კომენტარი

მაუწყებლობის პრიორიტეტები 3 წლიანი კვლევით

23 მარტი, 2011 • 2027
მაუწყებლობის პრიორიტეტები 3 წლიანი კვლევით

კახი ყურაშვილი
კახი ყურაშვილი

ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაიწყებს. ამასთან დაკავშირებით ზეპირ მოსმენას კომისია 5 აპრილს გამართავს, რის შემდეგაც, 10 დღის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას. ლიცენზიის მაძიებლებისთვის ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს კომისია საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრავს.

ვინ და როდის ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა? რა შედეგები დაიდო კვლევის შედეგად და როგორ მოხდება სიხშირეების განაწილება ლიცენზიების მაძიებლებისთვის? – ამ და სხვა საკითხებზე „ნეტგაზეთი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს კახი ყურაშვილს ესაუბრა:

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტის განსაზღვრისთვის დასრულებულია და კომისიას უკვე დაწყებული აქვს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რაც არის სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის წინაპირობა.

კვლევა გამოქვეყნებულია?

საიტზე გამოქვეყნებულია ცნობა, რომ კვლევა  ხელმისაწვდომიa ყველასთვის. ასევე გამოქვეყნებულია ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღიც. დოკუმენტაცია არის ღია.

ჩვენ შეგვიძლია გავეცნოთ კვლევის შედეგებს?

თქვენ უნდა დაწეროთ განცხადება და გაითხოვოთ აღნიშნული კვლევა, ჩააბაროთ კანცელარიაში, დაითვლება ფურცლები, თითო ფურცელში 5 თეთრი უნდა გადაიხადოთ და მოგცემენ კვლევას.

რომელმა კომპანიამ ჩაატარა ეს კვლევა?

„ბისიჯი კვლევამ“, სოციოლოგიური კვლევის ცენტრმა, რომლის დირექტორი ანა თარხნიშვილია. კვლევა დაიწყო 2008 წლის 23 ოქტომბერს და იგი ცენტრმა რამდენჯერმე წარმოგვიდგინა.  მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი რამდენჯერმე არ მოვუწერეთ. პირველ ნაწილს აკლდა კვლევა სათემო მაუწყებლობასთან დაკავშირებით, გამოკვლეული იყო მხოლოდ კერძო მაუწყებლობის სპეციალიზირებული და საერთო, ანუ ხარვეზიანი წარმოადგინა, რის გამოც უარი ვუთხარით ჩაბარებაზე. 2009 წელს სათემო კვლევაზე  საველე სამუშაოები ჩაატარეს და წარმოადგინეს, მაგრამ არ იყო ზონების მიხედვით დალაგებული. 25 სამაუწყებლო ზონაა და ამის მიხედვით უნდა მოხდეს ლიცენზიის გაცემა. საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა კი იყო ჩატარებული, მაგრამ არ იყო დალაგებული ზონების მიხედვით.

და არ იცოდნენ, რომ ზონების მიხედვით უნდა გაეკეთებინათ?

კი, როგორ არ იცოდნენ.

მერე რატომ არ გააკეთეს?

ეს თავად „ბისიჯის“ უნდა კითხოთ.

თქვენ რა პასუხი მოთხოვეთ?

ჩვენ ხელშეკრულების გაუქმებით დავემუქრეთ.

როგორ აირჩიეთ ეს კომპანია?

„ბისიჯი კვლევასთან“ 2007 წელს გავაფორმეთ ხელშეკრულება და გადავეცით ჩვენს მფლობელობაში არსებული “ფიფლ მეტრები”. ეს არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის საშუალება, რომელიც ოჯახების ტელევიზორებზე  მათივე თანხმობით მონტაჟდება. მისი საშუალებით ადგენენ მონაცემებს, ვინ რა არხს უყურებს და რა პერიოდულობით. რომელი პროგრამებია უფრო რეიტინგული და რომელი– არა.

ეს 500 “ფიფლ მეტრი” ჩვენ მიერ არის შეძენილი. მათ ჩვენი აპარატურით სარგებლობის უფლება მივეცით, გადავეცით დროებით სარგებლობაში იმ პირობით, თუ ისინი უსასყიდლოდ, ტექნიკური ხარჯის გამოკლებით, გაგვიკეთებდნენ კვლევას ორ წელიწადში ერთხელ. ეს ხელშეკრულება გაფორმებული იყო 2007 წელს. 2008 წელს კი მივმართეთ კვლევის ჩატარების მოთხოვნით.

ამ დროის მანძილზე მათ ორი კვლევა უნდა ჩაეტარებინათ, არა?

წესით კი. იცით, რა მომენტია? – მათ ვადები დაარღვიეს, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ 2008 წელს შეკვეთილი კვლევა 2009 წლის ბოლოს მოგვცეს, ჩვენ  შედეგების დადასტურება ახალი საველე სამუშაოებით მოვთხოვეთ,  კომპანიების, დაინტერესებული პირების მხრიდან სადავო რომ არ გამხდარიყო, რომ საველე სამუშაოები 2008 წლის ბოლოს იყო ჩატარებული.

ანუ 2009 წელს კვლევა დასრულებული იყო?

მოსახლეობის გამოკითხვა განხორციელდა 2008 წლის ბოლოს და 2009 წლის პირველ ნახევარში. კანონის მოთხოვნაა, რომ კვლევა ჩატარდეს ორ წელიწადში ერთხელ, რადგან საზოგადოებრივი აზრი და ინტერესები იცვლებიან. საზოგადოებრივი აზრი იცვლება, მაგალითად, ომამდე და ომის შემდეგ. როდესაც პოლიტიკური ვითარება დაძაბულია, საზოგადოებრივი ინტერესი უფრო მაღალია პოლიტიკური ინფორმაციის მიღებისადმი, პირობითად რომ ავიღოთ, მაგალითისთვის გეუბნებით. როდესაც პოლიტიკური ვითარება სტაბილურია, მაშინ ასეთი ინტერესის კოეფიციენტი დაბლა იწევს.

ანუ თქვენ თავად გადაწყვიტეთ, რომ ეს იქნებოდა რეალობასთან არაადეკვატური?

არა, ჩვენ არ გადაგვიწყვეტია. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ აღნიშნული მონაცემები უნდა დადასტურებულიყო ახალი საველე სამუშაოებით, რაც განახორციელა კიდევაც კვლევითმა ორგანიზაციამ და ამ ეტაპისთვის გვაქვს კვლევის შედეგი, რომელზეც ორჯერ ჩატარდა საველე სამუშაოები და ორჯერ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, ანუ ვერავინ  შემოგვედავება იმაში,  2008 წელს კვლევა რომ ჩაატარეთ, 2011 წელს რატომ ადგენთ პრიორიტეტებსო.

და მაშინვე, ანუ 2009 წელს, როდესაც მიიღეთ კვლევის შედეგები, რომ დაგეწყოთ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და თავად საზოგადოებას გამოეთქვა პრეტენზიები ან არგუმენტები კვლევის შედეგების მიმართ, ამაზე არ გიფიქრიათ?

საზოგადოებრივი აზრის კვლევას უზრუნველყოფს მარეგულირებელი კომისია. კომისია ადგენს პრიორიტეტებს. თუ კომისია თავად არ არის დარწმუნებული, რომ  საზოგადოებრივი აზრი, კვლევის შედეგი ასახავს საზოგადოების ინტერესს,  ბუნებრივია, იგი არ დაელოდება, რომ რომელიმე დაინტერესებულმა პირმა თქვას ეს.

ანუ თქვენ არ იყავით დარმწუნებული, რომ კვლევის შედეგი იქნებოდა რეალობის ადეკვატური?

კომისიამ თავისი ინიციატივით მოითხოვა აღნიშნული ინფორმაციის, საველე სამუშაოების განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით წარმოდგენა.

„ბისიჯის“ სამთვიანი ვადა მივეცით, მერე ოფიციალურად გვთხოვა ერთი თვით გახანგრძლივება. შემდეგ იმდენი ხარვეზი გამოვასწორებინეთ, რომ რეალურად წელიწადზე მეტია ამ კვლევას აკეთებდა. კომისია დადგა საშიშროების წინაშე, რომ თუ ამ კვლევის შედეგს ბრმად  დაეყრდნობოდა და დაადგენდა პრიორიტეტებს, შეიძლებოდა სადავო გამხდარიყო,  რამდენად ადეკვატური იყო  შედეგები პრიორიტეტების დადგენის ეტაპისთვის არსებული საზოგადოებრივი აზრისა. სწორედ ამიტომ, სანამ “ბისიჯი” ოფიციალურად წარმოადგენდა კვლევას, კომისიამ  მას მოითხოვა, დაედასტურებინა ის შედეგები, რაც კვლევის შედეგად მიიღო, რაც გააკეთა კიდეც „ბისიჯი კვლევამ“.

გამართლდა თქვენი ეჭვები? არის მნიშვნელოვანი სხვაობა ამ ორ კვლევას შორის?

კორექტივები არის. მაგალითად, სათემო მაუწყებლობასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ მასზე მოთხოვნა იქნებოდა. თუმცა გაირკვა, რომ საერთოდ არ არის მოთხოვნა სათემო მაუწყებლობაზე. მოსახლეობა ასეთ განმარტებას იძლევა, რომ საკაბელო ოპერატორები იმდენად კარგად უზრუნველყოფენ სხვადასხვაენოვანი არხების ტრანზიტს, რომ საჭიროება,  სათემო მაუწყებლობა რომ შეიქმნას, არ არის.

პრიორიტეტი უფრო საინფორმაციო მაუწყებლობაზეა, თუ გასართობზე?

რომ გაითხოვთ ინფორმაციას, ამას მერე ნახავთ.

წინასწარ ვერ იტყვით?

იცით რა არის? – უნდა წავიკითხო, რადგან შეიძლება ზუსტად არ მახსოვდეს…  მე რომ წინასწარ რაღაც გითხრათ, მერე თქვენ იქიდან მიაბამთ კუდს და აქედან მოაბამთ და მერე ვეღარ ვიცნობ ჩემს ნათქვამს გაზეთში. სჯობს ოფიციალურად გაითხოვოთ ეს ინფორმაცია და თვითონ გააკეთოთ დასკვნები.

რამდენი ლიცენზიის მაძიებელია თქვენთან ამ დროისთვის რეგისტრირებული?

ლიცენზიები, რომლებზეც წარმოება გვაქვს შეჩერებული, არის დაახლოებით 15, არაუმეტეს ოცისა.

რა ტიპის ლიცენზიებზეა მოთხოვნა?

ყველანაირი ლიცენზიაა მოთხოვნილი – თანამგზავრული, საკაბელო, სპეციალიზირებული, საზოგადოებრივ–საინფორმაციო. უარი არც ერთს არ აქვს მიღებული. ყველაზე არის წარმოება შეჩერებული. როგორც კი დადგინდება პრიორიტეტები, ავტომატურად განახლდება ყველა სალიცენზიო განაცხადზე წარმოება.

რაიმე ლიმიტი იქნება დაწესებული?

საკაბელოებზე, სადაც ამოწურვადი რესურსი არ გამოიყენება, თვითონ უნდა იყიდოს კაბელი და გააბას, იქ არ იქნება ლიმიტი დაწესებული. რაც შეეხება ეთერს, კომისია კი არ ადგენს ლიმიტს, ბუნება ადგენს. სიხშირე თუ არის ამ ზონაში 5, ხუთი შესაძლებლობაა, თუ იმ ზონაში არის 1, ერთი შესაძლებლობაა, ჩვენ თავისუფალი სიხშირის ზონაზე გამოვაცხადებთ კონკურსს და  მონაწილეობის მიღება იქ ყველას შეეძლება.

5 აპრილამდე ველოდებით წინადადებებს და პოზიციებს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი გვავალდებულებს, რომ ცნობა წარმოების დაწყების შესახებ 20 სამუშაო დღე უნდა იყოს გამოქვეყნებული.

ვალდებულება იმის, რომ კვლევა გამოაქვყენოთ, არ გაქვთ?

ვალდებულება გვაქვს, რომ მასალები უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ნორმები არ არის დადგენილი. ხელმისაწვდომია ყველასთვის.

მაგალითად, ჩვენ რომ ჩავაბარებთ დღეს განცხადებას, რამდენ ხანში მივიღებთ, ათ დღეში?

ათი დღის ვადა ნამდვილად არ ჭირდება, მიიღებთ მას შემდეგ, რაც ერთ ფურცელში 5 თეთრს გადაიხდით.

მომავალში ისევ “ბისიჯისთან“ ითანამშრომლებთ?

ოცი ათას ლარამდე, საერთო ტექნიკური უზრუნველყოფის თანხა გადავუხადეთ „ბისიჯის“.

წინასწარ პროგნოზებს არ ვაკეთებ, არ ვიცი, მომავალში რა იქნება. მართალია, მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას, მარეგულირებელი იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ კომპანიასთან არ მქონდეს ურთიერთობა. უბრალოდ, სისხლი გამიშრო ამ კვლევის ჩატარების დროს.

რა მეთოდოლოგია გამოიყენეს?

წერია იქ. სამი ათასი ადამიანი გამოიკითხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი