კომენტარი

„ჩვეულებრივი“ ანტისემიტიზმი, ანუ თავისუფლება რონი ფუქსს

6 აპრილი, 2011 • 2567
„ჩვეულებრივი“ ანტისემიტიზმი, ანუ თავისუფლება რონი ფუქსს

შემაშფოთებელია ის საზოგადო განწყობა, რომელმაც ფუქსის და ფრენკელის გასამართლება, მანამ კი ქვეყანაში შემოტყუება განაპირობა. თავად ისრაელის პრესა მისი მოქალაქეებისთვის მზაკვრული მახის დაგებას უკანასკნელი ორიოდ წლის განმავლობაში ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაუარესებას მიაწერს. მათი ჯერ დაპატიმრება, შემდეგ კი მექრთამეობაში დამნაშავედ ცნობა ისრაელში აღიქმება მხოლოდ შუალედურ უმაღლეს წერტილად მოვლენების ჯაჭვში, რომლებიც ეკონომიკურ და პოლიტიკურ დაპირისპირებას ნაბიჯ-ნაბიჯ ამძაფრებდა. უკვე 2010 წლის სექტემბერში სახელმწიფო ფონდმა„ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ თელ-ავივურ სამშენებლო ფირმა Ashtrom International-ს მოულოდნელად მისი კუთვნილი საგარანტიო თანხები ჩამოართვა და სამცხე-ჯავახეთში გზის სამშენებლო კონტრაქტი გაუუქმა. ნოემბერში ფინანსთა სამინისტრომ ისრაელელ მსხვილ მეწარმე ავრაამ ნანიკაშვილს და ქნესეთის ყოფილ წევრ ეფრაიმ გურს სასამართლოს გარეშე დიდძალი, მათი მტკიცებით, უსაფუძვლო გადასახადი დააკისრა. ნანიკაშვილიც და გურიც, საქართველოში ისრაელის ინტერესების მრავალწლიანი წარმომადგენლები, ჯერ კიდევ 1991 წელს ფუქსის და იონას კარდასოპულოსის ფირმა „ტრამექსის“კრიზისით შეპყრობილ საქართველოს სახელმწიფოსთან დაკავშირებაში, 2010 წლის მარტის ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში კი მოწმეების სახით მონაწილეობდნენ. ის, რომ ამ ტრიბუნალმა დავა ფუქსის და კარდასოპულოსის სასარგებლოდ გადაწყვიტა, გააკვირვებს მხოლოდ მას, ვინც დასკვნას მიკერძოებულად გაეცნობა. ისრაელში და მის ფარგლებს გარეთაც ურთიერთობის გაუარესება არა მარტო ეკონომიკური წაგების თვალსაზრისით დააფიქსირეს: ის პრინციპი, რასაც საქართველო ჯერ „ტრამექსისთვის“ კანონიერად გაცემული უფლებების უკანონოდ ჩამორთმევით, წლების განმავლობაში კომპენსაციის უარყოფით,  და ბოლოს, ფუქსისა და ფრენკელისთვის ჯაშუშური მეთოდებით საქმის ჩაწყობით არღვევს, თავად კაპიტალისტური წესრიგის ფორმალურად თანაბარი გაცვლის პრინციპია. საქონლების თავისუფალი მოძრაობა მოითხოვს სამართლებრივი ჩარჩოს დაცვას ნაციონალური სახელმწიფოების საზღვრებს მიღმაც. რადგან საქართველოს შიგნით ეს ჩარჩო უკვე იმდენად ხშირად ირღვევა თავად სახელმწიფო აპარატის მიერ, ისე, რომ დამოუკიდებელი, მაშასადამე, აღმასრულებელი ორგანოების არა უშუალო, არამედ გაშუალებული ზეწოლის ქვეშ მყოფი სასამართლო ფაქტობრივად არარსებულია, მოულოდნელი არაა, რომ ამ მიმტაცებლურმა პრაქტიკამ უცხოური კაპიტალიც მოიცვა. ცნობილია, რომ ძირითადად აშშ-ს მიერ საქართველოსთვის 2008 წლის ომის შემდეგ გაწეული დახმარება იწურება. თუმცა ის, რომ უშუალო სახელმწიფო ექსპროპრიაცია უცხოურ ფირმათაგან სწორედ ისრაელელებს დაატყდებოდა თავს პირველად – ეს არც თავისთავად ცხადია, მაგრამ არც იმდენად შემთხვევითი, რომ ის კითხვა არ დაისვას, რასაც ისრაელში და სხვა დასავლეთის ქვეყნებში ისეთი პუბლიკაციებიც კი არ აყენებენ, რომლებიც სკანდალს უბრალოდ კი არ აშუქებენ, არამედ საქართველოს მთავრობას ცალსახად მკაცრადაც ჰკიცხავენ. რატომ მაინცდამაინც „ებრაელები“, როგორც უკვე სუგესტიურად მოიხსენიებს ხაზგასმით ქართული მედიის უდიდესი უმრავლესობა, პოლიტიკური ორიენტაციის განურჩევლად, ფუქსსა და ფრენკელს – თითქოს ყველა ებრაელი ისრაელის მოქალაქე იყოს, ყველა ისრაელელი კი ებრაელი?


ცუდი გემო უკვე წინა წლის 15 ოქტომბერს, ბათუმში პრემიერ-მინისტრის მიერ მიპატიჟებული მეწარმეების უეცარი დაპატიმრების მეორე დღეს, ქართული ტელევიზიის სიუჟეტებს დაჰკრავდა, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ისე კერძო სადგურისას. მამხილებელი პროპაგანდა „ფუქსის სქემას“ იგონებდა. მიმდინარეობდა ბიზნესმენის დემონიზაცია, როგორც თვალთმაქცისა, რომელმაც უსუსური ქართული მთავრობა შეაცდინა და მას ქრთამებით ეგრეთ წოდებული „კაბალური“ პირობები მოახვია თავს –  რასაც საბუთის გარეშე ამტკიცებენ, რადგანაც ლონდონის მრავალწლიან ტრიბუნალს ასეთი საქართველოს მხარემ არაფერი წარუდგინა. სიტყვა „კაბალურს“, მაშასადამე, ტირანულად „დამამონავებელს“, თითქოს ჰიპნოტური შეხმატკბილებულობით ორივე, ერთი შეხედვით, ესოდენ ერთმანეთისაგან განსხვავებული ტელემაუწყებლის სიუჟეტი მრავალგზის იმეორებდა – შესაძლოა, მას შეცდომით ებრაულ კაბალასაც კი უკავშირებდნენ. მაყურებელს თავს ეხვეოდა, თითქოს მზაკვარმა და მჩაგვრელმა „ებრაელმა“ ბიზნესმენმა, რომლის ფირმაც, რა თქმა უნდა, „საეჭვო“ წარმომავლობისაა, კეთილსინდისიერი, მაგრამ მიამიტი სახელმწიფოს ახალბედა მეთაური იმსხვერპლა – პირველი რწმუნებულება „ტრამექსის“ სახელზე საქართველოს მრეწველობის მინისტრმა ხომ 1991 წლის 4 სექტემბერს გასცა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბესარიონ გუგუშვილის და, მაშასადამე, ზვიად გამსახურდიას თანხმობით, რომელიც 2004 წლის „რეაბილიტაციის“ შემდეგ არა ნაციონალისტურ ავტოკრატად, არამედ თავდადებულ მარტვილად წარმოისახება.


ანტისემიტურ რესენტიმენტს ყოველთვის თან ახლავს მსხვერპლისა და დამნაშავისათვის ადგილების შეცვლა. თითქოს თავისთავად ცხადად, ტელესიუჟეტები, ისევე როგორც ქართულ მედიის უმრავლესობის დანარჩენი გაშუქება, ფუქსს საკუთარი პროეცირებული კლიშეს თანახმად წარმოსახავს გაიძვერად, რომელმაც ეშმაკობითა და ტყუილით შეაცდინა პატიოსანი სახელმწიფოს მესვეურები. ქრისტიანობით დომინირებულ საქართველოში ნებით ან უნებლიეთ შაბლონურ ფონად ქრისტეს ოცდაათ ვერცხლად გამყიდველი იუდას სახე აღიძვრება. ფაქტები უგულებელიყოფა. დავიწყებულია, რომ 1991 წლის ნოემბერში, როცა მინისტრთა კაბინეტმა „საქნავთობისა“ და „ტრამექსის“ ერთობლივი საწარმოს ჯერ ნავთობის ექსპლოატაციის ინფრასტრუქტურის აღმდგენისა და მისი ექსპორტიორის სახით ავტორიზება მოახდინა (დასკვნა, პ. 74), შემდეგ კი 7დეკემბერს, კიტოვანი-სიგუა-ჭანტურიას მიერ თბილისზე შეტევის მიტანამდე რამდენიმე დღით ადრე, საერთო „განზრახვის წერილს“ „დამოუკიდებელი საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებისათვის უდიდესი მნიშვნელობის“ ამ საქმის განხორციელებისათვის ხელი მოაწერა (პ. 75), საქართველოში, საბჭოთა ცენტრის მოწყვეტის შემდეგ, საჭირო თანამედროვე ტექნოლოგია გაპარტახებული ენერგომრეწველობის ასამოქმედებლად არ არსებობდა (70). ამისათვის აუცილებელიკაპიტალიც უცხოეთიდან უნდა მოზიდულიყო. ორივე უზრუნველყო სწორედ სახიფათო პირობებში რონი ფუქსმა – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო, მან თავის პარტნიორთან ერთად საქართველო არ მიატოვა. გამსახურდიას გაძევების შემდეგ, ამიტომ, თვით უწინ მისმა ოპოზიციურმა, ახლა გარდამავალმა სამხედრო საბჭომ 1992 წლის 3 მარტს „ტრამექსს“არათუ უნდობლობა არ გამოუცხადა, არამედ, „საქნავთობთან“ ერთობლივი საწარმო „ჯი-თი-აი“ დააარსებინა (77). 7 მარტს კი, იმ დღეს, როდესაც ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა და მისი მეთაურობით სახელმწიფო საბჭომ ხელისუფლება გადაიბარა, მინისტრთა კაბინეტმა რეზოლუცით 123G ფინანსთა სამინისტროს „ჯი-თი-აი“-ს რეგისტრაციაში გატარებაც დაავალა (87). ძნელად წარმოსადგენია, როგორც ნიშანდობლივად ზემოთხსენებული პირველი არხის სიუჟეტი ამტკიცებს, ამიტომ, შევარდნაძეს არაფერი შეეტყო იმის თაობაზე, რომ ამ რეზოლუციით „საქართველოს რესპუბლიკის ნავთობისა და გაზის ამჟამად ქართული პარტნიორის კონტროლის ქვეშ მყოფი და მომავალი მოწყობილობების … შეუზღუდავი, ექსკლუზიური და უწყვეტი სარგებლობის უფლება“ „ჯი-თი-აი“-ს 25 წლით გადაეცა (79). ხოლო, იცოდა თუ არა მან, უკვე არჩეულმა სახელმწიფო მეთაურმა, სახელმწიფო ეკონომიკისათვის გადამწყვეტ დარგში „კონცესიის ხელშეკრულებაზე“, რომელმაც უკვე 1993 წლის 28 აპრილს იმავე ფირმას მილსადენების ოცდაათწლიანი მოხმარების ექსკლუზიური უფლებამიანიჭა (94), ეს, არა საალბათობის მიუხედავად, სულერთიცაა: ეს ქმედება უმაღლესი პასუხისმგებელი პირის უფლებამოსილება-ვალდებულებაში შედის. რარიგ აბსურდულიც არ უნდა ჩანდეს მტკიცება, რომ ერთმა მცირე ფირმამ ძალადობის გამოყენების მონოპოლის მფლობელი სახელმწიფო აპარატის დამონება მოახერხა და ის საკუთარი „სქემის“ მსხვერპლად აქცია, ესეც ანტისემიტური რესენტიმენტის ნაწილია, რომელიც ოდითგანვე ებრაელებს იდუმალი, თითქმის ზებუნებრივი ძალებით აღჭურვავს.


ხშირია ბრალდებაც, თითქოს ფუქსმა „ქრთამი გადაუხადა ქართველ მაღალჩინოსნებს 1990-ან წლებში”, რითიც, არადა, მხოლოდ ერთ პირს, “საქნავთობის” დირექტორს 1973-დან 2004 წლამდე, რევაზ თევზაძეს გულისხმობენ. ლონდონის ტრიბუნალზე დაკითხვისას მთელი საქმის ესოდენ ფუნდამენტურად შემცვლელი ფაქტის შესახებ მან არაფერი ახსენა, ჩვენების მიცემა კი სწორედ ფუქსის და ფრენკელის დაკავების დღეს, 14 ოქტომბერს გადაწყვიტა, თუმც კი, არა თბილისის სასამართლოს წინაშე, რომელმაც ხანშესულის დაავადება მოიმიზეზა და ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად არც ვიდეო დაკითხვა დაუშვა. მექრთამეობა მევახშეობის კერძო შემთხვევაა, იმ მარადიული სტერეოტიპისა, რომლის მიხედვითაც ებრაელებს ფული აინტერესებთ და არა გული, როგორც, პირიქით, სათნოებს, ქრისტესავით, სიყვარული – და არა ვაჭრობა, რის გამოც ქრისტემ (ებრაელი) ვაჭრები ტაძრიდან განდევნა. პათოლოგიურ პროექციაში, რომელსაც ადორნომ და ჰოკჰაიმერმა პათიური უწოდეს, საკუთარი საზოგადოების არსებითი ნიშნები – ცირკულაცია, საქონლებისა და ფულის მიმოქცევა –პერსონალიზდება და კონკრეტულ შინაგან გარეულებს, ებრაელებს ეგრეთწოდებული ეროვნული ხასიათის დამღად ედებათ. შემთხვევითი არაა, რომ ყველა საინფორმაციო საშუალება სიამოვნებით იმეორებდა ფუქსის სახელს, რომელიც არა მარტო “მელას”, “მატყუარას” ასოციაციას იწვევს, არამედ, საბჭოთა კავშირიდან ცნობილი კრიმინალური სერიალის ერთ-ერთი გაიძვერა მთავარი ქურდი “ფუქსისასაც”. პროპაგანდულ საქმეში ეს სტერეოტიპები ოსტატურად იქნა გამოყენებული: მოლაპარაკება სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში, უკანონოდ აღბეჭდილ ვიდეოფირზე, ხელათ იქცევა ქრთამის შემოთავაზებად, მაშინ, როცა თავად ფუქსი დასძენს, რომ მას ხანგრძლივი სასამართლო აპელაციის თავიდან აცილების მიზნით მხოლოდ გარიგების მიღწევა სურდა. ასეთი გარიგება მაყურებელს, ცხადია, აღაშფოთებს, როცა ვიდეოფირის კომენტარებში უკვე “ქრთამზეა”  საუბარი – კანონის დარღვევა კი ის მანამ არ არის, სანამ კანონი მართლაც არ დაირღვევა: ნათელია, პარტიებისათვის ან საზოგადო ორგანიზაციებისათვის შემოწირულობების გაკეთება ან მიმზანმიმართული ბიზნესდაბანდება, ამით სასურველი გადაწყვეტილებების მიღწევა, ყიდვა-გაყიდვაა, მაგრამ ის თავისთავად შესაძლოა სრულებითაც არ არღვევდესკანონს. თავად ეს კანონია, რამდენადაც ის ფორმალურად თანასწორ, მატერიალურად კი უთანასწორო გაცვლა-გამოცვლას აშუალებს, ინდივიდის თავისუფლებისა და ბედნიერების ჩამხერგავი. თუმცა, საზოგადოება, რომელიც კაპიტალის რეალიზაციის ამ კანონს ხელოვნურად, უშუალო ძალადობით – გამოძალვით, როგორც ფუქსის მიმართ – მოხსნის, ბარბაროსობაში ვარდება.


მორიგი კლიშე, რომელიც ანტისემიტურ რესენტიმენტს ეკუთვნის და ისტორიულ და სოციოლოგიურ ლიტერატურაში კარგად გამოკვლეულია, ებრაელის უქნარად, მუქთახორად, პარაზიტად, ერთი სიტყვით, ეგრეთწოდებული მიმტაცებლური კაპიტალის, ესე იგი ფინანსურის, წარმომადგენლად წარმოსახვაა. იგი პროდუქტიულ კაპიტალს არ ქმნის, პატიოსან შრომას არ ეწევა, არამედ, მაქინაციებით ასეთ პატიოსნებს – სესხებით, პროცენტებით, თუ საჭიროა, ქრთამებითა და თაღლითობით – გაღლეტს. ყველანი ერთხმად, ყოფილი პრემიერ-მინისტრები სიგუა და ლეკიაშვილი, ლონდონის ტრიბუნალზე საქართველოს წარმომადგენლობა (პ. 105) და თვით საპარლამენტო უმრავლესობის წამყვანი დეპუტატი, პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ თბილისის სასამართლოს დასრულებამდე საჯაროდ და განმეორებით აცხადებდა, რომ ფუქსი “შანტაჟისტი” და “თაღლითია”, ირწმუნებიან, რომ “ტრამექსმა” არც საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები შეასრულა და არც, შესაბამისად, კაპიტალდაბანდება მოახდინა; ჩვენებები წინააღმდეგობრივია: მაგალითად, სიგუას თანახმად, ფირმას საერთოდ არაფერი არ შეუკეთებია ან აუშენებია, ლეკიაშვილის კი – მან მხოლოდ სუფსაში ტერმინალი გაარემონტა. ლონდონის ტრიბუნალმა კი გაარკვია, რომ პროექტის ზოგიერთი ელემენტი, “სამშენებლო სამუშაო გაჩიანის რკინიგზაზე, საპროექტო სამუშაო სუფსას პორტში და სამგორი-ბათუმის მილსადენის ტესტირება”, შესრულდა, ზოგიერთი – არც კი დაწყებულა (105). მილსადენის გარემონტება, მართალია, არ მოხდა, ვიდრე “ჯი-თი-აი”-ს 1994 წლის გაზაფხულზე ყველა სამუშაოებს შეჩერება მოუწია, როცა შეიტყო საქართველოს მთავრობის მცდელობებზე, მისთვის “კონცესია” ჩამოერთმია, მაგრამ პროექტის სხვა ელემენტები, მიუხედავად აფხაზეთში მიმდინარე ომისა და ფირმის გაძარცვისა, განხორციელდა. უკვე წვრილმანი ხდება, რომ 1995 წელს კომპანიისათვის უფლებების ჩამორთმევამდე, საქართველოს მხარეს პრეტენზია შესრულებული სამუშაოების მიმართ არასოდეს გამოუთქვამს (107), ხოლო, “კონცესიით” გათვალისწინებული საწყისი ინვესტიცია ერთი მილიონი დოლარის ოდენობით “ჯი-თი-აი”-მ ასევე გაიღო, რასაც ტრიბუნალზე დაეთანხმა თავად საქართველოს წარმომადგენლობაც (99).


თუმცა, ანტისემიტური რესენტიმენტისთვის დამახასიათებელი ისაა, რომ საწინააღმდეგო ფაქტები მას ვერაფერს აკლებენ, რადგანაც მისი არსება ხსენებულ პათიურ პროექციაში მგდომარეობს. საკუთარი განდევნილი არაცნობიერი ლტოლვები გარეშე ობიექტზე პროეცირდება. კაპიტალის ურთიერთობის აბსტრაქტული კანონზომიერების დარღვევა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მის მოქალაქეებითურთ “საერთაშორისო ურთიერთობების” – სახელმწიფოებს შორის ძალადობის – ობიექტად აქცევს, დინამიურ და გადამწყვეტად მოქმედ ებრაელებს მიეწერებათ: მათში ეზიზღებათ ის თავისუფლება, რომელსაც საკუთარ თავს ვერ უბედავენ. არსებობს თუ არა ეს თავისუფლება ან ნებისმიერი ებრაელისათვის მიწერილი თვისება რეალურად, რესენტიმენტისათვის უმნიშვნელოა. ანტისემიტიზმი მთლიანი საზოგადოების მდგომარეობის რეპრესიულობით გამოწვეულ უკმაყოფილებას ისეთ ხალხს მიაწერს, რომელიც არარეფლექტირებულ პროექციაში ერთდროულად კაპიტალის ურთიერთობას სამაგალითოდ განასახიერებს და მას არღვევს კიდეც: ებრაელი ისჯება იმ ნორმისაგან გადახრებისათვის, რომლის უფლებასაც საზოგადოების წევრები თავის თავს არ აძლევენ. ამავე დროს, ისინი ებრაელების, საკუთარივე პროექციის წარმონაქმნების, არაცნობიერად დამსგავსებისაკენ ილტვიან – ამით აიხსნება საქართველოში არსებული კლიშე ებრალი და ქართველი ხალხის ეგრეთწოდებული სულიერი სიახლოვის შესახებ. მიმეზისი, ოღონდაც, თავად რეპრესირებულია: ის კაპიტალის საზოგადოებაში და საერთაშორისო ურთიერთობებში გადარჩენისა და მოგების თვითმიზნად ქცეული პრაქტიკული მიზნის პირველობას არ უკუაგდებს. მით უფრო მწვავეა გაცხარება ებრაელებზე, რომელიც მაშინ ამოხეთქავს, როცა საკუთარი სურვილების დაუკმაყოფილებლობა – ის, რომ რეალობა არც ინდივიდისათვის, არც მთლიანად საზოგადოებისათვის ისეთი არაა, როგორიც მათ ბედნიერების საშუალებას მისცემდა – განცდილი მარცხის გამო იმდენად მწვავეა, რომ უკიდურესობამდე მიდის. ზიზღი თვლემს. “ოცდაექვსსაუკუნოვანი ძმობის” დაჟინებული მტკიცება ამ რეგლემენტირებული მიმეზისის გამოხატულებაა. ზიზღი კი ამოფეთქავს, როცა სჯიან განტევების ვაცს, რომელიც არ არსებობს. ამ ეჭვიანობის, უნდობლობის, ზიზღის მაგალითებს “ფუქსის საქმეც” უხვად მოითვლის.


ანტისემიტური ზიზღი თითქოს თვალშისაცემი აღმოჩნდა საქართველოს ერთი, თუმც კი, მხოლოდ ერთი, პოლიტიკური ძალისათვის. მან მმართველი პარტია და მისი ხელმძღვანელი პრეზიდენტი სააკაშვილი პირდაპირ ანტისემიტიზმში დაადანაშაულა და მისი დამოკიდებულება ებრაელების მიმართ ნაცისტური გერმანიისას შეადარა. ეს კი, რამდენად პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, თავად ანტისემიტიზმის გამოხატულებაა, რომელიც საზოგადოებაში ზოგად განწყობაზეც მეტყველებს. ცხადია, ფუქსს, ფრენკელს და სხვა ისრაელელ ბიზნესმენებს საქართველოს სახელმწიფო ორმაგი სტანდარტით, მაშასადამე, განსაკუთრებულად ექცევა, ჯერ-ჯერობით, სხვა უცხოელ მეწარმეებთან შედარებით, რამდენადაც მათ ქონებას უკანონოდ ართმევს, მათ უფლებებს ლახავს, ასი მილიონი დოლარის ჯარიმის თავიდან ასაცილებლად საჩვენებელ პროცესს უწყობს. თუმცა, ეს ვერ შეედრება გერმანულ მესამე რაიხში ექვსი მილიონი ევროპელი ებრაელის ასიათასობით გერმანელისა და მათი დამქაშების მიერ გეგმაზომიერ განადგურებას გაზის კამერებში, მასობრივი დახვრეტებით, შიმშილით სიკვდილის მარშებში. გიორგი გუგავა შოას რელატივიზაციას ახდენს და ამით ამ შეუდარებელი კატასტროფის მსხვერპლთ სულმდაბლად დასცინის. ცხადი ხდება, რომ მას არც ფუქსის და ფრენკელის ბედი აწუხებს, მათი დაუყონებლივი განთავისუფლების მოთხოვნა კი ნიშნის მოგებით ითქმის, რომ მისი პარტია საქმეს უკეთესად მოაგვარებდა. საქართველოში, როგორც ჩანს, დიდი შემოტრიალება ხდება: აქ მთავრობა იმ, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ ანტისემიტიზმს ეყრდნობა და აღვივებს, რომელიც ყოველდღიურ ბაზისზე, სხვადასხვა ინტენსიურობით, ნებისმიერ თანამედროვე საზოგადოებაში არსებობს – და რომელიც ვაიმარის ეპოქის გერმანიაში საბოლოოდ ნაციონალ-სოციალიზმში და განმანადგურებლურ ანტისემიტიზმში გადავიდა.


სააკაშვილის, გილაურის და სხვა სახელმწიფო მოხელეების ქცევა სკანდალიცაა და საშიშიც. ის არა უბრალოდ პოლიტიკური კურსის შეცვლაზე უთითებს, რაც 2008 წლის ომის შემდეგ თანდათან მწიფდებოდა და თავის უპირველეს გამოხატვას თეოკრატიულ ირანთან დაახლოებაში პოულობს, მაგალითად, სავიზო რეჟიმის გაუქმებაში, რამაც არა მარტო საქონლების, არამედ ირანის რეჟიმის მიერ დაფინანსებული ტერორიზმისთვისაც მიმოსვლა გაადვილა. ის მასშტაბი, რომლითაც მომზადებული იყო ფუქსის მახეში მოქცევის ოპერაცია, რომელშიც ჩართული იყო პროკურატურა, სასამართლო, ფინანსთა სამინისტრო და პრემიერ-მინისტრის აპარატი, ისრაელელი მეწარმეების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიზანმიმართულ  და წინასწარ ორგანიზებულ ოპერაციას ცხადყოფს. დაუყონებლივი პასუხი ისრაელიდან, პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძის უკან გაწვევა, პრეზიდენტ შიმონ პერესის სატელეფონო ზარი პრეზიდენტ სააკაშვილთან, ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალიასთვის მოწვევის შეწყვეტა – ეს ყველაფერი, კვლავაც ფაქტების საწინააღმდეგოდ, როგორც ურთიერთობის გაუარესება, უარიყოფა. საქართველოს მთავრობა უარყოფს რეალობას, და ესეც ანტისემიტური პათიური პროექციის ნაწილია: დამნაშავე ისრაელი და ისრაელელი ბიზნესმენებია, საქართველო კი ყველაფერს წესით და რიგით აკეთებს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ისე საქართველოს პრეზიდენტმა სწორედ ასე უპასუხეს ყველა შეკამათებას: ხაზი გაესვა, რომ საქართველო უკვე წესიერი და ნორმალური სახელმწიფოა.


ამ პათიურ პროექციაში სახელმწიფო აპარატები მხოლოდ საზოგადოების ფართო წრეებიის განწყობას ერყდნობიან. ანტისემიტური რესენტიმენტით მოხელმძღვანელე პოლიტიკის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი არსადაა. ისრაელის წინააღმდეგ კურსის უეცარ შემოტრიალებას რაციონალური ახსნა არა აქვს – ისევე, როგორც არც ანტისემიტიზმშია არაფერი ჩვეულებრივი. ის ნებისმიერი თანამედროვე საზოგადოების პერმანენტული ძალადობით გამოწვეული პათოლოგიური რეაქციაა. ამ საზოგადოებაში ინდივიდი ჩანაცვლებადი და განადგურებადია: ამას ყოველი მისი წევრი ფარულად გრძნობს და ამის ეშინია. საზოგადოების სტრუქტურები კი, მისი აბსტრაქტული ბატონობა, ინდივიდის წინაშე ყოვლისშემძლედ ჩანს. საკუთარ უძლურებაზე და მის მიზეზებზე რეფლექსიის ნაცვლად, სუბიექტი ამ ყოვლისშემძლე სტრუქტურების გარეშე ობიექტში ლოკალიზებას ახდენს, მათთვის პერსონალურ მოქმედ პირს იგონებს. ესაა ებრაელი. “ანტისემიტიზმი”, ამბობს თეოდორ ვ. ადორნო “მინიმა მორალიაში”, “არის ჭორი ებრაელებზე”. არავინ არაფერი არ იცის, მაგრამ ყველა ყველაფერს ხვდება: საეჭვო საქმის უკან ეშმაკი ებრაელები დგანან. საზოგადოებაში, სადაც ჭეშმარიტი თავისუფლება ყველასთვის არარეალიზებადი რჩება, იმის საფრთხეც, რომ ანტისემიტური შეშლილობა ჯებირს გაირღვევს, მუდმივია. საქართველოს მთავრობამ გამოცხადებული დასავლური ღირებულებებიც კი, მაშასადამე, კაპიტალისტური ურთიერთობა და მისი გამაშუალებელი სამართლის ფორმა, უკუაგდო. ეს არის ხელის გაქაჩვა დამამონავებელი საერთაშორისო ურთიერთობების, რომელიც თავისუფალი ქმედების ილუზიის ქვეშ მოქმედ სახელმწიფოს მარცხს აგემებს, რადგანაც ამ ურთიერთობათა ძალადობა დამრთგუნველია, ასევე ღია ძალადობით გადალახვისაკენ. ამ საბედისწერო მოძრაობას უპირისპირდება მატერიალისტური კრიტიკა, რომელიც ადამიანთა ბედნიერების იმედს არა კაპიტალისა და სახელმწიფოს ურთიერთობის უარყოფით გადალახვაზე, არამედ მის გონიერ მოხსნაზე ამყარებს. ეს კრიტიკა უარყოფს ნებისმიერ რეგრესიულ ტენდენციას ბუნებრიობისაკენ დაბრუნებისა კანონის და ბურჟუაზიული წესრიგის შიშველი ძალადობის სასარგებლოდ გაუქმებით, რისი ემბლემაც “ფუქსის საქმეა”. ის აცნობიერებს, რომ დასავლური განმანათლებლობის დიალექტიკურ პროცესში სწორედ კაპიტალისტური რაციონალიზაცია და მის მიერ დამკვიდრებული მართული სამყარო, რომელიც არა ადამიანის ბუნების განთავისუფლებას, არამედ მის დამორჩილებას ემყარება, თავის საწინააღმდეგოში გადადის და პროგრესთან ერთად რეგრესის მატარებელიც ხდება. მისი ჩვეული გამოხატულებაა რესენტიმენტი ებრაელების მიმართ, რომელიც საქართველოში “ფუქსის საქმით” ამძვინვარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი