღაც გამოკრული ოფიციალური განცხადების სახით. თუ ვინმეს დამატებითი კითხვა გაუჩნდა, ურჩევნია, დაივიწყოს: ხშირ შემთხვევაში მაინც არავინაა აზრზე, დამატებით რაიმე მიუთითოს.
  • ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა. ამას დიდი გამოძიების გარეშეც სულ მარტივად დავასაბუთებ: ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტმა, რომლის საამაყო უნივერსიტეტიც გასცემს საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს, უნდა იცოდეს ინტერვიუს აღების ელემენტარული წესები. უნდა იცოდეს, ვის რა და როგორ კითხოს. უნდა ანსხვავებდეს ჟურნალისტიკას მწერლობისაგან. უნდა შეეძლოს იმის შეგნება, რომ ნორმალური სტატია ერთ რესპონდენტთან ბაასით არ იწერება. თემის გაშუქებისას უნდა მოიშოროს წინასწარი შეხედულებები… და ეს ყველაფერი პრაქტიკაში უნდა გამოსცადოს.  თსუ-ში არის ყოველივე ამის რესურსიც და თანხაც (სახელმწიფო აფინანსებს ბოლოს და ბოლოს), მაგრამ უკვე ამდენი წელია, ვერავინ მოახერხა, აეწყო გამართული სისტემა, მოეწვია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ლექტორები და, რაც მთავარია, მონიტორინგის სამსახურისთვის აეხსნა, რომ არსებობს ისეთი ლექციები, რომლებიც არსობრივადაც და ფიზიკურადაც სცდება უნივერსიტეტის აუდიტორიას.
  • უცხო ენების პრობლემა: როდესაც უნივერსიტეტში ისწავლება რომელიმე უცხო ენა (დავუშვათ, ესპანური), რატომ უნდა იყოს მასზე გამოყოფილი მხოლოდ ოთხი სემესტრი? ამ ხნის განმავლობაში ბაკალავრიატის სტუდენტი აღწევს უმთავრესს: იწყებს ამ ენაზე აზროვნებას. შემდეგი ორი წელი, ლოგიკურად, უნდა დაეთმოს ამ ენის გამართულად ფლობას, თუმცა თსუ-ში ამის შესახებ, ალბათ, არავის უფიქრია.
  • სახელმძღვანელოების პრობლემა. ამაზე ჯერ კიდევ ჩვენს თაობას (2005 წელს ჩარიცხულებს) უნდა ამოეღო ხმა, მაგრამ ჩვენს შემდგომ მოსულებმა გვაჯობეს. სახელმძღვანელოების გარკვეული ნაწილი არის უცხო (მეტწილად, ინგლისურ) ენაზე, რომლის შესაბამის განათლებას უნივერსიტეტი ვერ იძლევა. შესაბამისად, სტუდენტს ორი არჩევანი აქვს: ან რეპეტიტორთან მოემზადოს, ან სახელმძღვანელო გადაათარგმნინოს. ამას ემატება ისიც, რომ უცხოენოვანი სახელმძღვანელოები ხშირად არც იშოვება და, უკეთეს შემთხვევაში, ბიბლიოთეკებში თითო–ოროლა ეგზემპლარად მოიპოვება. ამას მოყვება ქსეროქსზე დახარჯული უამრავი თანხა და მხედველობის გაუარესება, თუმცა ეს კიდევ სხვა თემაა. საკუთარი მაგალითი: როდესაც დიპლომატიის ისტორიას გავდიოდით, ლექტორმა ჰენრი კისინჯერის “დიპლომატიის ისტორია” თავად გვათხოვა, ჩვენ ფული ავკრიბეთ, ჯერ ასლი გადავიღეთ, შემდეგ ვათარგმნინეთ და მერე ისევ ასლი გადავუღეთ გასამრავლებლად. და ეს არ არის მხოლოდ ერთი და ორი მაგალითი. სხვათა შორის, ამ პრობლემაზე საუბარს მოყვა ის, რაც უნივერსიტეტის თვითმმართველობამ სტუდენტებთან მიმართებაში ჩაიდინა.
  • ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა უკუკავშირის სისტემის არარსებობა. ეს საკითხი იმდენად აბსურდულია, რომ წარმოუდგენელიც ჩანს, თუ როგორ შეიძლება, გადაიჭრას. თვითონ უნივერსიტეტს არ გააჩნია სურვილი, სტუდენტების აზრი მოისმინოს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს დამატებითი თავის ტკივილია. ამას სჯობს, ისევ გამზადებული და “აწყობილი” სისტემა შესთავაზონ. პირადად მეც შევსწრებივარ, როგორ გამოუცხადებია ხელმძღვანელობას სააქტო დარბაზში ან 200-კაციან აუდიტორიაში, რომ მზადაა, სტუდენტების აზრი და შენიშვნები მოისმინოს, მაგრამ როგორ, რა ფორმით, სად ან რა დროს, უცნობია. იმიტომ, რომ… იხილეთ ამ პუნქტის პირველი წინადადება.
  • და ბოლოს, თვითმმართველობა – ხიდი სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის. ვინმე სტუდენტი სებასტიანი ძალზე წესიერი ადამიანი იყო. სკოლაში კარგად სწავლობდა, ეროვნულ გამოცდებზეც 70%-იანი გრანტი მოიპოვა. რაც პირველი კურსი დაამთავრა, თვითმმართველობაში მოხვედრის სურვილი ჯერ გაუჩნდა, მერე გაუმძაფრდა. როგორც იქნა, მოახერხა და ახალი იდეებითა და პროექტებით თავგამოტენილი შეუდგა საქმიანობას. მიიხედ-მოიხედა და “ეეე, ჩვენი ძმა, რეებს ბოდავ ტო! აქ ისე იქნება, როგორც ჩვენ ვიტყვით. ფული არის და მიდი და აიღე, მეტი რა გინდა. დანარჩენს ჩვენ მოვაყომარებთ. მთავარია, ცუდი არავის დასცდეს ჩვენზე და დანარჩენში, იმენნა, როგორც გვინდა, ისე ვატრაკებთ!” (ვისაც ჩემეული ვერსია არ მოგწონთ, თქვენი ვარიანტი შემომთავაზეთ). სებასტიანი ხან აშკარად, ხან ფარულად ეცადა, რაიმე გამოსვლოდა. იგი სტუდენტი იყო და კარგად ესმოდა, მისნაირები როგორ ღიზიანდებოდნენ თვითმმართველობაში მომჯდარი ტიპების უმოქმედობით. ახლა ერთ-ერთ მათგანს ემსგავსებოდა, რომელიც “ურჩ” სტუდენტებს მუშტს უღერებდა. სებასტიანს საკუთარ თავზე ნერვები მოეშალა, განცხადება დაწერა და წამოვიდა.

ცხოვრებაში ყველაფერი, გვინდა თუ არა, გარკვეულ სისტემას ემსახურება. დედამიწაზე მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრებიც კი გარკვეული სისტემის ნაწილია, რომლის შედეგადაც ჩვენი პლანეტის ქერქი მუდმივად ახლდება. განახლება არც თსუ-ს აწყენდა, რა თქმა უნდა, მიწისძვრებისა და თავ-პირის მტვრევის გარეშე. მთავარია, არა რომელიმე სტუდენტის ან ლექტორის ან ლექტორის ან, სულაც, რექტორის ყოფნა-არყოფნა, მთავარია იმ სისტემის შეცვლა, რომელიც ყველა იქ მყოფს დღემდე არსებულ ვითარებაში აყენებს. სანამ ეს სტატუს-კვო არ შეიცვლება, სასიკეთო კარგა ხანს არაფერი მოხდება. მაგრამ საიდან უნდა დაიწყოს სისტემის ნგრევა?

ტექსტი თავდაპირველად ზურა ბალანჩივაძის ბლოგზე გამოქვეყნდა

ამავე თემაზე:

სტუდენტთა აქცია ძალადობის წინააღმდეგ

თვითმართველობიდან თვითვართველობამდე

ნაცემი სტუდენტები და გულზემჯიღისმცემი ,,თვითები”


მასალების გადაბეჭდვის წესი