კომენტარი

ახლაც მგონია, რომ სწორად ვიქცევი

31 მარტი, 2011 • 1288
ახლაც მგონია, რომ სწორად ვიქცევი

ჩემთვის დიდი ტრავმაა, როცა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ აღმოჩნდება, რომ შეცდომა დავუშვით. არ ვკეკლუცობ, მართლა მთელი კვირა ვფიქრობდი, როგორ ამეხსნა წინა ნომრის მთავარ თემაში დაშვებული შეცდომა. სტატია – “ბათუმის მერი მეზობლებთან ანგარიშს ასწორებს”, ჩემი აზრით, სკანდალურიც იყო და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანიც, მაგრამ ამ ერთმა შეცდომამ  ჩრდილი მიაყენა.

“სასამართლო გადაწყვეტილების ახალ გარემოებათა აღმოჩენის მოტივით განახლებას 5-წლიანი ვადა გასდიოდა. ამიტომაც ჩხაიძემ აბრამოვი მოისყიდა. რადგან აბრამოვის ჩამოყვანა ბათუმში ვერ მოახერხა, ამიტომაც მისი ხელწერა გააყალბეს (ჩვენ ასე ვფიქრობთ) და განცხადება სასამართლოში შეიტანეს”, – აცხადებს პოღოსიანის ადვოკატი ირმა ზოიძე.

“ბათუმელების” მიერ დაშვებული შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ზემოთ ბრჭყალებში ჩაწერილი ციტატის შემდეგ უნდა დაგვეწერა არა ადვოკატი ირმა ზოიძე, არამედ სხვა სახელი და გვარი – იზო გიორგაძე…

ზუსტად ვიცი, რომ ბათუმის მერიაში ამ შეცდომას დიდხანს დაიმახსოვრებენ და ძალიან ბევრჯერ შეგვახსენებენ კიდეც;  ჩემი ვარაუდით, უკვე რიგიც კი შეიძლება იდგეს მერიაში, თუ ვინ უფრო ოპერატიულად წაიქილიკებს ემზარ დიასამიძის (ეს შეცდომა რომ არა, მართლა საინტერესო სტატია გამოვიდა – “ბათუმის მერი მეზობლებს ანგარიშს უსწორებს”) ამ შეცდომის გამო. ამ საქმეში ყველას პრეს სამსახურის ხელმძღვანელმა ირინა შერვაშიძემ დაასწრო – ემზარს დაურეკა და გადაუწყვიტა – სტატია “ნა კრუჟკუ პივა” დაგიწერიაო.

ქალბატონი ირინა შერვაშიძის ამ “მონდომების”  შესახებ, რომლის ერთადერთი ფუნქცია ის არის, თუ როგორ შეუშალოს ხელი ჟურნალისტებს ინფორმაციების მოპოვებაში (ეს ჩემი აზრია და საჭიროების შემთხვევაში დავამტკიცებ კიდეც), “ბათუმელებში”  არაფერი დაიწერებოდა, მაგრამ ამ თემაზე გასულ კვირას ბათუმის მერის შენიშვნაც მოვისმინე.

რობერტ ჩხაიძის აზრით, „ბათუმელებს“  ქალაქის მერთან დაკავშირებით მიზანმიმართულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში. ბატონი რობერტის შეფასებით, მას კომენტარებისთვის სპეციალურად არ მივმართავთ…

ახლა მხოლოდ იმას ვივარაუდებ, რისი თქმაც მერთან პირადი საუბრის დროს ვერ მოვახერხე: ეტყობა ბატონმა რობერტმა არ იცის, რომ  1. არათუ კომენტარი, არამედ ოფიციალურად გამოთხოვილ ათობით ინფორმაციაზე ვერ მიიღო „ბათუმელებმა“ მერიიდან პასუხი. 2. ამის გამო სასამართლოშიც კი ვუჩივლეთ მერიას და პროცესიც მოვიგეთ. 3. რაც შეეხება ადმინისტრაციული კოდექსის ის მუხლი, რომელიც ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემას ითვალისწინებს, მერიაში საერთოდ იგნორირებული აქვთ.

ამ საკითხზე ერთსაც ვიტყვი – რთულია „ბათუმელებისთვის“  ასეთ პირობებში მუშაობა, მაგრამ ინფორმაციის დაბლოკვა არ არის ის მეთოდი, რაც გაზეთის გაჩერებას გვაიძულებს.

ახლა კი მკითხველისთვის კიდევ ერთი განმარტება: ამ ნომრის მთავარი თემა სულ სხვა იყო  და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კონკრეტულად კი, ემზარ ძირკვაძის მინისტრობის (ამჟამად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის მრჩევლის) პერიოდში ჩატარებული აუქციონებით სამართალდამცავების დაინტერესებას ეხებოდა. გაზეთის სტამბაში გაგზავნამდე რამდენიმე საათით ადრე შევცვალეთ მე-3 გვერდზე განთავსებული სტატია და იგი ისევ ბათუმის მერს უკავშირდება, მაგრამ არც ამ სტატიაში – „მუქარა ბათუმის მერის სახელით“, გვაქვს რობერტ ჩხაიძის კომენტარი.

მართალია, ლელა დუმბაძემ, სტატიის ავტორმა, კატეგორიულად გააპროტესტა ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ მე ვსარგებლობ მთავარი რედაქტორის უფლებით და ამ სტატიასაც რობერტ ჩხაიძის კომენტარის გარეშე ვბეჭდავ. მიზეზი –  ინტერვიუში ქალაქის მერი არაფერს ამბობს საქმის არსთან დაკავშირებით და მისი კომენტარი, ძირითადად, „ბათუმელების“ მხრიდან მის იგნორირებას ეხება, რაც საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ინფორმაციას არ შეიცავს.

ამავე თემაზე:

მუქარა ბათუმის მერის სახელით

ბათუმის მერი მეზობლებთან ანგარიშს ასწორებს

მასალების გადაბეჭდვის წესი